პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილ თანამშრომლებს – მალხაზ ღვინიაშვილს, ნუგზარ მარღიას, ზაზა ხარაიშვილს, ვახტანგ გუგუციძეს, დავით ჩიხლაძესა და დავით ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდათ.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა მიიღო.

რაც შეეხება სასჯელაღსრულების ამავე დაწესებულების კიდევ ერთ ყოფილ თანამშრომელ ოლეგ ფაცაციას, პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას არ ითხოვდა.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე გუშინ დააკავეს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს, რომელთან დაკავშირებითაც, N8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით (მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამცირება, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს მათ) გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად აირჩიეს
შემდეგი სტატია„გადასანაწილებელი ხმები დარჩა? – ამ ხმებს ნურავინ აიღებს, პარლამენტის წევრთა რაოდენობა ცვალებადი იყოს“ – ირმა ინაშვილი