“პარტია “ქართულ ოცნებას” 10 მინისტრი ჰყავს და პროცესებზე მეტი პასუხისმგებლობაც მან უნდა იტვირთოს”

ვისაც ათი მინისტრი ჰყავს, პროცესებზე მეტი პასუხისმგებლობაც მან უნდა იტვირთოს, – ამის შესახებ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

სანიკიძის განმარტებით, ასეთი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა”, რომელიც, როგორც კოალიციის წამყვანი ორგანიზაცია, წარმატებაზეც და დამარცხებაზეც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი.

ინტერვიუში დეპუტატი კოალიცია “ქართული ოცნების” შექმნის მიზეზებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2012 წელს იდეოლოგიური კოლიაცია არ შექმნილა და ეს მხოლოდ საარჩევნო გაერთიანება იყო.

მისივე თქმით, პარტია “ეროვნული ფორუმი” კოალიციის დატოვებას არ აპირებს.

“ვერ ვხვდები სერიოზულ მიზეზს, რატომ უნდა დავტოვოთ კოალიცია. შესაძლოა გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ პრინციპები საერთო გვაქვს. კოალიცია თვითშეზღუდვას გულისხმობს, ჩვენს პარტიას კი კოალიციისთვის პრობლემები არასდროს შეუქმნია, არც კვოტებზე. კოალიციაში ვისაც მეტი წილი ხვდა, ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება…

მთავრობაში “ეროვნულ ფორუმის” წევრები მაღალ თანამდებობეზე არ არიან წარდგენილები. აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრი არ გყავს, პარლამენტში კი მხოლოდ ორი – ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი გვაქვს. ვიღაცეები ამას ჩვენ სისუსტედ მიჩნევენ, მაგრამ მე განსხვავებული პოზიცია მაქვს – მნიშვნელოვანი თანამდებობა კი არა, გავლენაა. ვისაც ათი მინისტრი ჰყავს, პროცესებზე მეტი პასუხისმგებლობაც მან უნდა იტვირთოს. კოალიციაში პარტია “ქართული ოცნება” წამყვანი ორგანიზაციაა, ამიტომ როგორც წარმატებებზე, ისე დამარცხებაზე, პასუხისმგებლიც ის არის”, – აღნიშნავს საკინიძე.

დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ “ეროვნული ფორუმი” სამთავრობო გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობს, “რადგან მთავრობაში პარტიის წარმომადგენელი არ არის.”

“ჩვენ არ გვყავს მთავრობაში წარმომადგენელი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი სპეციალისტები არ გყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საკადრო შესაძლებლობებზე კარგი წარმოდგენა გვაქვს, კოლეგები თვლიან, რომ მათ მართვა უკეთესად შეუძლიათ. კი ბატონო, ხელს არ შევუშლით”, – აცხადებს სანიკიძე.

banner
წინა სტატიაში
შემდეგი სტატია15-17თებერვალს საქართველოში ტემპერატურა 20 გრადუსამდე გათბება