ფაროსანა და თბილისის ბიოლოგიური ლაბორატორიის თემა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სურსათის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ალან მარგიევი ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტო “რესთან” საუბარში ამბობს, რომ აზიური ფაროსანა ე.წ. სამხრეთ ოსეთში, შესაძლებელია, საქართველოდან გავრცელდეს, რადგანაც საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორია მოქმედებს. გამოცემის ინფორმაციით, მარგიევი ციტირებს რუსეთის მომხმარებელთა ზედამხედველობის სამსახურს -ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამოქვეყნდა.

პირველად არ ხდება, როცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკა ქართულ-ამერიკულ ბიოლოგიურ ლაბორატორიას უკავშირებს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე გავრცელებულ სხვადასხვა დაავადებებს. გასულ 2017 წელს ოსურმა მხარემ ლაბორატორიასთან დაკავშირებით ისაუბრა, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, ამავე დროს, მათ მაგალითად არ მოუყვანიათ არც ერთი დაავადება. სინამდვილეში, თვითგამოცხადებული რესპუბლიკა რუსული მხარის პოზიციებს აჟღერებს “ლუგარის ლაბორატორიაზე”. კრემლი ირწმუნება, რომ საქართველო ამ ლაბორატორიაში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებს, რაც რუსეთს და რეგიონს უქმნის საფრთხეს. მსგავსი პოზიცია არა ერთხელ დაუფიქსირებიათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და სხვა რუს მაღალჩინოსნებს.

საქართველოს ბიოლოგიური ლაბორატორია რამდენჯერმე ახსენა რუსულმა მედიამ აშშ-სა და კოალიციის მიერ სირიაში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რომელიც ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო განხორციელდა. რუსეთი კოალიციის დაბომბვების საპასუხო მოქმედებებზე ჯერ კიდევ ფიქრობს და სავარაუდოდ, ეს პასუხი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის იმაზე, მხად არის თუ არა რუსეთი ახალი კონფლიქტებისთვის. თუ არა, მაშინ, მისი პასუხი შესაძლებელია, მხოლოდ სანქციებით შემოიფარგლოს. ასევე, რუსეთში არსებული ეკონომიკურ-პოლიტიკური ფონის გათვალისწინებით, რუსეთი სავარაუდოდ, სანქციებით შემოიფარგლება. საპასუხო მოქმედების პოლიტიკური პასუხი კი, შესაძლებელია უფრო მძიმე და გამორიცხული არ არის, მოულოდნელიც აღმოჩნდეს. ასევე, გამორიცხული არ არის ბიოლოგიური ან ქიმიური სახის პროვოკაციები ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველო ვერ გააკონტროლებს და ასევე, უკვე წლების მანძილზე მომზადებული ფონით, ქართულად გაასაღებს დე-ფაქტო მიზეზებისთვის.

თბილისის ბიოლოგიური ლაბორატორია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პარტნიორია. ლაბორატორიაზე დაკვირვება კი აშშ-ის და საერთაშორისო ჯანდაცვის მკაცრი სტანდარტებით ხორციელდება. შესაძლებელია, ამ განმარტების მოსკოვსაც სჯეროდეს, მაგრამ ოფიციალურად “შეშფოთების” პოზიცია უფრო აწყობს.

ნიკა ერისთავი

banner
წინა სტატიაშიარ ვფიქრობ, რომ შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული
შემდეგი სტატიაე.წ უდო-მ რატომ დაუმალა კომისიას ინფორმაცია