პარლამენტში ნდობის ჯგუფი შეიქმნა

მეცხრე მოწვევის პარლამენტის დაახლოებით ერთწლიანი საქმიანობის შემდეგ, ნდობის ჯგუფი დღეს შეიქმნა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს ნდობის ჯგუფის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გააცნო.

სესიაშვილის ცნობით, ამჟამად, ნდობის ჯგუფი ხუთი წევრის ნაცვლად, ოთხი წევრით შეიქმნება. იქედან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით, ნდობის ჯგუფის შემადგენლობას დამტკიცება არ სჭირდება, დღევანდელ სხდომაზე საკითხი ცნობად იქნა მიღებული. ნდობის ჯგუფის წევრები იქნებიან – ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე და ირაკლი აბესაძე.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ნდობის ჯგუფი ამ დრომდე არ შექმნილა, მიზეზი ერთი სადაო კვოტაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ვერ ინაწილებენ, რომელთაც ჯგუფში სალომე სამადაშვილისა და ირმა ინაშვილის კანდიდატურები წარადგინეს.

აღნიშნულ დეპუტატებს დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა სჭირდებათ, რომელიც ოპონენტებს მოუწოდებს, მხარი მის კანდიდატურას დაუჭირონ.

რაც შეეხება ნდობის ჯგუფის მიერ განსახილველ საკითხებს, კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ნდობის ჯგუფს ინფორმაციას წარუდგენენ განსახორციელებელი საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, თუ შესასყიდი საქონლის ან მომსახურების სავარაუდო ღირებულება აღემატება ორ მილიონ ლარს, ხოლო შესასყიდი სამშენებლო სამუშაოს სავარაუდო ღირებულება – ოთხ მილიონ ლარს.

banner
წინა სტატიაშიარჩევნები 12 ნოემბერს გაიმართება – ვლადიმერ ბოჟაძე
შემდეგი სტატიაიმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც შენგენის ზონაში ყოფნის პირობები დაარღვიეს, მოგზაურთა საერთო რაოდენობასთან შედარებით, მცირეა