პარლამენტში მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს უსმენენ.

ჯანელიძე დეპუტატებს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის (ROADMAP2EU) კონცეფციას აცნობს, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 8 მაისის სხდომაზე დაამტკიცეს.

ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის დევიზია „მეტი ინტეგრაცია ახალი შესაძლებლობებისთვის“. დოკუმენტი მიზნად ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმების, ასევე „ასოცირების შესახებ შეთანხმების“ მიღმა არსებული შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას, რამაც ხელი უნდა შეიწყოს საქართველოს მომზადებას ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციისთვის.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა დაეყრდნობა შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებს: ასოცირების დღის წესრიგისა და ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ჩათვლით, სრული და ეფექტიანი იმპლემენტაცია; ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება; დემოკრატიული განვითარება და სექტორული ინტეგრაცია; ევროკავშირთან ფიზიკური ინტეგრაციის გაღრმავება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში; ევროკავშირის პროგრამებსა და სააგენტოებში საქართველოს მონაწილეობის გაფართოება; „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში არსებული შესაძლებლობების ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის „აღმოსავლეთ პარტნიორობის 20 შედეგი 2020 წლისთვის“ დოკუმენტით გათვალისწინებული შედეგების განხორციელება; საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან თავსებადობის ანალიზი და შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრა.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის შემუშავების საერთო კოორდინაციას განახორციელებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისია, ასევე მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და თემატური სამუშაო ქვეჯგუფები. საგზაო რუკის მიღება მიმდინარე წლის ნოემბერში იგეგმება.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სამეგრელოს რეგიონში უაქციზო სიგარეტის გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის ფაქტებზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიასაქართველო უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციას გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების გამოცდილებას უზიარებს