პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვა გადაიდო

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა გადაიდო.

როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ აღნიშნა, კომიტეტის გადადების თხოვნით საკითხის მომხსენებლებმა მიმართეს.

“ჯგუფის ძირითადი მომხსენებლები გვთავაზობენ, რომ კიდევ სჭირდებათ დამატებითი დრო. საზოგადოებაში არის მაღალი ინტერესი და არსებობს სხვადასხვა კითხვები, გამომდინარე აქედან, ისინი თვლიან, რომ უნდა გაგრძელდეს ამ საკითხზე მუშაობა. ჩვენ დღეს მზად ვიყავით კანონპროექტის განსახილველად. კომიტეტის შენიშვნები ძალიან მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული არსებულ ვერსიასთან მიმართებაში. ჩვენ ძალიან დიდი კონსულტაციები გავწიეთ, როგორც ტელევიზიის წარმომადგენლებთან, ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთან”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

მისივე თქმით, დარგობრივი ეკონომიკის, როგორც წამყვანი კომიტეტის პოზიციები ჩამოყალიბებულია “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ჯგუფის წევრები თუ მიიჩნევენ, რომ დამატებითი კონსულტაციები ესაჭიროებათ, გონივრულ ვადაში დაინიშნება შემდეგი შეხვედრა.

“ჩვენ ვართ წამყვანი კომიტეტი, დღეს იყო განხილვის ბოლო ვადა და პირადად ვერ ვხედავდი კანონის განხილვის გადადების აუცილებლობას, თუმცა რადგან ჯგუფმა მოითხოვა გადავდოთ”, – განაცხადა კაკულიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი დღეს კიევში ჩასვლას გეგმავს
შემდეგი სტატიაკახეთში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა