პარლამენტმა მთავრობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, გიორგი კვირიკაშვილის მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. ნდობის მისაღებად მთავრობას პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდებოდა. მთავრობის შემადგენლობას გუშინ 110-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი, პარლამენტის 19-მა წევრმა მისცა ხმა.
მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა და მთავრობის პროგრამა ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2016-2020” დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცნო. მოსმენა სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
”ქართული ოცნების“ მთავრობაში ცვლილებები ძირითადად ეკონომიკური მიმართულებით განხორციელდა. კერძოდ, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი ცვლის. ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს. ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტს ნოდარ ჯავახიშვილის ნაცვლად, ზურაბ ალავიძის კანდიდატურა წარედგინა. მთავრობაში, ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ბრუნდება კახა კალაძე. მთავრობის ახალი წევრია ”თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ჩაიბარებს.

მთავრობის შემადგენლობაში აღარ იარსებებს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას რუსთავი2-ის დაკარგვაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნის განკარგულება გამოსცა