პარლამენტის თავმჯდომარემ პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, რომელიც ლევან ბერძენიშვილის მიერ ლევან გოგიჩაიშვილის “ბანდიტად” მოხსენიებას ეხებოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა, პირდაპირი პასუხი გაეცა კითხვაზე, რომელიც მისი თანაპარტიელის, ლევან ბერძენიშვილის მიერ “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ლევან გოგიჩაიშვილის “ბანდიტად” მოხსენიებას ეხებოდა.

„საბურთალოს მეექვსე საარჩევნო ოლქში დასახელებული ლევან გოგიჩაიშვილი არის ძალიან აქტიური პატრიოტი ახალგაზრდა, ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სითამამით, აქტიურობით და ძალიან სასიამოვნოა ასეთ ახალგაზრდასთან შერკინება. მე ლევანთან ერთად მომიწევს საბურთალოელ ამომრჩეველთან შეხვედრებიც დისკუსიებიც, მე მყავს ძლიერი კონკურენტები მაგრამ მგონია გავიმარჯვებ”, – ასეთი იყო დავით უსუფაშვილის პასუხი, რომელიც ჟურნალისტებმა სწორედ ლევან ბერძენიშვილის განცხადების შეფასებასთან დაკავშირებით დაუსვევს.

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა, ლევან გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დავით უსუფაშვილს დაუყენეს გოგიჩაიშვილი როგორც ჩანს იმ მოტივით, რომ რადგან ბანდიტი და ციხეში ნაჯდომია, კარგი ვაჟკაცი იქნება. რა ლაპარაკია ეს? რა მიდგომებია ვერ გავიგე პარლამენტის თავმჯდომარის მიმართ? საქართველოს პარლამენტს ჰყავს თავმჯდომარე და მას სჭირდება პატივისცემა არამარტო იმიტომ, რომ რომელიმე პარტიის თავმჯდომარეა, არამედ იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარეა. ბიურო გააცდინა და კიდევ აქეთ გვდებენ ბრალს? პირდაპირ სასაცილო ამბავია. თავში აქვთ ავარდნილი, ჰგონიათ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობით მოდიან, მაგრამ მწარე იქნება დასასრული.

თავად ლევან ბერძენიშვილმა უსუფაშვილის კომენტარის შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა ლევან გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით.

“კონტექსტი, რომელშიც ეს ითქვა, იყო ასეთი – ვოლსკიმ არავაჟკაცური უწოდა უსუფაშვილის საქციელს, რომელმაც ბიუროზე არდასწრების გამო საყვედური გამოთქვა. მე ვთქვი, რომ ეტყობა, ვაჟკაცია ის კაცი, რომელიც ციხეში იჯდა და ბანდიტია-მეთქი. დიახ, ლევან გოგიჩაიშვილი იყო პოლიტიკური პატიმარი, მაგრამ ამას არ ამის მიუხედავად მახსოვს, რომ კაცი დაჭრა და 7 წელი ქონდა სამართლიანად მისჯილი. პოლიტიკური პატიმარი უდანაშაულოს არ ნიშნავს. სალომე ზურაბიშვილს არავინ დაუყენეს და უსუფაშვილს რატო დაუყენეს კაცი, რომელსაც ასეთი წარსული აქვს. ვისაც გონია, რომ თანაზომადია მეგობრის დაჭრისთვის ნაჯდომი კაცი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასეთ პასუხს მიიღებს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ”- რესპუბლიკელებმა პარტიის საარჩევნო პროგრამის და სლოგანის პრეზენტაცია გამართეს
შემდეგი სტატიასაკრებულოს შუალედური არჩევნები შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნებს დაემთხვეს