პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, უილიამ ლაჰიუს და ხელმძღვანელის მოადგილეს, ანდრეი კლიმჩიკს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უილიამ ლაჰიუს ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თქმით, ნატო საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებას და მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის შესახებაც, რომელიც 2017 წლის მაისში, საქართველოში გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასამბლეის მასპინძლობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და ალიანსსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი და საქართველოს პარლამენტი ღონისძიების ორგანიზების საკითხში, აქტიურად თანამშრომლობენ.

banner
წინა სტატიაში”ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის მონაწილეებს ხვალ მიხეილ სააკაშვილიც მიმართავს
შემდეგი სტატია“გაზპრომის” ხელშეკრულება – ძიძიგურის აზრით, მთავრობამ მაქსიმუმი გააკეთა