პარლამენტი პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს

პარლამენტი სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტზე სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს, რომელიც 7 თებერვალს გაიხსნება.

„ინფო 9“-ის ინფორმაციით, იმის გამო, რომ დეპუტატები საგზაფხულო სესიის გახსნამდე მივლინებებში იმყოფებიან, რიგგარეშე სხდომა დიდი ალბათობით არ გაიმართება.

რეგლამენტის გათვალისწინებით კი, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტი 15 დღის ვადაში უნდა განიხილოს.

კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს მიიღებს, კანონპროექტი ხუთი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს გადაეცემა, რომელიც მის საბოლოო რედაქციას ხელს აწერს და კანონს შვიდი დღის ვადაში აქვეყნებს.

თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას ეყრება. კანონის პროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაუჭერს.

თუ საქართველოს პრეზიდენტმა კანონი დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნა, მას პარლამენტის თავმჯდომარე აწერს ხელს და ხუთი დღის ვადაში, საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე აქვეყნებს.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო გუშინ დაადო.

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოსამართლეების მიერ უნდა მოხდეს და არა იუსტიციის საბჭოს მიერ. ასევე, პრეზიდენტის აზრით, ერთი და იმავე პირს საშუალება აღარ უნდა ჰქონდეს სასამართლოს თავმჯდომარე იყოს და ამავე დროს, პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება შემდგომ დანიშვნებზე აღარ უნდა მოხდეს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების რაოდენობა კანონით უნდა დაზუსტდეს.

banner
წინა სტატიაშიგია ცერცვაძის საქმე – პრემიერის პრესსამსახურის განცხადება
შემდეგი სტატიადევნილთა ნაწილს შესაძლოა სახელმწიფო შემწეობა მოეხსნას