პარლამენტი კორექტირებული ბიუჯეტის განხილვას იწყებს

პარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ხვალ, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტურებულ ვარიანტს განიხილავენ.
ბიუჯეტის პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკის, ჯანდაცვის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ.

2016 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი ითვალისწინებს 2016 წლის 1-ელი ივლისიდან სახელმწიფო პენსიის ზრდას 180 ლარამდე, დამატებით სახსრებს დევნილთა განსახლებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის. 48 მლნ ლარის მობილიზება მოხდა მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების დაფინანსების გასაგრძელებლად.

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 8 555.0 მლნ ლარით განისაზღვრა, მათ შორის: სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 7 980.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23.3%-ს შეადგენს და 200 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიას.

გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლები ცალკეული გადასახადების სახეების მიხედვით შემდეგია: საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2 086.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 6.1%-ს შეადგენს; მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 980.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 2.9%-ია; დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 3 802.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 11.1%-ს შეადგენს; აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 012.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 3%-ს შეადგენს და პროექტის წინა ვერსიას 90.0 მლნ ლარით აღემატება (აღნიშნული სახსრების მობილიზება შესაძლებელი გახდა საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც თამბაქოს ნაწარმსა და ალკოჰოლურ სასმელებზე გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს); იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 73.0 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც მშპ-ის 0.2%-ს შეადგენს; სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 25.0 მლნ ლარით.
2016 წლისთვის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი 255.0 მლნ ლარით განისაზღვრა – მათ შორის საბიუჯეტო გრანტები 125.0 მლნ ლარი, ხოლო საინვესტიციო (ხარჯზე მიბმული) გრანტები 130.0 მლნ ლარია.
2016 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 320.0 მლნ ლარის ოდენობით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 10 145.0 მლნ ლარის ოდენობით განისაზღვრა, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები 9 335.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2015 წლის გეგმიურ მაჩვენებელს 570,0 მლნ ლარით აღემატება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 8 543.6 მლნ ლარს შეადგენს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით ასიგნებები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად არის გადანაწილებული:
ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 3 162.0 მლნ ლარს შეადგენს, რაც 92 მლნ ლარით აღემატება 2016 წლის ბიუჯეტის წინა პროექტით სამინისტროსათვის გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობას (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 31.2%). აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის – 2 273,0 ათასი ლარი, მათ შორის 2016 წლის 1 ივლისიდან სახელმწიფო პენსიის 180 ლარამდე ზრდით გამოწვეული ხარჯების დასაფარავად სამინისტროს ბიუჯეტში დამატებით გათვალისწინებულია 90 მლნ ლარი. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის – 801,5 მლნ ლარი, წარმოდგენილ პროექტში დამატებით გათვალისწინებულია 2 მლნ ლარი “იმუნიზაციის” პროგრამისათვის; სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის – 32,0 მლნ ლარი.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 975,2 მლნ ლარი, მათ შორის: ზოგადი განათლების დასაფინანსებლად – 572,9 მლნ ლარი, ითვალისწინებს სკოლის პედაგოგთა ხელფასების მატებას (2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი გაიზარდა 305 ლარიდან 355 ლარამდე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან გაიზრდება 405 ლარამდე), ასევე ითვალისწინებს “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” კანონით მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისათვის გათვალისწინებული დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს; პროფესიული განათლების დასაფინანსებლად – 36,0 მლნ ლარამდე, უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად – 174,0 მლნ ლარამდე, საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის – 94,4 მლნ ლარზე მეტი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 321,4 მლნ ლარი, რაც 40 მლნ ლარით აღემატება პროექტის წინა ვერსიას. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია: სამელიორაციო და საირიგაციო სისტემების განვიტარებისათვის – 63.0 მლნ ლარამდე; შეღავათიანი აგროკრედიტებისათვის – 41,0 მლნ ლარი; რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები – 25.0 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სესხისა და ლიზინგის ვალდებულებების დაფარვისათვის – 23 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები – 7 მლნ ლარზე მეტი აგროდაზღვევის უზრუნველყოფის ღონისძიებები – 9 მლნ ლარი. როგორც მთავრობა განმარტავს, 2016 წელს კვლავ გაგრძელდება მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის ღონისძიებები, რისთვისაც ბიუჯეტში გათვალისწინებულია 48 მლნ ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 950,0 მლნ ლარი რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის – 526.6 მლნ ლარი; რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის – 246,2 მლნ ლარი; წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია – 170,6 მლნ ლარი.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია – 670,0 მლნ ლარი, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის – 595,0 მლნ ლარი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 100.0 მლნ ლარით დაფინანსდება. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებებში 63.0 მლნ ლარი გათვალისწინებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დასაფინანსებლად, რომელიც 2015 წლის მანძილზე დაფინანსებას ძირითადად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისგან იღებდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 153,8 მლნ ლარი. ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 135,0 მლნ ლარი.
ეკონომიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 95,0 მლნ ლარი, (პროგრამა “აწარმოე საქართველოში” 20,0 მლნ ლარი), მათ შორის 10 მლნ ლარი სამინისტროს დამატებით ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-მოწყობისათვის გამოეყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 110,0 მლნ ლარი, მათ შორის დამატებით 10 მლნ ლარი დიპლომატიური დაწესებულებებისათვის იქნა გამოყოფილი. როგორც მთავრობა განმარტავს, დაიწყება დიპლომატიურ დაწესებულებებში მომუშავეთა დაზღვევის ხარჯების დაფინანსება.
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 97,0 მლნ ლარი.

იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 70,5 მლნ ლარი, მათ შორის იუსტიციის სახლების გამართული ფუნქციონირებისათვის დამატებით 2 მლნ ლარი გამოიყო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 85,0 მლნ ლარი, მათ შორის 15 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული დევნილთა განსახლების ღონისძიებებისათვის.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 90,0 მლნ ლარი, მათ შორის 15 მლნ ლარი დამატებით იქნა მობილიზებული სპორტული ინფრასტრუქტურისა და სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 42,1 მლნ ლარი.
ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 90,0 მლნ ლარს შეადგენს.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის ჯამში გათვალისწინებულია 280,0 მლნ ლარი, ხოლო “მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ”კანონის მოთხოვნების თანახმად, მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.
მთავრობის სარეზერვო ფონდი 50 მლნ ლარით, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიგაფიცულმა მუშებმა გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაცნობილმა ბრიტანელმა რეჟისორმა ფილმების გადასაღებად ხელსაყრელი ლოკაციები დაათვალიერა