პაატა ბურჭულაძის საგანგებო განცხადება

პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებაში „სახელმწიფო ხალხისთვის“ სპეციალური განცხადება გაკეთდა:

„დღეს საქართველოში შექმნილი სიტუაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იძულებული ვხდები განმარტებები გავაკეთო საზოგადოების წინაშე იმ ცილისწამებებსა და ცრუ ბრალდებებზე რასაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს ჩვენს მიმართ, სამარცხვინო კამპანიის მცდელობები, რომელთაც ვერ მოჰყვა მათთვის საჭირო რეზონანსი, ამჟამად შეცვალეს ჩემი ცხოვრების მრავალწლიანი საამაყო საქმის,ფონდი „იავნანას“ მისამართით განხორციელებული უპრეცენდენტო ცილისმწამებლური თავდასხმებით. ანალოგიური შეტევები ფონდ „იავნანაზე“ 2009 წელს წინა ხელისუფლების მხრიდან განხორციელდა. დღეს მოქმედი ხელისუფლება კიდევ უფრო მიუღებელი ფორმებით მოქმედებს. ამის მიზეზი იყო და არის ის, რომ არასდროს არავის პოლიტიკური ნების შემსრულებელი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები.

ყველას გასაგონად ვაცხადებ, რომ ეს ბინძური კამპანია მიმართულია ქართველ ერში სიკეთისათვის გაერთიანებული ერთობის დისკრედიტაციის, ჩვენი ახლადშექმნილი პოლიტიკური მოძრაობის და რეალური კონკურენტის გზიდან ჩამოსაცილებლად. რათა ამ გზით გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილი დღეები. სამარცხვინოა დაუკვეთო ასეთი სამარცხვინო პასკვილი პაატა ბურჭულაძეს, ბავშვებისთვის, სტუდენტებისთვის შეგროვილი ფულის ჯიბეში ჩადებას დააბრალებ. ეს არის მცდელობა ქართველ ერში ჩაკლან საუკუნეების განმავლობაში სისხლში ჩამჯდარი სიკეთის კეთების იდეალები. დარწმუნებული ვარ ამ პასკვილის შემკვეთს და მის შემსრულებლებს „იავნანას“ ფონდისთვის არცერთი თეთრი არ შეუწირავთ. ის თანხები კი რომლებიც ამ სულმდაბალი კამპანიისთვის დამკვეთმა დახარჯა არაერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის თბილი სახლის გასაღებს შეიძენდა და უსახლკარო ბავშვების სულში იმედს გააჩენდა.

გარწმუნებთ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაუსრულებელი თავდასხმებით, მე და ჩემს ახალ პოლიტიკურ მოძრაობას თავისმართლების რეჟიმში ვერ გადაგვიყვანთ. იმ შესაძლებლობების სარკმელს რომელიც შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ ძალას გაუღოს საქართველოს, ვერავინ ჩარაზავს. ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან შევქმნით ისეთ ატმოსფეროს, სადაც ადგილი აღარ ექნება სიძულვილს და ცილისწამებას. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის“, – ნათქვამია ბურჭულაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიუფლებადამცველმა ორგანიზაციამ, “ლეონიდ ჩერნოვეცკი–ქართული მომავალი” 32 429 ხელმოწერა შეაგროვა
შემდეგი სტატიატყიბულის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს