პაატა ბურჭულაძის პარტია ხვალ პირველ ყრილობას მართავს

ხვალ პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” პირველ ოფიციალურ ყრილობას მართავს. ყრილობამდე ერთი დღით ადრე პოლიტიკური მოძრაობას განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოში ერთ–ერთმა ყველაზე პოპულარულმა საზოგადო მოღვაწემ, ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, დააარსა პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“. პაატა ბურჭულაძე, რომლის მიზანია ქვეყნის საერთო ამოცანის გარშემო გაერთიანება, სახელმწიფოს გამოყვანა არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, საერთაშორისო საზოგადოებაში საქართველოს იმიჯის რეაბილიტაცია და შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვება.

28 მაისს, თბილისში ჩატარდება მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველი ოფიციალური ყრილობა, რომელსაც დაესწრება 11000-მდე მხარდამჭერი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებიც კენჭს უყრიან პარტიის ხელმძღვანელობას.

„საქართველოს სჭირდება გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო, წარსული შეცდომების შეფასება, გამარჯვებებით, მიღწევებითა და დასავლეთისკენ აღებული გეზით სვლა. დღეს არის სწორედ ის დღე, როდესაც ჩვენ უნდა შევუდგეთ მოქმედებას.“ – აღნიშნავს პაატა ბურჭულაძე.

ის საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანია, რომელსაც, უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 75% პოზიტიურად აფასებს.

„მოზრაობის – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, მთავარი ამოცანებია ხალხსა და უცხოელ პარტნიორებში ქართული სახელმწიფოსადმი რწმენის აღდგენა.

2016 დასაწყისში, ბატონი პაატა ბურჭულაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია, სადაც ამერიკელ პოლიტიკოსებთან აქტიური შეხვედრები გამართა, რომელზეც დაუდასტურა ამ უკანასკნელთ საკუთარი მისწრაფებები – საქართველოს პრო–დასავლური კურსის აღდგენა – რომელთა განხორციელებასაც სათავე უნდა დაედოს მიმდინარე წლის შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებით.

„საქართველო იყო, არის და მუდამ იქნება ჩემი სიამაყე. ეს არის ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, რომელიც მუდამ მეამაყებოდა, რომელსაც ვენდობოდი. ახლა კი მოვიდა დრო, როდესაც დადგა ჩემი ჯერი დავეხმარო მას. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი სამშობლოსთვის, რითიც მსურს მადლობა გადავუხადო მას იმისათვის, რომ მომენიჭა მის წიაღში დაბადების პატივი“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მისი თქმით, აქტიური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმამ ცხადყო, რომ ქვეყანამ აქტიურად უნდა გაატაროს ყველა აუცილებელი რეფორმა, დაწყებული ეკონომიკური აღზევებით და დასრულებული სტრატეგიული კურსით, რამაც უნდა უზრუნველყოს შიდა დაპირისპირებების თავიდან აცილება და ხელი შეუწყოს თითოეულ მოქალაქეს გაერთიანდნენ მიზნების გარშემო.

„ჩემი ხედვაა ერთიანი ქვეყანა, ერთიანი ერი და იდეა, რომელიც ყველას გვაერთიანებს“ – ამბობს იგი.

პოლიტიკოსის განცხადებით, მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ გახდება ერთიანობის სიმბოლო და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, რაც ასევე ცხადი გზავნილი იქნება დასავლეთისა და ყველა ქართველი პარტნიორისთვის.” ნათქვამია პოლიტიკური მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამტრედიის შემდეგ უფასო სამედიცინო გამოკვლევები დევნილებს ბაკურციხეში ჩაუტარდებათ
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებას უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვება ძვირად დაუჯდებ”