პაატა ბურჭულაძის პარტია ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს

პაატა ბურჭულაძის პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „სახელმწიფო ხალხისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი თაქთაქიშვილმა განაცხადა, პარტიაში საკუთარ თავს ვეღარ ხედავენ.

„უპირველეს ყოვლისა გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება იყო ურთულესი, მაგრამ გვინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდული მოძრაობა ვტოვებთ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან აქ ვეღარ ვხედავთ ჩვენს თავს. თითქმის ერთი წლის განმავლობაში მოძრაობაში ჩავდეთ მთელი სული და გული. ვცდილობდით, აგვეშენებინა ის მოძრაობა, რომელიც იქნებოდა რეალური ალტერნატივა იმ უპრინციპო და უპასუხისმგებლო პოლიტიკისა, რაც ქვეყანაში ბოლო 25 წლის განმავლობაში მკვიდრდება. სამწუხაროდ, ვფიქრობთ, რომ პარტიის ინტერესებისა და იმ იდეების დაცვა, რომლის გარშემოდაც ჩვენ ვერთიანდებოდით ვერ მოხერხდა, ჩვენ აღმოვჩნდით სრულიად ახალ რეალობაში განსხვავებული იდეებითა და განსხვავებულ მიზნებით. სწორედ ამ ახალ რეალობაში ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ თავს”, – განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა.

მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძის გუნდი, რომელიც თავდაპირველად შეიკრიბა აღარ არსებობს და დღეს “გირჩი” დომინანტ პოზიციაში.

„ყველაფერი ნათელია, ვინ შეგვიერთდა, როგორ გადანაწილდა სია, ვინ დარჩა ძირითადი გუნდიდან მოძრაობაში. დღეს პალიკო კუბლაშვილი ატარებს თათბირებს და არავინ არაფერს ეკითხება ბურჭულაძეს. იმის მაგივრად, რომ პაატა ბურჭულაძეს გაეკეთებინა ყველაფერი, შეენარჩუნებინა მართლაც ერთგული ადამიანები, ვინც ბოლო წუთამდე გვერდში ვედექით მას და მზად ვიყავით გადაგველახა ის პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც აღმოვჩნდით. ბურჭულაძემ უარი თქვა საკუთარ პარტიაზე. ჩვენ სიასთან მიმართებაში არანაირი ბერკეტი არ გვქონდა, რომ გავლენა მოგვეხდინა მასზე, ჩვენ სიის მიღმაც გვინდოდა გარანტიები, რომ ეს მოძრაობა 8 ოქტომბრის შემდეგაც გააგრძელებდა პოლიტიკურ საქმიანობას. ჩვენ თავის დროზე დავუდექით პაატა ბურჭულაძეს მხარში. ჩვენ აღმოვჩნდით გაუგებარ თამაშში,რომელშიც მონაწილეობის მიღება არ გვინდა’, – განაცხადა გიორგი თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი ღია პროვოკაციებს აწყობს შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ”
შემდეგი სტატიანიუ-ჯერსიში პოლიციამ ხუთი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა