პაატა ბურჭულაძე შამბეზში მართლმადიდებელი პატრიარქების მიერ ჩატარებულ წირვას დაესწრო

შვეიცარიაში, შამბეზში მდებარე მსოფლიო საპატრიარქოს ცენტრის წმინდა მოციქულ პავლეს ტაძარში მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურებმა ერთობლივი საღმრთო ლიტურგია ჩაატარეს.
როგორც “თაიმერს” “საქართველოს განვითარების ფონდიდან” აცნობეს, ღვთისმსახურებას შვეიცარიაში ვიზიტად მყოფი პაატა ბურჭულაძე დაესწრო.
“ყოველი შეხვედრა პატრიარქთან ჩემთვის განსაკუთრებულია. ბედნიერი ვარ, რომ შვეიცარიაში ჩემი სამუშაო ვიზიტის დროს მომეცა საშუალება დავსწრებოდი 16 პატრიარქის მიერ ჩატარებულ ლიტურგიას”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ
საღმრთო ლიტურგია მსოფლიო პატრიარქმა და კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა, ყოვლადუწმინდესმა ბართლომემ; სრულიად აფრიკისა და ალექსანდრიის პაპმა და პატრიარქმა უნეტარესმა თეოდორე მეორემ; სრულიად პალესტინისა და წმიდა ქალაქ იერუსალიმის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე მესამემ; სრულიად რუსეთისა და მოსკოვის პატრიარქმა უწმიდესმა კირილემ; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ; სრულიად სერბეთის პატრიარქმა,პეჩის მთავარეპისკოპოსმა და ბელგრად-კარლოვაცის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა ირინეოსმა; სრულიად რუმინეთის პატრიარქმა, უნგრეთ-ვლახეთის მიტროპოლიტმა და ბუქარესტის მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა დანიელმა; სრულიად ბულგარეთის პატრიარქმა და სოფიის მიტროპოლიტმა უწმიდესმა ნეოფიტემ; სრულიად კვიპროსისა და ახალი იუსტინიანეს მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა ქრიზოსტომოს მეორემ; სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოსმა და ტირანის მიტროპოლიტმა უნეტარესმა ანასტასიმ; სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტმა, პრეშოვის მთავარეპისკოპოსმა, უნეტარესმა როსტისლავმა და ანტიოქიის, ელადისა და პოლონეთის ეკლესიების წარმომადგენელმა მღვდელმთავრებმა ჩაატარეს.
შამბეზში, მსოფლიო სპატრიარქოს ცენტრში, მართლმადიდებელელი ეკლესიების მეთაურთა შეკრება გრძელდება, რომელმაც მუშაობა 22 იანვარს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აზერბაიჯანში გაემგზავრა
შემდეგი სტატია“ტელეარხ 25“-დან გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა სასამართლოს მიმართეს