პაატა ბურჭულაძე „ოცნებისგან“ საპრეზიდენტო კანდიდატობის შეთავაზებას ადასტურებს!

პაატა ბურჭულაძის კონცერტი ოდესაში მიხეილ სააკაშვილმა გახსნა

…თითქმის ორთვიანი მოლაპარაკება ლოგიკურ ფინალამდე მივიდა _ ,,საქართველოს განვითარების ფონდის” აღმასრულებელ დირექტორთან აუდიენცია შეთანხმებულია… ვისთან მიბრძანდებით? _ მეკითხება დაცვა. პაატა ბურჭულაძესთან, ვპასუხობ. რა გვარი ხართ? _ აღარ მეშვება, _ პავლიაშვილი, _ მოკლედ ვუჭრი. ვა, მოგვარეები ვყოფილვართ, _ დაცვის ბიჭს სახე უნათდება და კიბემდე მომყვება… რატომღაც მეჩვენება, რომ ,,საქართველოს განვითარების ფონდში” უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია… მსოფლიოს საოპერო ვარსკვლავთან საუბარს სწორედ ამ თემით ვიწყებ:

_ ბატონო პაატა, ოფისში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები რატომ გაქვთ მიღებული?
_ არა… რომ შემოვედით, დაცვა ამ შენობას ჰყავდა.
_ ოფისი ნაქირავები გაქვთ?
_ დიახ, რა თქმა უნდა…
_ ისე, რატომ გადაწყვიტეთ, პოლიტიკაში ამ არეულ დროს შემოსულიყავით?
_ ვანო, პოლიტიკაში არ შემოვსულვარ. ეს მძიმე სიტუაციიდან გამოსვლის შესწავლაა. დღეს საქართველოში ძალიან ცუდი სიტუაცია და ხალხში აბსოლუტური უიმედობაა. საერთოდ, ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა ძალიან ძნელი იყო _ იცით, რომ ხელოვნება, ასევე ორივე ფონდი _ ,,იავნანა” ,,ივერია” დავთმე და აქეთ გადმოვერთე. აუცილებელია, დღეს ,,საქართველოს განვითარების ფოდნი” არსებობდეს იმიტომ, რომ საქართველო ფეხზე უნდა დადგეს! ფონდში ძალიან კარგი პროფესიონალები და საქართველოს მოსიყვარულე ხალხია, ვისაც რაღაცის გაკეთება მართლა უნდა. ახლა ვითარებას ვსწავლობთ და სამ თვეში, შეიძლება ნაკლებშიც, იმ ხედვას დავდებთ, რომელიც მთავრობამ მხოლოდ კი არ უნდა გაიზიაროს, არამედ აუცილებლად უნდა აამოქმედოს კიდეც! თუ ამ პროგრამას არ აამოქმედებს, მაშინ, ალბათ, სხვა ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს.
_ რა ნაბიჯებს გულისხმობთ?
_ ჯერ არ ვიცი, მაგრამ ვიმეორებ: ამხელა უიმედობა არასოდეს ყოფილა და თუნდაც საგარეჯოსა და გარდაბნის არჩევნებზეც გამოჩნდა _ ამომრჩევლის 70 პროცენტი არჩევნებზე არ მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ფიქრობს, არჩევნებზე სიარულს აზრი აღარ აქვსო.
სხვათა შორის, საქართველოს ექვს ქალაქში ჩვენი ოფისები გავხსენით…
_ სხვა თუ არაფერი, სწორედ ამ ოფისების გახსნას აქვს პოლიტიკური ანტურაჟი…
_ შეიძლება, ბევრი ასე ხედავს, რომ ეს პოლიტიკური ანტურაჟია. კი ბატონო, ვანო, რაც გინდათ, ის დაარქვით, მაგრამ ეს საქართველოს სამსახურში ჩადგომაა და მეტი არაფერი!
_ ბატონო პაატა, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, ჩაგეკითხებით ხოლმე _ ამბობთ, ხალხი უიმედოდააო, თუმცა უიმედობა, განსაკუთრებით, ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი საზოგადოებისთვის უცხო არაა…
_ ვანო, ვერ დაგეთანხმებით იმიტომ, რომ იმედი ყველა არჩევნების დროს არსებობდა. თუნდაც მიშა რომ მოვიდა ან შემდეგ, მიშა რომ წავიდა და ბიძინა მოვიდა, ესეც ძალიან დიდი იმედი იყო… დღეს კი ისეთი სიტუაციაა, რომ იმედი აღარაფრისაა!
_ როცა ყურადღებას უიმედობაზე ამახვილებთ, აქცენტს ეკონომიკაზე აკეთებთ?
_ პირველ რიგში, დიახ, ეკონომიკაზე ვაკეთებ, მაგრამ ეკონომიკაზე უფრო დიდი უიმედობა სამართალდამცავი კუთხითაა.
_ ახლა, მე რომ ,,ოცნებელი” ვიყო, შეგეკამათებოდით და გეტყოდით, ცდებით-მეთქი, რამეთუ ეკონომიკური სიდუხჭირის მიუხედავად, დღეს თავისუფლად ვსუნთქავთ!
_ ერთის მხრივ, თავისუფლად ვსუნთქავთ _ ციხეში ის ტანჯვა აღარაა, რაც ნაცმოძრაობის დროს იყო, რაც ძალიან კარგია, მაგრამ სასამართლოში თუნდაც მურუსიძის დანიშვნა პირველი ნიშანია, რომ ყველაფერი შეიძლება, თავიდან დაიწყოს. ამიტომ, ჩვენი ფონდი პირველი იყო, რომელმაც ყველაფერი ეს დაიწყო, რადგან არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს, ჩვენი სიმართლის დამცველი იყოს!
_ ლოგიკურად შემდეგ კითხვამდეც მივედით: იმ ავბედითი 9 წლის განმავლობაში, როცა გირგვლიანი მოკლეს და 7 ნოემბერს ხალხი სასტიკად დაარბიეს, პარალელურად, ბიზნესს ართმევდნენ და ატერორებდნენ, მსგავსი განცდა რატომ არ გაგიჩნდათ და რაღა ახლა გადაწყვიტეთ, ხალხი უიმედოდაა და მოდი, ფონდს შევქმნი, რომელიც ქვეყანას გადაარჩენსო?
_ ერთ რამეს გეტყვით: როცა უიმედობა ბავშვებზე არსებობდა, ფონდი ,,იავნანა” შევქმენი, რომელმაც, თუ იცით, ძალიან კარგად იმუშავა და დღესაც მოქმედებს. ყოველთვის იმ აზრზე ვარ, რომ სათქმელი ადრესატს ვუთხრა. მიშას დროს უიმედობა კი არა, შიში იყო, რომელიც დღეს სხვა შიშით შეიცვალა ანუ მაშინ ხელისუფლების შიში არსებობდა. დღეს კი _ ხვალინდელი დღის…
_ იმის თქმა გინდათ, რომ ხელისუფლების მაშინდელი შიში შიმშილით სიკვდილის შიშმა შეცვალა?
_ იცით, საქართველოში, წელიწადში რამდენი ბავშვი კვდება? ათასი, აქედან 300 კვების დეფიციტის გამო. ეს კატასტროფული ციფრია. სოფლებში ბავშვების უმეტესობა მხოლოდ პურით იკვებება და ტკბილეულის გემოც არ იცის.
ვანო, თქვენს წინა კითხვას დავუბრუნდები: ნაციონალებს ყოველთვის ვაკრიტიკებდი. დღესაც ისე გამოდის, რომ არსებულ მთავრობას ვაკრიტიკებ.
_ ეს კრიტიკა კი არა, უფრო პოლიტიკური განცხადებებია!
_ სხვანაირად როგორ შეიძლება? _ მხოლოდ კრიტიკა კი არა, ქებაც პოლიტიკურია! იმას ვლაპარაკობ, რაზეც გული მტკივა!
_ ბატონო პაატა, თქვენს პერსონასთან პოლიტიკის დაკავშირება ახალი არ არის: 2012 წლის არჩევნების წინ ითქვა, რომ ნაციონალები პარტიულ სიაში ,,ჩასმას” გთავაზობდნენ. ისიც გავიგე, 2013 წელს, ივანიშვილისგან თითქოს შემოთავაზება გქონდათ, რომ ,,ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყავით. ამ კულუარულ ინფორმაციებს დამიდასტურებთ?
_ შემოთავაზება ყველა წამყვანი პარტიიდან ყოველთვის იყო, მაგრამ პოლიტიკაში ჩემს თავს ვერ ვხედავდი, თან ყოველთვის იმედი არსებობდა, ამას სხვა გააკეთებს, მე რატომ უნდა ჩავერთო-მეთქი. ჩემს ხალხს ჩემი ხელოვნებითა და საქველმოქმედო ფონდებით უფრო ვემსახურებოდი. დღეს კი ხალხს ხვალინდელი დღის იმედი აღარ აქვს, აღარ იცის, როგორ მოიქცეს და ასეთი მამაცური ნაბიჯი ამიტომაც გადავდგი!
_ ეს გავიგე, მაგრამ კონკრეტულად მიპასუხეთ: 2013 წელს, ივანიშვილი მართლა გთავაზობდათ, ,,ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყავით?
_ დიახ, ბატონ ბიძინასთან ამაზე საუბარი იყო, მაგრამ ვუთხარი, ამის აუცილებლობა არაა-მეთქი და თვითონაც დამთანხმდა. მაშინ ,,ოცნება” ახალი მოსული იყო, რეიტინგი ჰქონდა და ხალხსაც ძალიან უყვარდა. სხვათა შორის, ვიდეოფირიც არსებობს, სადაც ვამბობ, რომ აპოლიტიკური დავრჩებოდი და თუ საქართველოს რამეში დავჭირდებოდი, ისე მივეხმარებოდი!
_ ასეა თუ ისე, ,,საქართველოს განვითარების ფონდის” შექმნას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, განსაკუთრებით ,,ოცნებელებისგან”; მეტიც, სოციალურ ქსელში ფოტოც გავრცელდა, რომელზეც სააკაშვილ-ადეიშვილთან ერთად ხართ აღბეჭდილი და რომელიც არცთუ დიდი ხნის წინაა გადაღებული. ბატონო პაატა, მოდით, ამ ფოტოს ისტორია მიამბეთ…
_ (იღიმება) სიამოვნებით…
_ ისიც თქვეს, ბურჭულაძე საქართველოში მიშამ გამოაგზავნაო…
_ ბატონო ვანო, ამ ფოტოს ისტორიას აუცილებლად მოგიყვებით, მაგრამ მანამდე ერთს გეტყვით: ,,ოცნების” ხალხი ცდილობს, ნაციონალებისკენ გადამამისამართოს, ნაციონალები ,,ოცნებისკენ”…
_ კიდევ ერთი ვერსია არსებობს: თქვენი მთავარი დასაყრდენი მრევლია _ ეს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ფაქტორია და ამაზეც ვილაპარაკოთ…
_ კი ბატონო… ყველა ცდილობს, აქეთ-იქით გადამამისამართოს, მაგრამ მე ქართველი ხალხის წარმომადგენელი ვარ და ამაში ეჭვი საღად მოაზროვნე ადამიანს, მგონი, არ უნდა შეეპაროს. ჩემი პირველი ლოზუნგიც ასეთი იყო: ,,ჩემიანებად” და ,,სხვისიანებად” გაყოფა მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა!
_ სხვათა შორის, ორი დღის წინ, ანალოგიური განცხადება პრემიერმა კვირიკაშვილმაც გააკეთა…
_ დიახ, ჩვენს სიტყვებს მთავრობის წევრებიც იმეორებენ და ეს ძალიან მიხარია, მაგრამ ისინი მხოლოდ იმეორებენ და ვერაფერს აკეთებენ. მე კი ამას აუცილებლად რეალობად ვაქცევ.
_ ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მაგრამ როცა სააკაშვილთან ფოტოს იღებდით…
_ (სიტყვას ღიმილით მაწყვეტინებს) სააკაშვილთან ფოტოს ბაიდენიც იღებს… სექტემბერში, ძალიან დიდი ფესტივალი გავხსენი, რომელიც ოდესაში პირველად ჩატარდა. საერთოდ, ჩემი გასტროლები 3-5 წლით ადრე იყო ხოლმე დაგეგმილი. ასე რომ, ამ ფესტივალის გახსნაც სამი წლის წინ დაიგეგმა. ფესტივალამდე, სამი კვირით ადრე, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა და ველოდი, რომ კონცერტზე აუცილებლად მოვიდოდა. სხვათა შორის, ,,რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში იუმორით ვთქვი, თუ მოვიდა, თქვენგან დიდ სიყვარულს გადავცემ-მეთქი და ამაზე ყველას გაგვეცინა… კონცერტის წინ აჟიოტაჟი ატყდა, აი, მოდის, მოდისო… ბატონო მიხეილი, ვიდრე ჩემთან მოვიდოდა, სცენაზე აბრძანდა და ნახევარსაათიანი სიტყვა თქვა. იცით, რომ ოდესაში დიდ პატივს სცემენ და ხალხმა ტაში დაუკრა.
_ კონცერტზეც დარჩა?
_ დიახ. კონცერტის შემდეგ, ჩემთან მოვიდა და მითხრა, პაატა, გეპატიჟებითო.
_ რესტორანში?
_ რა თქმა უნდა, მაგრამ მივუგე, უკვე დაპატიჟებული ვარ _ ბანკეტს ადგილობრივი მოსახლეობა აკეთებს და იქ მობრძანდით-მეთქი. ჰოდა, მოვიდა და ეს სურათიც იქ გადავიღეთ.
_ განა, არ ელოდით, რომ ამ ფოტოს ამხელა რეზონანსი ექნებოდა?
_ იცით, მიშასთან რამდენი ფოტო მაქვს გადაღებული!
_ ეგ ადრე, ახლა კი მიშა საქართველოში შიდა ძებნილია…
_ რა მნიშვნელობა აქვს, სურათი როდისაა გადაღებული? სურათი ბიძინასთან, შევარდნაძესთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ჟაკ შირაკსა და, საერთოდ, ყველასთან მაქვს გადაღებული. ამას აჟიოტაჟი რატომ უნდა მოჰყვეს, მით უმეტეს, როცა ფოტოზე 8 ადამიანი ვართ?!
_ მოკლედ, მაინც ვერ გავიგე, თქვენი გამოჩენა ნაციონალური ქეისით რატომ შეიფუთა?
_ უბრალოდ, ,,ოცნების” პიარმა კარგად იმუშავა და მეტი არაფერი… ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ამით დაღს დამასვამდნენ…
_ ,,ოცნების” მიმართ ძალიან ანტაგონისტურად ხართ განწყობილი…
_ რატომ? თუ ცდილობენ, რომ ნაციონალებისკენ ,,გადამიბირონ”, მაშინ ეს კარგად გამოსდით…
_ ,,საქართველოს განვითარების ფონდის” შექმნის პარალელურად, როგორც ვიცი, ბიძინა ივანიშვილს შეხვდით. მითხრეს, რომ ამ შეხვედრის შუამავალი პატრიარქი იყო…
_ არა, არა, როგორ გეკადრებათ! ბიძინასთან პატრიარქი არ მჭირდება! ჩვენ ყოველთვის პირდაპირი ურთიერთობა გვქონდა…
_ ბოლო შეხვედრაზე რაზე ისაუბრეთ?
_ ეს შეხვედრა ძალიან სპონტანურად მოხდა _ ბადრი პატარკაციშვილის 60 წლის იუბილეზე, პატარკაციშვილის სახლში.
_ ბატონო პაატა, ყოფილ პრემიერთან ე.წ. შუშის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე გეკითხებით…
_ წელიწადნახევარია, ასეთი შეხვედრა არ ყოფილა…
_ ესე იგი, ივანიშვილთან კარგი ურთიერთობა აღარ გაქვთ?
_ რატომ არ მაქვს? ვანო, მოდით, ასე ვთქვათ: თუკი დღევანდელ მთავრობას ვაკრიტიკებ, იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არ მიყვარს. მინისტრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ეს საქართველოს ცხოვრებას არ ეხება. სხვათა შორის, მეგობარი მეგობარმა უნდა გააკრიტიკოს. იმის იმედი რომ არ მქონოდა, გაამართლებდა, არც ფონდ ,,იავნანას” დავაარსებდი და არც ,,ივერიას”. იმედი რომ არ მქონდეს, საქართველოს სწორი გზით წაყვანას შევძლებ, არც ამ ფონდს შევქმნიდი. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, მინისტრებთან როგორი ურთიერთობა მაქვს, თუნდაც კვირიკაშვილთან, მეგობრული და ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს!
_ ამის გამო კვირკაშვილს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობა არ გაუფუჭდეს!
_ ურთიერთობის გაფუჭება არავისთან მინდა და თუ ისინი იმიტომ გაიფუჭებენ, რომ საქართველოს წინსვლას ვცდილობ, კი ბატონო, გაიფუჭონ!
_ …ბატონო პაატა, ამბობთ, რომ ,,საქართველოს განვითარების ფონდში” ძლიერი პროფესიონალები არიან, თუმცა ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხელისუფლებისა თუ პოლიტიკური ჯგუფის გვერდით იდგნენ. ავიღოთ მაგალითად ვანო მაჭავარიანი, რომელიც ,,ოცნებას” გულშემატკივრობდა, ასევე ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ,,ოცნების” გარკვეული პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობდა… ვანო მაჭავარიანი ფონდის დატოვებას მართლა აპირებს?
_ ვანო ფონდიდან უკვე წავიდა, თუმცა საგარეო ურთიერთობებში გვეხმარება _ ვთხოვე, ხელშეკრულებით დარჩენილიყო…
_ რატომ წავიდა?
_ ეს ვანოს ჰკითხეთ… საერთოდ, ჩვენი ფონდი ახალ ფაზაში გადავიდა… წეღან გითხარით, რეგიონებში ოფისები გავხსენით-მეთქი. მეგონა, რომ სიტუაცია ცუდი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კატასტროფულია! ამიტომ, ბატონ ვანოს ვთხოვე, რომ მთლიანად არ წასულიყო და ვინაიდან საგარეო ურთიერთობებში ძალიან კარგი სპეციალისტია, ჩვენთან ხელშეკრულებით დარჩა!
_ ხათუნა ლაგაზიძეს ჩემს პატივისცემას საჯაროდ ვუდასტურებ. ვანო მაჭავარიანს არ ვიცნობ, მაგრამ მისი მთავარი ,,კომპრომატი” მიხეილ მაჭავარიანის ძმობაა. შესაბამისად, ნუთუ, არ იცოდით, რომ თქვენს გვერდით მის გამოჩენას კუდი მოებმებოდა?
_ რა თქმა უნდა, ვიცოდი.

_ მერე, ეს ნაბიჯი რატომ გადადგით?
_ მომისმინეთ: 90-იან წლებში ხუთნახევარი მილიონი ვიყავით, დღეს 3 მილიონი 700 ათასი ვართ. ვანო, ფიქრობთ, რომ ეს იმხელა ფუფუნებაა, თუ ვინმე რომელიმე პარტიაში იყო, გადავისროლ-გადმოვისროლოთ და ახალი სახეები მოვნახოთ? პირიქით, არ სჯობია, გავერთიანდეთ და რაღაც გავაკეთოთ?! რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელ პარტიაში იყო. მთავარია, დღეს საქართველოს ვინ როგორ ემსახურება!
_ ამ ლოგიკით, ბატონო პაატა, ,,ოცნებაში” რატომ არ მიხვედით?
_ რას ნიშნავს, ,,არ მივედი”?
_ თქვენი იდეები შეგეთავაზებინათ…
_ ახლა სწორედ ამას ვაკეთებ, თუმცა ერთია, როცა იდეებს მე შევთავაზებ და მეორე _ როცა მთელი ჩემი გუნდი შესთავაზებს.
_ თუ ,,ოცნება” თქვენს იდეებს არ მიიღებს, რას იზამთ? ვიცი, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. ქუჩაში თქვენც გახვალთ?
_ თუ ,,ოცნება” ჩვენს იდეებს არ მიიღებს, ვანო, პირველ ინტერვიუს თქვენ მოგცემთ და გეტყვით, რას ვაპირებთ და რა ნაბიჯებს გადავდგამთ.
_ თუკი პოლიტიკური ამბიციები არ გაქვთ, აბა, რეგიონებში ,,საქართველოს განვითარების ფონდის” ფილიალების გახსნის მიზანი რა არის?
_ ეს ფილიალები რეგიონებში პრობლემებს შეისწავლის და ხალხს ტრიბუნას მივცემთ, რომ მისი ხმა მთავრობამ გაიგოს. მალე რაიონებში შექმნილ ვითარებაზე პრესკონფერენციას გავმართავთ. ასე რომ, მთავრობა ხალხის ხმას გაიგებს და ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს, თუმცა მთავრობას ხალხის ჯერჯერობით არ ესმის.
_ მუდმივი ტრიბუნა რომ გქონდეთ, საკუთარი მედიასაშუალებაც აუცილებელია. ამ კუთხითაც ხომ არ ფიქრობთ?
_ არა, რადგან მედიასთან პრობლემა არ გვაქვს. მედიაში ბევრია ხალხი, ვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება აინტერესებს!
_ ერთი სიტყვით, ,,საქართველოს განვითარების ფონდი” ,,ოცნებისთვის” თავისტკივილია?
_ ,,საქართველოს განვითარების ფონდი” თავისტკივილი იმისთვისაა, ვინც საქართველოს ვერ ავითარებს და ვერც წინსვლას უზრუნველყოფს. ჩვენ მოწინააღმდეგეები არ გვყავს. ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ყველას ვთხოვთ: ბატონებო, გავერთიანდეთ! იმაზე ცუდი არაფერი მომხდარა, რომ გავიყავით. მტერმა გარედან შეძლო, რომ გაგვყო. ამის ერთი შედეგი აფხაზეთია, მეორე სამაჩაბლო და ახლა ყველაზე საშინელება ხდება _ საქართველო დასავლეთით და აღმოსავლეთით იყოფა. ამიტომ უნდა გავერთიანდეთ _ ყველა პარტიაში არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია, საქართველო სწორი გზით წაიყვანოს! ხალხმა უნდა გაიგოს: ,,ოცნება”, ნაცმოძრაობა თუ ალიანსი ჩვენი მტერი არაა!
_ ბატონო პაატა, ტრადიციული კითხვა უნდა დაგისვათ: ნატო თუ რუსეთი?
_ (იღიმება) საქართველოს უმეტესობას ნატო უნდა.
_ პაატა ბურჭულაძეს ნატო უნდა თუ რუსეთი?
_ პაატა ბურჭულაძეს ის უნდა, რაც საქართველოს არგებს.
_ და საქართველოს, თქვენი აზრით, რა არგებს?
_ ჩვენი გზა დასავლეთისკენაა და ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთთან ჩვენი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ მის პოლიტიკას ზედმეტად ვენდობოდით.
_ რუსეთი ოკუპანტია?
_ დღეს ოკუპანტია და ამაზე არ შეიძლება, სხვა აზრი არსებობდეს!
_ არსებობს მოსაზრება, რომ პაატა ბურჭულაძე მხოლოდ დასავლეთის კი არა, რუსული პოლიტიკური წრეებისთვისაც მისაღებია…
_ მართლაც, მისაღები ვარ იმიტომ, რომ ორივესთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს და ეს ურთიერთობა არ გამიფუჭებია! 2008 წელს, როცა საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, ერთ-ერთ ტელევიზიით განვაცხადე, საშინელება მოხდა _ რუსეთი თავს დაგვესხა, მაგრამ შეურაცხმყოფელი განცხადებები არ უნდა გავაკეთოთ და შემდგომში მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ-მეთქი… ხომ ხედავთ, პოლიტიკა სხვა რაღაცაა და სახელმწიფოებრივი პოლიტიკა უნდა არსებობდეს!
_ პუტინს პირადად იცნობთ?
_ არა, ჩემს კონცერტზე ერთხელ იყო მოსული…
_ რუსული პოლიტიკური ისტებლიშმენტის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გაქვთ?
_ ჩემს კონცერტებსა და წარმოდგენებზე ბევრია ნამყოფი, თუმცა მეგობრული ურთიერთობა არავისთან მაქვს!
_ თუ პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტთ, რუსეთთან ურთიერთობას როგორ აღადგენთ?
_ ვანო, გენაცვალე, თუ პოლიტიკაში მოსვლას გადავწყვეტ, გეტყვით, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჯერ არ მინდა.
_ კეთილი, მაგრამ გინდათ თუ არა, უკვე პოლიტიკაში ხართ, პაატა ბატონო!
_ ვერ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ვარ! მე საქართველოს სამსახურში ვარ!
_ სხვათა შორის, მითხრეს, რომ არჩევნების წინ, მხარდაჭერა, შესაძლოა, ირაკლი ალასანიას გუნდს გამოუცხადოთ…
_ ამაზე არც გვიფიქრია…
_ ზოგი ამბობს, რომ ახლა ბრძოლა მრევლისთვის მიდის ანუ ხელისუფლება ცდილობს, მხარდამჭერები წაგართვათ და კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერის გაკეთება ამიტომაც გააქტიურდა… ეკლესიას საქართველოში ყველაზე მაღალი ნდობა აქვს. როცა ,,საქართველოს განვითარების ფონდს” ქმნიდით, გათვლას მრევლზეც აკეთებდით?
_ ეკლესიას, რა თქმა უნდა, მაღალი ნდობა აქვს _ ხალხს პატრიარქი უყვარს…
_ ცნობილია, რომ უწმინდესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ…
_ რა თქმა უნდა… ცხოვრებაში გათვლით არაფერი გამიკეთებია. ყოველთვის იმას ვაკეთებ, რისიც მჯერა და რაც საჭიროა. თუ მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობას გულისხმობთ, გეტყვით, რომ მართლაც, სასწაული რამ კეთდება _ ამ დიდებულ ტაძარს მთელი საქართველო თითო-თითო ლარით აშენებს. არ მინდა, სპეკულაცია იყოს, აი, პაატა იყენებსო და ამიტომ ,,ივერიის” ფონდიდან წამოვედი. პოლიტიკური გათვლა არ მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ვინმეს ვიყენებ, ღმერთმა დამიფაროს! თუ ვინმეს უნდა, კი ბატონო, იყოს ჩვენს გვერდით! სხვათა შორის, ეკლესია ჩემს სოფელშიც, საიდანაც ჩემი გვარი მოდის, ავაშენე და ისიც დიდი პატივია, რომ მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობაში თავის დროზე უწმინდესმა ჩამრთო!
_ …ფონდი ფულთან ასოცირდება… მე, რიგით ობივატელს, რას მთავაზობთ?
_ ვანო, თქვენც იმას შემოგთავაზებთ, რასაც მთავრობას შევთავაზებთ ანუ ლაპარაკია მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაზე. არ მინდა და ისეთ საქართველოს ვერ შევეგუები, სადაც ბავშვები შიმშილობენ! ნუთუ, არ შეგვიძლია, ბავშვებს საჭმელი მივცეთ?! ვერც ისეთ საქართველოს შევეგუები, სადაც ოჯახის ერთ-ერთი დამფინანსებელი პენსიონერია! _ როგორ შეიძლება, ადამიანები, ვისაც შინ პენსიონერი ჰყავს, თავს ბედნიერად თვლიდნენ, რომ ოჯახში პენსიის ფული შესდით? საქართველოში, პრაქტიკულად, არ არსებობს ოჯახი, ვისაც საზღვარგარეთ ოჯახის წევრი არ ჰყავს გაშვებული, უმეტესად, ქალბატონები და იქიდან კვების ფულს აგზავნიან. ვერც ამას შევეგუები. როგორ შეიძლება, ამ ქვეყანაში გაიხარო, როცა ამდენი გაჭირვებულია?! საქართველოს მოსახლეობის 42-მა პროცენტმა სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება მოითხოვა, ესე იგი, ამ ქვეყნის 42 პროცენტი თავს ღატაკად თვლის და ამის შეგუება როგორ შეიძლება?! ასე კიდევ 4 წელი რომ გაგრძელდეს, ისე უკან წავალთ, რომ იქიდან ვეღარ გამოვალთ! ამიტომ, მინდა, ჩვენი მთავრობა ცოტა გამოფხიზლდეს და შიდა კინკლაობიდან მთელი აქცენტი იმაზე გადაიტანოს, ხალხი როგორ ცხოვრობს, თორემ ტელევიზიით ხალხის გართობით საქმე არ გამოდის!
_ მსგავსი დაპირება-შეძახილი არაერთხელ მოგვისმენია და ჩვენც მუდმივად მესიას ვეძებთ _ გვგონია, თუკი ადამიანი წარმატებულია, ესე იგი, ის ქვეყანასაც ააყვავებს! ბატონო პაატა, მოსახლეობისთვის მორიგი მესია ხომ არ ხართ?
_ ვანო, ღმერთმა დამფაროს, რომ მესიობაზე ვიფიქრო, მაგრამ საქართველო ფეხზე რომ დადგეს, ხელისუფლებაში ისეთი ძალა უნდა მოვიდეს, რომელსაც, პირველ რიგში, ხალხი უყვარს. ერთი სიტყვით, საქართველოს ფეხზე დაყენებას დიდი ამბავი არ უნდა! თუ სწორი ხალხი უხელმძღვანელებს და სწორი მიმართულებით წავა, საქართველო ფეხზე შეიძლება რამდენიმე წელში დადგეს. სხვანაირად, გეუბნებით, დავიღუპებით და ოთხი წელი კიდევ ასე რომ გაგრძელდეს, როგორიც დღესაა, მერე მართლა სასწაულის მოხდენა დაგვჭირდება! ეს ფონდიც ამიტომ დაარსდა და თუ მთავრობა ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, კარგი იქნება, თუ არადა, საქმეს სხვანაირად წავიყვანთ!
_ ამბობთ, ხალხი იმედგაცრუებულიაო და თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ?
_ ხალხი იმიტომ დაგვიჯერებს, რომ უნდა, რაღაც კარგი მოხდეს!
_ ბატონო პაატა, წეღან მითხარით, რომ ყველა კონტრაქტი გააუქმეთ და მონაწილეობას მხოლოდ საქველმოქმედო კონცერტებშიღა მიიღებთ. სცენა არ მოგენატრებათ?
_ ამას შენი ცხოვრების ნაწილი უნდა შეწირო და რაღაცაზე წახვიდე… დამიჯერეთ, ძალიან ძნელი ნაბიჯი იყო. ისეთი კარგი, ლაღი და აწყობილი ცხოვრება, როგორიც მე მქონდა, საქართველოში ორ ადამიანსაც არ ექნებოდა, მაგრამ მინდა, რომ ჩემი ცხოვრების მესამე ნაწილი ისე წარვმართო, ამ ქვეყნიდან კარგი ნამუსით წავიდე!
_ წეღანაც ვახსენე, ფონდი ფულთან ასოცირდება-მეთქი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ვინ გაფინანსებთ? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვიღაცებმა დაფინანსება შეგიწყვიტეს, ისიც ითქვა, თითქოს 5 მილიონს ,,ოცნება” გთავაზობდათ, მიშამ კი, თითქოს 8 მილიონი მოგცათ…
_ (იცინის) კარგი რიცხვებია… ყველაფერი ჩემი და ჩემი მეგობრების კაპიტალია, რომელთაც ვთხოვე, რომ დამეხმარონ.
_ ეს მეგობრები ქართველები არიან?
_ ქართველებიც და არაქართველებიც, თუმცა ძირითადად, ჩემი ფულია…
_ წესიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ამას არ გკითხავდით, მაგრამ ამ ეტაპზე, ფონდმა რა თანხა დახარჯა?
_ მოდით, ამაზე ნუ ვილაპარაკებთ… დასამალი არაფერია, მაგრამ ეს ძალიან შინაურული საქმეა. ხედავთ, ხალხი მუშაობს და ცოტა თანხა არაა დახარჯული. შეიძლება, მილიონერებისთვის არა, მაგრამ ჩემთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა.
_ მოკლედ, რეზიუმე რომ გავაკეთოთ: სააკაშვილთან კავშირი არ გაქვთ…
_ დიახ, აბსოლუტურად არ მაქვს!
_ და ნაციონალებს არც არჩევნებში დაეხმარებით? ვთქვათ, არჩევნების წინ ნაცმოძრაობიდან ვიღაცები რომ წამოვიდნენ, მიიღებთ?
_ ჩვენი გუნდის კარი ყველასთვის, ვინც კი საქართველოსთვის კარგს გააკეთებს, ღიაა და მნიშვნელობა არ აქვს, ნაციონალია, ,,ოცნებაა” თუ სხვა პარტიის წარმომადგენელი! ვანო, ძალიან გთხოვთ, ამას ხაზი გაუსვით: ჩვენ არ უნდა გავიყოთ ,,ჩვენიანებად” და ,,სხვისიანებად”!
_ ,,ჩვენიანებად” და ,,სხვისიანებად” გაყოფა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რუსული სპეცსამსახურების ხელწერააა…
_ ცოტა ღიმილით მიყურებთ, მაგრამ სწორედ გაერთიანება გვჭირდება და ამის გაკეთება ფანტასტიკა არაა!
_ იცით, რატომ მეღიმება? _ 20 წელზე მეტია ჟურნალისტიკაში ვარ და გულწრფელად გეტყვით: თქვენნაირი მოსაუბრე იშვიათად შემხვედრია. თუ ,,პროფესიულ ნეპოტიზმად” არ ჩამითვლიან, თქვენს ფონდში როგორ გავწევრიანდე?
_ გენაცვალეთ, მაგაზე ადვილი რა არის?! _ ახლავე გაგაწევრიანებთ.
_ და რა დამევალება?
_ ჩვენი ფონდის წევრებს იმ საქმეებისთვის ვიყენებთ, რაზეც ვლაპარაკობთ. აი, მაგალითად, თქვენი პროფესია იმაში დაგვჭირდება, როცა რამე პრობლემა იქნება, გეტყვით, ბატონო ვანო, გამოაქვეყნეთ, რადგან მთელმა საქართველომ გაიგოსო.
_ მერე, რომ იტყვიან, პავლიაშვილი ,,მოსყიდულიაო”?
_ ვიღაც რაღაცას ყოველთვის იტყვის. მეორე მხრივ, პრობლემები თქვენ უნდა მოგვაწოდოთ…
_ …ჭორების არ გეშინიათ?
_ რომ გეშინოდეს, არაფერი უნდა გააკეთო. ისე, წინასწარ ვიცი და გაფრთხილებულიც ვარ, ყველაფერ ამას რა პიარიც მოჰყვება.
_ ვინ გაგაფრთხილათ?
_ ყველამ… სახეზეცაა _ ფონდის შექმნაზე განვაცხადე თუ არა, ,,შავი პიარის” ზღვა წამოვიდა. მოკლედ, არაფრის მეშინია, მაგრამ ,,შავ პიარს” ველოდები! მას, ვისაც ეს ფონდი არ აწყობს, საქართველოს განვითარება არ უნდა!
_ ოპერის მსგავსად, მოჩვენებები პოლიტიკაშიც არიან?
_ არ ვიცი, პოლიტიკაში ჯერ არ შევსულვარ, მაგრამ მოჩვენებები, მგონი, ყველგან არიან! მთავარია, საღი აზრი გქონდეს და მოჩვენებების არ გჯეროდეს!
_ ისე, პოლიტიკაც ხომ სპექტაკლია?
_ რომ ვუკვირდები, პოლიტიკაც, სამწუხაროდ, ხანდახან სავალალო სპექტაკლია! მე თუ მკითხავთ, პოლიტიკოსი თავის რეპუტაციას კი არა, ქვეყნის ინტერესებს უნდა იცავდეს!
_ ლიბერალი ხართ ანუ ვინმეს ,,ტაბურეტკით” გამოუდგებით?
_ ასეთი რამ არ შეიძლება!
_ და თუკი პოლიტიკა სპექტაკლია, ამ სპექტაკლში მთავარ არიას შეასრულებთ, ან დადებითი პერსონაჟი იქნებით თუ უარყოფითი?
_ ვანო, რატომ გინდათ, მათქმევინოთ, რომ პოლიტიკაში ვარ? დღეს პოლიტიკაში ნამდვილად არ ვარ! მთავარ არიას კი ყველგან და ყველაფერში შევასრულებ _ ამის ამბიცია მაქვს!
_ ბოლო კითხვა თქვენ დამისვით, ბატონო პაატა და, მოვრჩეთ…
_ გჯერათ, რომ საქართველოს ფეხზე დაყენება შეიძლება?
_ ამის რომ არ მჯეროდეს, ჟურნალისტიკიდან წავიდოდი!
_ ესე იგი, ინტერვიუ ტყუილად არ მომიცია!
_ ანუ არ ნანობთ, რომ შემხვდით?
_ პირიქით…

versia.ge

ანო პავლიაშვილი

 

banner
წინა სტატიაში„ტყიბულის დამარცხება ყოველი ჩვენგანის დამარცხებაა“, – ტყიბულელი მეშახტეები საზოგადოებას მიმართავენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშილი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა