პაატა ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ჩვენ ყველანი დაუყოვნებლივ შესაცვლელი, მწარე რეალობის წინაშე ვდგავართ, ჩვენს ქვეყანას მართავს არა მთავრობა, არამედ არაფორმალური მმართველი, რომელსაც შეუძლია საჯაროდ იცრუოს, – ამის შესახებ პარტია “სახელმწიფოს ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“მთელი ცხოვრების მანძილზე ჩემი ქვეყნისთვის სიკეთის მეტი არაფერი გამიკეთებია, არავის აქვს უფლება სრულიად უსაფუძვლოდ და უპასუხისმგებლოდ მომაყენოს პირადი შეურაცხყოფა და შეეცადოს ჩემი ამომრჩევლისა და მთელი საზოგადოების მოტყუებას. ამით ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი ამხილა”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძე.

როგორც ბურჭულაძემ აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ის არის მატყუარა და მისგან მოვითხოვ საჯარო ბოდიშის მოხდას იმ არაერთი ცილისმწამებლური განცხადების გამო, რაც მან ბოლო დროს იკადრა. მან დამაბრალა, თითქოს თანადგომა მთხოვა და სანაცვლოდ დიდი ფული მოვითხოვე, რაც სრული სიცრუეა! სხვა ყოველი წინადადება, რაც ჩემ შესახებ ბრძანა იყო, ასევე სიცრუე! და აქ მთავარია არა ის, რომ ივანიშვილმა იცრუა ჩემ შესახებ, არამედ ის, რომ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც შეუძლია ასე უტიფრად მოატყუოს ხალხი. და ეს კაცი დღეს ჩვენ გვინიშნავს და გვიხსნის მინისტრებსა და პრემიერმინისტრებს. ბევრს, ჯერ კიდევ უკვირს რატომ თქვა უარი პაატა ბურჭულაძემ იმ ზღაპრულ ცხოვრებასა და პირობებზე, რომელიც მას ბედმა არგუნა. მე ნამდვილად შემეძლო რომელიმე წარმატებულ ქვეყანაში ფუფუნებაში გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, მაგრამ ამით არასდროს ვიქნებოდი ბედნიერი”, – აღნიშნა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა მრავალჯერ გაუცრუეს იმედი ქართველ ხალხს.

„დასავლეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩემ მეგობრებსა და გავლენიან პოლიტიკურ ლიდერებს შორის, უპირობო მხარაჭერა დაიმსახურა ჩემმა გადაწყვეტილებამ და იდეამ მოძრაობისა „სახელმწიფო ხალხისთვის“. მათ არ გასჩენიათ შეკითხვები, რადგან იქ ყოველი ადამიანი ცდილობს აკეთოს ის საქმე, რომლითაც პირველ რიგში სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და ეს იქ ნორმაა, ამის გარეშე ადამიანები ცხოვრების აზრს ვერ ხედავენ!

ხმამაღლა ვაცხადებ, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არასოდროს მიღალატია ჩემი სიტყვისთვის და ყველა დაპირება ბოლომდე მიმიყვანია. მე ქართველ ხალხს მივეცი პირობა, რომ ჩემ გუნდთან ერთად გამოვიყვან ამ ეკონომიკური და სამართლებრივი კრიზისიდან, მათ აღარ შეეშინდებათ ხვალინდელი დღის. ქართველი ხალხის სამსახურში ჩავაყენებ ყველა ჩემ ევროპელ და ამერიკელ გავლენიან მეგობარს, საქართველოს აღარავისთვის არაფერი ექნება სათხოვარი, საქართველო იქნება ძლიერი და გავლენიანი ქვეყანა”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილი ევროკავშირის მიწვევით მოლდოვას რესპუბლიკაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაკვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართულია 5-დან 17 წლის ასაკის ბავშვების 4,2 პროცენტი