ომბუდსმენი ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებას მიმართავს

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა საშუალება დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.

უჩა ნანუაშვილი 29 თებერვალს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მომხდარ ფაქტს ეხმიანება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ადიგენში სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ვითარების უკიდურესად დაძაბვა.

მათივე ინფორმაციით, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ადგილზე იმყოფებოდა ინფორმაციის გავრცელებისთანავე. სოფელ ადიგენში მცხოვრებ მუსლიმ თემს არ გააჩნია სასაფლაო და მიცვალებულთა დაკრძალვა მეზობელი სოფლების მუსლიმთა სასაფლაოზე ან საკუთარი სახლების ეზოებში უწევთ. პრობლემის მოგვარების მიზნით, რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმთათვის სასაფლაოს მოსაწყობად წარმოადგინა სოფელ ადიგენში შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფის რეკომენდაცია. თუმცა, ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა რეკომენდაციას არ დაეთანხმა, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო მოგვიანებით, ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. ნაცემია მუსლიმთა თემის სამი წარმომადგენელი.

“სამწუხაროდ, ამ რეგიონში პირველად არ მომხდარა განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანების დევნა და მათი რელიგიური წესების აღსრულებისათვის ხელის შეშლა. აღნიშნული დარღვევები თავის დროზე სათანადოდ არ იქნა გამოძიებული, დაუსჯელობამ კი ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ საზოგადოებაში განსხვავებული რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების ერთობლივ თანაცხოვრებას.

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება განვითარებულ მოვლენებს და ადგილობრივ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებას ურჩევს, რათა ვითარება არ დაიძაბოს და რელიგიური შუღლი უფრო ფართო მასშტაბით არ გაღვივდეს”, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უმოკლეს ვადაში გამოიძიონ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, რადგან დაპირისპირება და სამართალდამცავების დაგვიანებული ან არაჯეროვანი რეაგირება კიდევ ერთხელ არ გახდეს ძალადობის წახალისების საფუძველი.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე ჟურნალისტებს – დაგიმტვრევთ მაგ აპარატურას