ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ თვითმმართველობების როლი იზრდება

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობა მკაცრდება. ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში თვითმმართველობებიც ერთვებიან და პრევენციასთან ერთად, მათ ძალადობის მსხვერპლთა დაცვის, დახმარების თუ სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება ეკისრებათ.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებულ კანონებში ცვლილებები „ძალადობისგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა“ მოამზადა და პარლამენტმა ის პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები ეხება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და საქართველოს კანონში – „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.

აღნიშნულ თემაზე „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ორგანიზებით არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წამომადგენელთა შეხვედრა დღეს გაიმართა, სადაც ქსელის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.

როგორც ქსელის ხელმძღვანელმა ნატო შავლაყაძემ აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება თვითმმართველი ორგანოების როლის გაზრდის გზით: „კანონპროექტების მიზანია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობა და აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს უფლებამოსილება ენიჭებათ, ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გასატარებელ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა ოჯახში ძალადობის პრევენცია და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ასევე, უფლებამოსილება ენიჭებათ, ხელი შეუწყონ შესაბამისი თვითმმართველობის ტერიტორიაზე ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის შექმნას.

კანონპროექტის განხილვა პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ გახსნა. ელჩმა ოჯაში ძალადობის თემაზე პოლონეთის გამოცდილებაზე ისაუბრა, სადაც არასამთავრობო სექტორი და ადგილობრივო თვითმმართველობები აქტიურად თანამშრომლობს და დასძინა, რომ პოლონეთი წარმოდგენილი ინიციატივის აქტიური მხარდამჭერია.

საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის შეფასებით კი აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები რეალობას დიდი სიზუსტით პასუხობს. „იმედი მაქვს, ცვლილბებები კანონად ძალიან მალე იქცევა. პარლამენტი კანონპროექტს მიმიდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებს, თუმცა, კანონის მიღება არის ნახევარი საქმე, მთავარია, მისი განხორციელება“.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და ქალთა რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ბიზნესასოციაციის” წარმომადგენლები გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება