ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემაში პრობლემატურია – ეკა გიგაური

არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეებიდან, ნაწილის მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს.
გიგაური ამბობს, რომ ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემაში არის პრობლემატური, თუმცა გაუგებარია, დღეს რატომ ეწინააღმდეგებოდა ნინო გვენეტაძე მათ უვადოდ გამწესებას.

„ამ დანიშვნებში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც პრობლემატურები იყვნენ წინა წლების განმავლობაშიც და მათ სასამართლო სისტემაში ყოფნა ნამდვილად არ იყო პოზიტიური რამ. მათ საქმიანობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ამიტომ, ამ ოდიოზური მოსამართლეების უვადოდ გამწესება სასამართლო სისტემაში ცხადია, რომ არის პრობლემატური. თუ ამას ეწინააღმდეგებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ შემთხვევაში და ახლა რატომ ეწინააღმდეგებოდა. იმიტომ, რომ თავის დროზე, როდესაც მათი დანიშვნა ხდებოდა, გარკვეული მოსამართლეების რაოდენობას მანაც დაუჭირა მხარი,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ 34 მოსამართლის უვადოდ გამწესების ბრძანებას ხელი გუშინ გვიან ღამით, მოსამართლეებთან შეხვედრის შემდეგ მოაწერა.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში, არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის პერიოდი პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის ფონზე მიმდინარეობს -ISFED
შემდეგი სტატიანინო გვენეტაძე თანამდებობას არ დატოვებს