“ოცნების” კანდიდატის კომპანიას პროკურატურა სახელმწიფო ქონების გაფლაგვას ედავება, კერძო პირი კი _ ქონების წართმევას

„ქართულ ოცნება _ დემოკრატიულ საქართველოს“ ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში ნინო წილოსანი წარმოადგენს. მაჟორიტარი დეპუტატობის ახალი კანდიდატი გუშინ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ წარადგინა.

“ნინო წილოსანი წლების განმავლობაში იყო ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის საფინანსო-ეკონომიკური განყოფილების უფროსი, დღეს კი ამ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა”, _ განაცხადა კალაძემ ახალი კანდიდატის წარდგენისას.

თუმცა, “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს არ უთქვამს, რომ “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის “ხელმძღვანელობას, მათ შორის, ნინო წილოსანის მამას, ბადრი წილოსანს პროკურატურა სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვას ედავება და რომ ამ საქმეს დღეს სასამართლო განიხილავს.

2013 წლის 13 მაისს, განსაკუთებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით, დააკავეს შპს “საქართველოს რკინიგზის” სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი და შპს “ვაგონმშენებელის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი დავით ჯინჯოლია, მასთან ერთად, “სატვირთო გადაზიდვების” დირექტორი აბელ გიორგობიანი, გადაზიდვების მოძრავი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ჟღენტი, შპს “ვაგონმშენებელი კომპანიის” დამფუძნებელი ბადრი წილოსანი, გენერალური დირექტორი ირაკლი თოდუა, დირექტორები _ მამუკა დოლიძე და ვლადიმერ აბულაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ “საქართველოს რკინიგზასა” და “ვაგონმშენებელ კომპანიას” შორის ვაგონების გარემონტების მიზნით, 2008 წლიდან გაფორმდა 5 ხელშეკრულება, რომლებშიც საქართველოს რკინიგზამ 1 სატვირთო ვაგონის შეკეთებისთვის ხელოვნურად გაზრდილი თანხა _ 39 ათასი დოლარი დააფიქსირა. რეალურად კი ერთი ვაგონის შეკეთების საბაზრო ღირებულება 31 ათასი ლარი იყო. ამ ქმედებით, დაკავებულებმა შპს “საქართველოს რკინიგზას 65 მილიონი ლარის ზიანი მიაყენეს.

სისხლის სამართლის საქმე კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით აღიძრა, რაც 7-დან 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ მაშინ ვაგონშემკეთებელი ქარხნის მაღალჩინოსნები გირაოთი გაათავისუფლა, ხოლო ირაკლი ეზუგბაიას ორთვიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და “ქართული ოცნების” კანდიდატი ნინო წილოსანი  ამბობს, რომ კომპანიას დანაშაული არ ჩაუდენია და ეს დამტკიცდება:

_ ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია, რამდენად სუსტი და დაუსაბუთებელია ბრალდება. შესაბამისად, მარტივად დაინახავთ, რომ მართლები ვართ.

_ ამჟამად თქვენ სახელმწიფო გედავებათ 65 მილიონის გაფლაგვა-მითვისებას, ამ დროს კახი კალაძემ წარგადგინათ, როგორც წარმატებული ფინანსური მენეჯერი…

_ ჩვენ არ ვცხოვრობთ ისეთ სამყაროში, სადაც მიმდინარე პრობლემები, პროცესები არ იყოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ აქტუალური არაა ეს საკითხი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გაარკვევს პროკურატურა.

_ პროკურატურა ტყუის?

_ არა. იცით რა? ყოველთვის ასეა, როცა საქმე მიმდინარეობს, არავინაა ბრალდებული.

_ დღემდე ბრალდებულის სტატუსი აქვთ მამათქვენსაც და კომპანიის სხვა ხელმძღვანელებსაც…

_ მესმის, მაგრამ იურიდიული ტერმინებით შეიძლება ვერ გაგცეთ პასუხი, _ ამბობს წილოსანი, რომელსაც პარლამენტარობის ამბიცია აქვს და პარლამენტში არჩევის შემთხვევაში, კანონშემოქმედებითი საქმიანობა მოუწევს.

წილოსანის თქმით, კომპანია აუცილებლად დაამტკიცებს უდანაშაულობას:

_ მე შემიძლია, ასევე, მოგაწოდოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ ბიუჯეტში შენატანების შესახებ. ზოგადად ის, რაზეც ბატონმა კახიმაც გააკეთა აქცენტი, ის, რაც კომპანიამ გააკეთა. მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ ვართ მესამე ქვეყანა, რომელიც ახალ ვაგონებს აკეთებს და ეს მარტივი საქმე არ არის _ მე გეტყვით ჩვენი კომპანიის პოზიციას და დანარჩენი არ ვიცი _ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ აზრს გამოიტანთ.

_ ჩვენ კონკრეტულ კითხვებს ვსვამთ და შეფასებებს მკითხველს ვანდობთ _ პროკურატურა მტყუანია თუ მართალი?

_ვერ გეტყვით, პროკურატურა როგორ მუშაობს. შემიძლია გითხრათ, რომ კომპანია ამ დავაში მართალია და ასევე შემიძლია დავაყოლო, რომ ლოგიკურია, დავა წარმოიშვას პროკურატურასა და გარკვეულ კომპანიას შორის. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. ყველგან ხდება მსგავსი. იმაზე აპელირება, პროკურატურა მტყუანია თუ მართალი, არასწორია. მაშინ საერთოდ არ უნდა იყოს ეს სისტემა და აბსურდში გადავალთ, რომ გითხრათ რაღაც. გარწმუნებთ, რომ ეს დავა დასრულდება კომპანიის გამართლებით, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატმა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დავის პარალელურად, სასამართლო ასევე განიხილავს კერძო დავას _ ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე ბადრი წილოსანს და დავით კეზერაშვილს ქონების იძულებით წართმევაში ადანაშაულებს.

სააქციო საზოგადოება “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” ყოფილმა აქციონერებმა საზოგადოების ამჟამინდელ მფლობელს ბადრი წილოსანს და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს კუთვნილი წილების იძულებით დათმობაში ბრალი ჯერ კიდევ სამი წლის წინ წაუყენეს და განცხადებით პროკურატურასაც მიმართეს.

შპს “თ. ჯ. თრეიდის” გენერალური დირექტორი დავით აბრამიშვილი, რომელიც “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წილის 52.63%-ს 2008 წლის 17 სექტემბრამდე ფლობდა, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავს, რომ კომპანიის თანამშრომლებსა და მფლობელებზე, 2008 წელს, ფინანსური პოლიციის მაღალი და დაბალი რგოლის თანამშრომლების მხრიდან ხდებოდა ზეწოლა, რომ “თ. ჯ. თრეიდს” თავისი წილი უნდა გადაეცა “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” კიდევ ერთ მეწილე ბადრი წილოსანზე.

“წილის გადაცემა დოკუმენტურად უნდა გაფორმებულიყო ნოტარიუს ო. ზოიძის სანოტარო ბიუროში, რომელიც მდებარეობდა მარჯანიშვილის #5-ში. დილიდან (2008 წლის 17 სექტემბერი) შპს “თ. ჯ. თრეიდის” ოფისში და ოფისთან მორიგეობდნენ შეიარაღებული ნიღბიანი ადამიანები, მათ შორის, ფინანსური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დაკავებული იყვნენ საბუთებზე ხელმოწერებითა და განსაკუთრებით ორივე ორგანიზაციის („თ. ჯ. თრეიდი“ და ქარხანა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ საყვარელიძის კონტროლით”, _ წერს ახსნა-განმარტებაში “თ. ჯ. თრეიდის” დირექტორი დავით აბრამიშვილი, რომლის ჩვენებასაც სააგენტო „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

წილის იძულებით გადაფორმებაზე საკუთარ ჩვენებაში წერს “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძე, რომლის მტკიცებით, „ბადრი წილოსანის ვაჟი, ირაკლი წილოსანი დავით კეზერაშვილის ახლო მეგობარია და სწორედ ამ მეგობრობის დამსახურებით მოხდა მისთვის ქონების წართმევა“.

“გურია ნიუსთან” საუბრისას საყვარელიძე აღნიშნავს, რომ მისი სიტყვების და ბრალდებების დამამტკიცებელი ყველა დოკუმენტი სასამართლოშია წარდგენილი:

_ პროკურატურის უმოქმედობის გამო, სასამართლოს მივმართეთ და ყველა მტკიცებულება წარვადგინეთ, _ ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, მისი ოჯახის წევრებზე ტერორი და ზეწოლა ხორციელდებოდა იმის გამო, რომ შეთანხმება არ დაერღვია:

_ ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, ღამის 8 საათიდან 12 საათამდე როგორ წაგვიყვანეს ნოტარიუსის ოფისში და იძულებით გადამაფორმებინეს ბადრი წილოსანისთვის ქონება. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ფიქტიური გადარიცხვა “თი ბი სი ბანკში” არასამუშაო საათებში გახორციელდა, _ იხსენებს საყვარელიძე, რომელიც პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს:

_ მე ერთხელ უკვე ვიყავი პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი 1994-1999 წლებში. მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის გამო, რომ ქვეყანაში ბიზნესს დაცვა სჭირდებოდა, თორემ პოლიტიკოსობა ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. არ მოვყვები დეტალებს, თუ რა გავაკეთე და რომელი კანონის შექმნაში მივიღე მონაწილეობა. ვფიქრობ, საქმის გაკეთება შევძელი. ახლაც იგივე გარემოებაა _ მიუხედავად მოლოდინისა, სამართალი ჯერ კიდევ ვერ აღდგა. “ნაციონალების” დროს 6 წელი იძულებით ემიგრაციაში ვიყავი. ქვეყანაში, ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის იმედით დავბრუნდი, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა და ბრძოლა წინაა, _ ამბობს საყვარელიძე ჩვენთან საუბრისას, რომელსაც “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია თბილისში, მუხიანის 22-ე ოლქში კანდიდატად დღეს წარადგენს.

საყვარელიძის თქმით, ადამიანებს სამართლიანობის განცდა არ უნდა დაეკარგოთ:

_ როდესაც ნინო წილოსანის წარდგენა ვნახე, გამეცინა. დაასახელეს როგორც “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის” წარმატებული ფინანსური მენეჯერი. ეს ის “მენეჯერია”, რომელიც ჩემს დროს რიგითი ბუღალტერი იყო და თანამდებობა შემდგომში დაიკავა. თუმცა, იმ პერიოდზე, როდესაც მას მენეჯერის სტატუსი ჰქონდა, სახელმწიფო დღესაც დაობს _ სასამართლოში ჩემი კერძო დავის პარალელურად, განიხილება საქმე, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი 65 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ეხება.

ამ საქმის გამო, სამი წლის წინ კომპანიის ყველა ხელმძღვანელი პირი დააკავეს ნინო წილოსანის გარდა. მათ შორის იყო ბადრი წილოსანი, რომელმაც კეზერაშვილთან ერთად ქონება წამართვა. სასამართლომ ბადრი და კიდევ რამდენიმე პირი გირაოთი გამოუშვა. ისინი დღესაც ბრალდებულები არიან სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში. აი, ასეთი წარმატებული მენეჯერია „ოცნების“ დღევანდელი კანდიდატი და ვფიქრობ, რომ ეს ხალხის დაცინვაა, _ ამბობს საყვარელიძე, რომელიც დარწმუნებულია, რომ პროკურატურისგან განსხვავებით, რომელიც წარმომადგენლები, მისივე თქმით, წილოსანს ლობირებენ, სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს.

ნინო წილოსანი ამ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ საყვარელიძემ კომპანიაა გააკოტრა:

_ ჩვენი ოჯახის საკუთრებაა ეს კომპანია 1999 წლიდან. ავთანდილ საყვარელიძე არის პიროვნება, რომელმაც 2004 წელს, “ნაციონალების” მოსვლის პროპორციულად, პარალელურ რეჟიმში, დააჭერინა მამაჩემი და ციხეში სახელმწიფოსთვის აჩუქებინეს 51 პროცენტი. შემდეგ, ეს წილი პირდაპირი მიყიდვის წესით მიყიდეს საყვარელიძეს. ამის მერე საყვარელიძემ გააკოტრა ქარხანა და 73 მილიონი ლარის დავალიანება „აკიდა“. ბოლოს კი ეს გაკოტრებული ქარხანა წარმატებულად მოგვყიდა უკან და სამი მილიონი ლარი ჯიბეში ჩაიდო.

_ 2004 წელს თუ საყვარელიძემ მოახერხა და მამათქვენის დაკავებით ქონება ხელში ჩაიგდო, თქვენ როგორ მოახერხეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს, 2008 წელს ისევ თქვენზე გადმოფორმებულიყო?

_ თქვენ ფიქრობთ, რომ მოხერხებაა, როცა კომპანიას 73 მილიონი ლარის დავალიანებას უტოვებს?! საყვარელიძეს, ქარხნიდან, პირად კომპანიაში 28 მილიონი ლარი აქვს გადატანილი, რაზეც შედარების აქტიც გვაქვს და სასამართლოც მოვიგეთ. ამ პირობებში, რომ სამ მილიონ ლარს ვურიცხავთ და პლუს “ქეშს” რომ აიღებს ადამიანი, გგონიათ, ეს მოხერხებაა და რაიმე ლოგიკაში ჯდება?

_ “ნაციონალური მოძრაობის” დროს ქონების ასე გადაფორმებას მოხერხება ნამდვილად სჭირდებოდა. არ გვეთანხმებით?

_ შინაარსს რატომ არ უყურებთ? საყვარელიძემ კომპანია გააკოტრა და 28 მილიონი სახლში წაიღო.

_ გაკოტრებული კომპანია თქვენ რაში გჭირდებოდათ?

_ ეს არის ჩემი ოჯახის კომპანია და ბიზნესის გარდა, გვაქვს ძალიან დიდი ვალდებულება თითოეული თანამშრომლის წინაშე, რადგან მამაჩემი 20 წლის ასაკიდან მანდ მუშაობს. ერთად მოდიან, ერთად იზრდებიან. ეს არის ოჯახური ბიზნესი და გარდა ბიზნესისა, არის პირადი ურთიერთობა და პასუხისმგებლობები. ამას ვამბობ ძალიან დიდი სიამაყით და ეს მარტივი საქმე არ არის. მაშინ როცა ქარხნები იჭრებოდა და ჯართში ბარდებოდა, მამაჩემმა შეინარჩუნა ეს ქარხანა, დამატა კიდევ ორი და ამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას დაწვრილებით მოგაწვდით.

_ საყვარელიძე ამბობს, რომ ქონების გადაფორმება კეზერაშვილის დახმარებით მოახერხეთ, რადგან თქვენი ძმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ახლო მეგობარია…

_ ეს აბსურდია და არანაირ ინფორმაციას არ ეყრდნობა. საყვარელიძეს ცოტა უფრო მეტი მორალი რომ ჰქონდეს, ნაკლები პათეტიკით და ნაკლებად ისაუბრებდა ზოგადად. საერთოდ, ესეთი ადამიანები რომ არ ისჯებიან, იმიტომ საუბრობენ, ალბათ, ამდენს.

_ რას იტყვით იმ დოკუმენტზე, რომელიც ჩვენც გვაქვს და რომლითაც დასტურდება, რომ თანხის გადარიცხვა გახორციელდა “თი ბისი ბანკში” არასამუშაო საათებში…

_ ჩვენ გვაქვს კონტრაქტი, რომელშიც წერია, რომ თუკი თანხის გადარიცხვა არ მოხერხდებოდა იმავე დღეს, მეორე დღეს დაგვეკისრებოდა საკმაოდ მაღალი ფინანსური ჯარიმები. ჩვენ „თი ბი სი ბანკის“ ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი ვართ…

_ ღამის ცხრა საათზე, როცა ბანკი დაკეტილია, როცა ეროვნული ბანკი არ მუშაობს, გადარიცხვა არ ხორციელდება, ქალბატონო ნინო…

_ როდესაც დიდი თანხაზეა საუბარი, როდესაც ასეთი კლიენტი ითხოვს, როცა ეროვნული ბანკი ატარებს, კერძო ბანკს არანაირი პრობლემა არ აქვს და „თი ბი სი ბანკს“ ასეთი რამ ბევრ შემთხვევაში გაუკეთებია. შეგიძლიათ, გამოითხოვოთ ინფორმაცია…

_ კი, ასეა _ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს „თი ბი სი ბანკი“ ღამის გადარიცხვებს ხშირად ახორციელებდა…

_ ჩვენ კანონის დარღვევით არაფერი გაგვიკეთებია და ამის დამამტკიცებელ მასალებს აუცილებლად მოგაწვდით, _ გვითხრა წილოსანმა.

 

წყარო: http://gurianews.com

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტული პარტია” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: იმაზე ნუ ვუსაყვედურებთ ზოგ ბიზნესმენს, რომ თავი არ დაარბევინა სააკაშვილის რეჟიმს