,,ოცნების,, ბანერები და ფაროსანას ამარა დარჩენილი სოფელი…

საქართველოს ბევრ რაიონში და მათ შორის სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფლებს თითქმის ნახევარი წელია პატრონი არ ჰყავთ, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ასვე გადატანითი მნიშვნელობით.

მას შემდეგ, რაც გასული წლის ოქტომბრის თვეში ადგილობრივი ორგანოების არჩევნები ჩატარდა და ,,ქართულმა ოცნებამ,, ბრეჟნევის დროინდელი კომუნისტური პარტიის შედეგები დადო, სენაკშიც და სხვა რაიონებშიც, სოფლებში მერის რწმუნებულებს უფლებამოსილება ისე შეუჩერეს, რომ მოსახლეობისათვის თავად მუნიციპალიტეტების მერებს, არანაირი ახსნა განმარტება და პირობა, ამ თემაზე არ მიუციათ.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერი – ლევან კუპრეიშვილი, სოფლის მოსახლეობის მხოლოდ ,,მეოცნებე,, ნაწილმა და ისიც მხოლოდ ერთხელ, წინასაარჩევნო შეხვედრაზე ნახა და ეს ამბავი, ამ სივრცეში, არც ისე დიდ უბედურებად მიაჩნიათ… სახეზე მერის ამოცნობა ხომ ნამდვილად არავის გაუჭირდება. მისი საარჩევნო ბანერები, გასული არჩევნებიდან მოყოლებული, ამ დრომდე დგას სენაკის ბაზრის შესასვლელთან, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ხშირად შედის. ეტყობა, რომ ,,ოცნების,, მერობის კანდიდატმა და ახლანდელმა მერმა, ზომაზე მეტი თანხა გადაუხადა ბანერის მფლობელ სარეკლამო კომპანიას, რათა ასე უფრო დაემახსოვრებინა თავი მოსახლეობისთვის. სოფლის პრობლემების მოგვარებით კი – ახალი მერი თავს დიდად არ იწუხებს.

სენაკის სოფლების მოსახლეობას უკვე მეექვსე თვეა ვერ გაურკვევია, თუ რატომ არ ჰყავს ამდენ ხანს სოფელს (თემს) თავკაცი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლების ფუნქციას შეასრულებს და მოქალაქეებს, სხვა თუ არაფერი, საჭირო ცნობას მაინც გასცემს. არავინ იცის, რატომ არ დადიან სამსახურში ყოფილი რწმუნებულები, გაანთავისუფლეს ისინი თუ უვადო მოლოდინის რეჟიმში გადაიყვანეს. რაც შეეხება სოფლებში არჩეულ საკრებულოს დეპუტატებს ,,ოცნებიდან,, , მათი უდიდესი უმრავლესობა, ძირითადად ქალაქშია ბაზირებული და სათოფეზე არ ეკარება სოფლის პრობლემებს.

მთელი ზამთარი ისე გავიდა, რომ სოფლის მოსახლეობას არც საკუთარ ტერიტორიაზე შეშის ჭრისთვის საჭირო საბუთი მიუღია უფლებამოსლება შეჩერებული რწმუნებულისაგან და არც საქონლის გასაყიდად საჭირო დოკუმენტი, რის გამოც იძულებული იყვნენ, ან უკანონოდ მოქცეულიყვნენ, ან მათთვის მნიშვნელოვანი თანხა დაეხარჯათ, რათა საჭირო საბუთის მისაღებად, საკუთარი სახსრებით, ქალაქის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენელი ჩამოეყვანათ ადგილზე და ისევ წაეყვანათ უკან. ასეთ გაწამაწიაში გავიდა ზამთარი, თუმცა არც გაზაფხულის დადგომით დაადგა პრობლემას საშველი. ვერც გაზაფხულმა გააღვიძა ხელისუფლებაში სოფლის პრობლემების მიმართ ყურადღება და სოფლები ამ დრომდე უპატრონოდ რჩება… სამაგიეროდ გაზაფხულმა, სამეგრელოში კარგად გამოძინებული და გამოზამთრებული ფაროსანა გააღვიძა, რომლის რაოდენობას და აქტიურობას, წინა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაათმაგებულად გრძნობენ სოფლის მაცხოვრებლები. სულ მალე ფაროსანას გამრავლების დრო დადგება და ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ვინმე, მათი პოპულაციის 200-ჯერ გაზრდას შეუშლის ხელს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას საკუთარი წარმომადგენლების დასანიშნად კი არა – უფრო გასაქცევად ექნება საქმე.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა – „მცოცავი საზღვრის“ შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაზახაროვა: “თბილისმა აღიარა, რომ აფხაზები და ოსები საქართველოს მოქალაქეები არ არიან”