“ნოვიჩოკის” გამომგონებლის დასკვნები სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებულ ნივთიერებაზე

უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, სავარაუდოდ, ფენტანილით მოწამლეს – ნივთიერებით, რომელიც ნარკოტიკების შესაქმნელად გამოიყენება – ამის შესახებ ქიმიური იარაღი “ნოვიჩოკის” ერთ-ერთმა შემქმნელმა ლეონიდ რინკმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მეცნიერის თქმით, ფენტალინი რუსეთში გამოიყენებოდა არმიაში და ძალოვან სტრუქტურებში სპეციალური ნივთიერების შესაქმნელად, განსაკუთრებით, გამაყუჩებლის სახით. ასევე, მისგან დამზადებული გაზი გამოიყენეს მოსკოვში, დუბროვკას თეატრალურ ცენტრში, სადაც მაყურებლები ტერორისტებს მძევლად ყავდათ აყვანილი. “სკრიპალის შემთხვევაში სურათიც იგივე იყო, განსაკუთრებით, გამოჯანმრთელების პერიოდი” – ამბობს მეცნიერი. მისი თქმით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც სკრიპალი მოწამლულია მაღალი სისუფთავის ტოქსინით, მოწმობს იმაზე, რომ ნივთიერება, რომელიც სოლსბერიში გამოიყენეს, მისი გამოგონილი არ არის. მეცნიერის თქმით, “ნოვიჩოკი” არამდგრადი ნივთიერებაა, ამიტომ დანაშაულის ადგილზე, იპოვიდნენ არა ტოქსიკურ ნივთიერებებს, არამედ, საწამლავის არატოქსიკურ პროდუქტებს.
“იმ კარზე წასმული კრემისებრი ნივთიერება სუფთა “ნოვიჩოკი” რომ ყოფილიყო, რომელიც ბრიტანელებმა სკრიპალების კარის სახელურზე იპოვეს, სკრიპალები კარებიდან 50 მეტრზე მეტს ვერ გაივლიდნენ და ადგილზევე მოკვდებოდნენ” – ამბობს რინკი.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ 12 აპრილს გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, სკრიპალების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება, ამასთანავე, მისი სახელი არ ზუსტდება. 14 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შვეიცარიის ლაბორატორიის ექსპერიზაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ სკრიპალების წინააღმდეგ გამოიყენეს ნივთიერება BZ, რომელსაც ნატოს წევრი ქვეყნები აწარმოებენ. პორტონ-დაუნის ლაბორატორიის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სოლსბერიში “ნოვიჩოკი” იყო გამოყენებული, ამასთანავე, მათ მისი მწარმოებელი ქვეყანა არ დაუსახელებიათ.

სერგეი და იულია სკრიპალები ლონდონთან ახლოს მდებარე სოლსბერიში 4 მარტს მოწამლეს. სერგეი სკრიპალი დღემდე საავადმყოფოშია. იულია სკრიპალი კი საავადმყოფოდან გაწერეს.

banner
წინა სტატიაშიFacebook-მა ცუკერბერგის დაცვაზე მილიონობით დოლარი დახარჯა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ყველაზე მახინჯი ძაღლი მოდელი გახდა