ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაცია იწყება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე დღეს სოფელ ნოქალაქევს (სენაკიდან 17 კილომეტრი) ეწვევიან და მუზეუმ-ნაკრძალს დაათვალიერებენ.

ნიკოლოზ ანთიძე სარეაბილიტაციო პროექტის პრეზენტაციას გამართავს.

ნოქალაქევის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. წელს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია მილიონ სამასი ათასი ლარი. მთლიანობაში, მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სრულად საქართველოს მთავრობა აფინანასებს.

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია, IV-VIII სს. ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფოს დედაქალაქ ,,ციხეგოჯს”, ,,არქეოპოლისს” წარმოადგენდა.

ეგრისის მეფეთა რეზიდენცია განლაგებული იყო 20 ჰექტარზე და სამი ნაწილისგან შედგებოდა: მთავარი – ქალაქის ქვედა ნაწილი; მონაკვეთი ფერდობზე – გარნიზონისთვის და მთის პლატოზე მოთავსებული – შიდა ციხე. სამნაწილიანი ქალაქი გარშემორტყმული იყო IV, V და VI საუკუნეებში აგებული სამი მტკიცე კედლით.

სხვადასხვა დროს წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ნოქალაქევის ტერიტორიზე აღმოჩენილია გალავან-სამზღუდი, ანტიკური ხანის ციტადელის ეგრისის მეფეთა სასახლეების ნაშთები (IV-VI სს.), სამეფო და სამოქალაქო აბანოები, წყალსაცავი (IV-VI სს.), მდინარეზე გამავალი საიდუმლო გვირაბი, IV-VI საუკუნეთა ეკლესიების არქეოლოგიურად გამოვლენილი ნაშთები, XVI-XVIII სს. მხატვრობით შემკული ,,ორმოც მოწამეთა” გუმბათიანი ტაძრი (VI ს.).

დღეისთვის ფუნქციონირებს არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილიანოქალაქევის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტები (ძვ. წ. II ათასწ. – XIX ს.).

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით, კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ“ ისტორიული ეგრისის (დასავლეთ საქართველო IV-VIII სს.) სამეფო დედაქალაქის „ციხეგოჯი“ ,,არქეოპოლისის” განვითარების, 22 ცალკეული კომპონენტისგან შემდგარი საპროექტო დოკუმენტაცია მოამზადა.

დოკუმენტაციაში წარმოდგენილი კომპონენტების შესრულება შესაძლებლობას იძლევა, ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი შესაბამისი ნომინაცია მომზადდეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა და რუსეთმა სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმა შეიმუშავეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვერენჩხილაძე : ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა საკონსტიტუციო სასამართლომ ღირსეულად შეძლოს თავისი ძირითადი ფუნქციების შესრულება