ნიუ-იორკის სასამართლომ საქართველოში დაბადებულ 68 წლის მოშე მირილაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ საქართველოში დაბადებულ, 68 წლის მოშე მირილაშვილს ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო გაყიდვისთვის 13 წლითა და ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც BBC-ის კორესპონდენტი ნიუ-იორკში იტყობინება, მირილაშვილი უკანონოდ ყიდდა ოქსიკოდონს – ნარკოტიკის შემცველ ტკივილგამაყუჩებელს, რომელსაც ყოველწლიურად 13 მილიონი ამერიკელი მოიხმარს.

მოსამართლის განაჩენი ნაფიცმსაჯულთა ვერდიქტს ეყრდნობოდა, რომლებმაც ექიმი მირილაშვილი დამნაშავედ ცნეს. დამატებითი სასჯელის სახით სასამართლომ ბრალდებულს ორი მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. მირილაშვილის სახლის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა 1,75 მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული აღმოაჩინეს.

პროკურატურის ცნობით, 2012 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე მირილაშვილმა გამოწერა დაუსაბუთებელი 10 ათასზე მეტი რეცეპტი, ანუ მილიონი აბი ოქსიკოდონი. ის პაციენტებს ვიზიტის სანაცვლოდ 200 ან 300 დოლარს ართმევდა.

“საქმის არსით, მოშე მირილაშვილი იყო ნარკოდილერი, რომელიც ექიმად აჩვენებდა თავს”, – განაცხადა ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქის გენერალურმა პროკურორმა პრიტ ბჰარარამ.

გამოძიება მირილაშვილის წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობლებმა მის სახლთან ხალხის რიგი შენიშნეს და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინეს. გამოძიება ორ წელს გრძელდებოდა და მირილაშვილისა და კიდევ ათი ნარკოდილერის დაკავებით დასრულდა. სხვა დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.

მირილაშვილს 1996 წელს დარღვევებისთვის ექიმის ლიცენზია ჩამოართვეს, რომლის აღდგენაც მან მხოლოდ 15 წლის შემდეგ შეძლო. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატები ამტკიცებენ, ექიმმა რამდენიმე თანამშრომელი აიყვანა, რომლებიც ნარკოდილერები აღმოჩნდნენ და მისგან მალულად მედიკამენტების რეცეპტებით ვაჭრობდნენ.

მირილაშვილი საქართველოში დაიბადა. მან სამედიცინო უნივერსიტეტი ორენბურგსა და თბილისში დაამთავრა. 1974 წელს ოჯახთან ერთად აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ემიგრაციის მიზეზად ის ანტისემიტიზმს ასახელებდა.

banner
წინა სტატიაში“ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემა არის ნამდვილად ისტორიული მოვლენა”
შემდეგი სტატიასაქართველოში მსხვილი საინვესტიციო ფონდები შემოდიან