ნინო კალანდაძე: ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ ერთს – ერთი ვიწრო ჯგუფის კლანური ინტერესის გამარჯვებას

nino_kalandadze_23417მერწმუნეთ, ძალიან მიჭირს ამ ბინძურ კამპანიაზე ასე ღიად საუბარი. თუმცა, დღეს “კუკუ – დამალობანას” თამაშის დრო აღარ არის. სიცრუეზე დამყარებულ, ახალ და კიდევ უფრო მდაბიო კამპანიას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს. აწ უკვე ოფიციალურად უმცირესობაში მყოფი ჯგუფი, რომელიც პარტიის შიგნით ძალაუფლების უზურპაციას თვეებია, თუ არა წლები, ცდილობს, გამოუცდელ, ახალბედა პოლიტიკოსებს იყენებს ბინძური კამპანიის ასაგორებლად; გამოგონილი, შეთხზული, ერთ ოთახში დაწერილი “ბრალდებების” ტირაჟირებისთვის. ერთადერთი მიზნით, რომ გამოიწვიოს საზოგადოების და პირველ რიგში, ენმ.ის მომხრეების დეზორიენტაცია. ენმ.ის მმართველი რგოლის ნაწილი, რომელიც სრულიად მოწყდა თავის ამომრჩეველს და პარტიის შიგნით არსებულ რეალობას, პირველად არ იყენებს ამ მეთოდს. თავდაპირველად ისეთი სურათის შექმნა სცადეს, თითქოს პარტიის უდიდესი ნაწილი პარლამენტის ბოიკოტირებას მოითხოვდა მათგან (მტკნარი სიცრუე!); შემდეგ შეთხზეს ლეგენდა, რომ, თურმე, პარტიის თავმჯდომარის საკითხზე უკომპრომისობა იყო ბელადომანობა და კერპთაყვანისმცემლობა და ამის გამო, ლამის მოღალატეებად გამოგვაცხადეს. პოლიტსაბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ კი საკუთარი თავის ვიქტიმიზაციას შეუდგნენ, თითქოს მათ ვინმე პარტიიდან განდევნას უპირებდა (მტკნარი სიცრუე!). ახლა სიმდაბლის ახალ სიღრმეზე დაეშვენ და ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკრი მოტივებით დევნილი და დაპატიმრებული ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა დაიწყეს. ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის, რომ გამოგონილ საფრთხეებზე გადაიტანონ ენმ-ის მხარდამჭერების ყურადღება და ხელოვნურად გამოწვეული დაბნეულობის ფონზე მიაღწიონ საკუთარ მიზანს: პარტიის მმართველი ინსტიტუტების უზურპაციას და სააკაშვილის ენმისგან ჩამოშორებას, რაც არის ივანიშვილის ოცნებაც. მეგობრებო, კოლეგებო, თანამებრძოლებო და უბრალოდ საღი აზრის მქონე თანამემამულეებო, გთხოვთ გაიაზროთ, რომ ეს ბინძური კამპანია ემსახურება მხოლოდ ერთს – ერთი ვიწრო ჯგუფის კლანური ინტერესის გამარჯვებას, თუნდაც იმის ხარჯზე, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ დიდხანს ვერ შეძლოს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური, დამღუპველი მმართველობის დასრულება. უკიდურესად მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ჩვენი ერთადერთი სასიცოცხლო გამოწვევა დღეს არის არა კერპთაყვნისმცემლობის გამოგონილი საფრთხე ან დემონიზებული პოლიტპატიმრები, არამედ ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი, უკიდურესად არაკომპეტენტური და მავნებელი ხელისუფლება. ვინც დღეს ცდილობს ენმ.ის ამომრჩევლის და ქართული საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ის ირიბად ან პირდაპირ ემსახურება ბიძინა ივანიშვილის მმართველობის გახანგრძლივებას. ვინც ამ გზას ირჩევს, ნება მისია, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა არ დაუშვებს საზოგადოების ყურადღების გადატანას რეალური გამოწვევიდან გამოგონილ საფრთხეებზე, რაც უნდა უკადრებელი მეთოდები გამოიყენონ ამ ბინძური კამპანიის დამგეგმავებმა და განმახორციელებლებმა-წერს ნინო კალანდაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ნინო კალანდაძე

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ზოგიერთ ქვეყნის გარეთ, დევნილობაში მყოფ ფიგურას აქვს გავლენა ზოგიერთ ჯგუფზე
შემდეგი სტატიათოვისა და ლიპყინულის გამო, რამდენიმე მიმართულებით მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული