ნინო ჯავახაძე – 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები შეაჯამეს. მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარების მაჩვენებლების შეფასება. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, 2017 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა, ხოლო სექტორის გამოშვება – 18.9%-ით. ზრდა არის კერძო სექტორში დასაქმების მიმართულებითაც. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 6%-ით გაიზარდა. მზარდი ტენდენცია შენარჩუნდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის თვალსაზრისითაც. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 13.2%-ით არის გაზრდილი და 1 106.9 ლარს შეადგენს.

„ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები. ამ მხრივაც დადებით ტენდენციებია. კერძოდ, 2017 წლის 7 თვეში ექსპორტის ზრდამ 28,9% შეადგინა. გაზრდილია შემდეგი პროდუქტების ექსპორტი: სპილენძის მადნების და კონცენტრატების ექსპორტი 21%-ით; ფეროშენადნობის ექსპორტი 14%-ით; ღვინის ექსპორტი 38%-ით; სამკურნალო საშუალებების ექსპორტი 105%-ით; სპირტიანი სასმელების ექსპორტი 52%-ით.“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მისივე თმით, აღსანიშნავია მონაცემები ტურიზმის მიმართულებით. კერძოდ, მხოლოდ 2017 წლის აგვისტოში საქართველოში ტურისტების რეკორდული რაოდენობა – 1 მილიონზე მეტი ადამიანი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 27.4%-ით მეტია. 24 საათი და მეტი ვადით დარჩენილი ტურისტების რაოდენობამ 573.4 ათასი ადამიანი შეადგინა (ზრდა 27.2%).

banner
წინა სტატიაში,,ტრამპი ჩემი პატარძალი არ არის, ამიტომ იმედგაცრუებული ვერ ვიქნები”
შემდეგი სტატიამოსკოვთან ახლოს სკოლაში მოზარდმა ცეცხლი გახსნა