ნინო გვენეტაძე საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პრეტენზიებს პასუხობს

„ერთობა“ - ნინო გვენეტაძის დილემა თუ პარტნიორები?!

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საერთო სასამართლოებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში გვენეტაძე მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის მიერ დღევანდელ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და მას “გაუგებარს” უწოდებს. “საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევიდან დღემდე, აქტუალური საკითხი, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას უკავშირდება და მოიხსენიება, როგორც მესამე ტალღის კანონპროექტები, ხმაურიანი და ცხარე განხილვის საგანია სასამართლო კორპუსში. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინიციატივით წარმოებული საჯარო დიალოგი ამ რეფორმის შესახებ, რასაც აქტიურად აშუქებდა მედიაც, საზოგადოებისათვის ცნობილია. სარეფორმო წინადადებებს შორის არის მსხვილი სასამართლოების თავმჯდომარეთა არჩევის წესი, რაც გულისხმობს მათ მიერ არა მხოლოდ მენეჯერული ფუნქციების განხორციელებას, არამედ სამართალწარმოების პროცესში რამდენიმე მსხვილი სასამართლოს თავმჯდომარის, უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის მიერ სამოსამართლო ფუნქციის განხორციელებას. აღნიშნულ ინიციატივას მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა მამუკა ახვლედიანის მხრიდან. მან არაერთგზის განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს, როგორც ყველაზე დიდი სასამართლოს, ორგანიზაციულ და მენეჯერულ უზრუნველყოფასთან ერთად, მის მიერ საქმეთა განხილვა რთულია. მიუხედავად ამისა, იგი საჯარო დებატებში მკვეთრი განცხადებებით არ გამოირჩეოდა. სარეფორმო წინადადებებზე, მოსამართლეთა შორის საქმეთა ელექტრონული განაწილების წესის დამკვიდრების თაობაზე, იმთავითვე, სადავო გახდა საქალაქო სასამართლოში არსებული საქმისწარმოების ბაზის გამოყენება და სიმწვავით გამოირჩეოდა მ. ახვლედიანთან კომუნიკაცია. აღნიშნულ საკითხებთან მიმართებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო გვენეტაძის არჩევიდან პირველივე კვირას – 2015 წლის 27 მარტს, უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებსა და მოსამართლეებს. მორიგი შეხვედრა, ასევე, მამუკა ახვლედიანის მონაწილეობით, შედგა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამ საკითხზე კომუნიკაცია გაგრძელდა როგორც ელექტრონული მიმოწერით, ისე საჯარო შეხვედრებითა და სატელეფონო კავშირით. აღნიშნული აქტივობების შემდეგ, სასამართლოების, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლები, დავალების ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობენ სასამართლო ხელისუფლებაში ელექტრონული წარმოების დანერგვისა და შემდგომი განვითარების საკითხებზე. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ყველა შემდგომ ეტაპზე მონაწილეობდა ელექტრონული საქმისწარმეობის თაობაზე უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრებსა და ფორუმებში, აფიქსირებდა საკუთარ პოზიციას, ასევე, უშუალოდ ჰქონდა კომუნიკაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ნინო გვენეტაძესთან. 15 მაისს, ნინო გვენეტაძე პირადად ეწვია თბილისის საქალაქო სასამართლოს, კოლეგებისათვის მოსამართლის დღის მისალოცად და მათთან აქტუალურ საკითხებზე, მართლმსაჯულების განვითარების ხედვებსა და პრობლემებზე ერთობლივი მსჯელობისათვის. მამუკა ახვლედიანი უძღვებოდა სასამართლოს სამივე კოლეგიის მოსამართლეებთან შეხვედრებს, რომლებიც თემატურად წარიმართა სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულებებით. საუბარი შეეხო მოსამართლეთა დატვირთვასა და საქმეთა მზარდ ნაკადებს, ასევე, არასაკმარის ინფრასტრუქტურას, სასამართლო დარბაზების რაოდენობის გაზრდას, აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობის მომატებას. გარდა ამისა, იმავე დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანის თანხლებით, დაათვალიერა სასამართლოს შენობა და სხდომის დარბაზები, მოინახულა მოსამართლეთა და აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახები, გაესაუბრა მათ. დაათვალიერა სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია. შემდგომ, ნინო გვენეტაძე მამუკა ახვლედიანს უზენაეს სასამართლოში შეხვდა საქალაქო სასამართლოს შენობისა და ფართის გაზრდის საკითხის თაობაზე. ასეთივე შეხვედრა შედგა მოწმეთა დაკითხვის წესის საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოში სისხლის კოლეგიის მოსამართლეებთან. საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად, კიდევ ერთხელ დათვალიერდა სასამართლო შემოგარენი, დამატებითი ტერიტორიის მოძიებისა და სასამართლოს ახალი კორპუსის მშენებლობის მიზნით. გაუგებარია, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება სატელეფონო კომუნიკაციის არარსებობის თაობაზეც. სასამართლოში ორგანიზაციული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით, სატელეფონო კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა უშუალოდ მამუკა ახვლედიანთან, რაც გამორიცხავს იმის მტკიცებას, რომ მისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ტელეფონის ნომერიც კი უცნობია. დამატებით გაცნობებთ, სამუშაო ფორმატში, რამდენიმე შეხვედრის თაობაზეც: – საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ უზენაეს სასამართლოში გადმოგზავნილ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის გადაწყვეტილებაზე რეაგირების შესახებ. გადაწყვეტილება ეხებოდა სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემას, რასაც მყისიერად გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოიწვია სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭო, ამ საკითხზე მუშაობა კვლავაც გრძელდება სხვადასხვა ფორმატში. – უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო – საკონსულტაციო საბჭოს სხდომების შესახებ, მუდმივად არის ინფორმირებული მამუკა ახვლედიანი პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებით და, დამატებით, მისი თანაშემწის მეშვეობით. კონკრეტულად, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რეფერენტი პირადად დაუკავშირდა ოთხჯერ, ხოლო მისივე თანაშეწმის მეშვეობით – შვიდჯერ ეცნობა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომების თემატიკა და თარიღი. საერთო სასამართლოების მოსამართლეთაგან განსხვავებით, რომლებიც რეალურად არიან დაინტერესებული სამართალწარმოების პრობლემებით, მამუკა ახვლედიანმა მხოლოდ ერთხელ მიიღო მონაწილეობა სამეცნიერო საბჭოს სხდომაში. – ყურადღებას იმსახურებს ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, “რუსთავი 2 – ის” საქმის განხილვის პროცესში, საქალაქო სასამართლოს პრესცენტრისა და ამავე სასამართლოს სპიკერი-მოსამართლის საქმიანობის საკითხთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა მამუკა ახვლედიანთან, საქალაქო სასამართლოში, სამართალწარმოების პროცესების გაშუქებისათვის კანონით დადგენილი შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენებაზე. რაც შეეხება, მ. ახვლედიანის განცხადებას, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სხდომების ორგანიზებასთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ინიციატივა ეკუთვნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. კერძოდ, საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობიდან გამომდინარე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლო სხდომის ჩატარების ხელშეწყობისა და ორგანიზებისათვის, სამართალწარმოების მონაწილე პირთა და თავად მსაჯულთათვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად, უზენაესმა სასამართლომ გამოჰყო სასამართლო სხდომის დარბაზი. მამუკა ახვლედიანის მიერ წლიური ანგარიშის წარდგენისას, დასახელებულ საკითხთა ნაწილს, რომლებიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას უკავშირდება, და ნინო გვენეტაძის, როგორც ამავე საბჭოს თავმჯდომარის მიმართ, აკეთებს შენიშვნებს, პასუხი გაეცემა საბჭოს უახლოესი სხდომის ფორმატში”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, უზენაესი სასამართლო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თბილისის საქალაქო სასამართლოდან შემოსული წერილებისა და მათზე რეაგირების შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას და განმარტავს, რომ ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობის პერიოდში, 2015 წლის აპრილის მდგომარეობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა საშტატო რაოდენობა განისაზღვრებოდა 88 საშტატო ერთეულით. “აღნიშნული დროისათვის სასამართლოში უფლებამოსილებას ახორციელებდა 86 მოსამართლე, აქედან მივლინებული იყო 18 მოსამართლე, ხოლო 4 მოსამართლეს გაგრძელებული ჰქონდა უფლებამოსილება, მათ წარმოებაში არსებულ საქმეთა დასრულებამდე. შესაბამისად, სასამართლოში შემოსული საქმეები ნაწილდებოდა 82 მოსამართლეზე. ნინო გვენეტაძის თავმჯდომარედ არჩევიდან დღემდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე მოსამართლეთა დანიშვნა განახორციელა 3-ჯერ. უშუალოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 1 მაისს, დაინიშნა 12 მოსამართლე, 1 აგვისტოს – 7 მოსამართლე, ხოლო 25 დეკემბერს – 10 მოსამართლე. 2015 წლის 4 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დაემატა 6 საშტატო ერთეული და მოსამართლეთა საშტატო რაოდენობა განისაზღვრა 94 ერთეულით. 2015 წლის აპრილიდან დღემდე, თბილისის საქალაქო სასამართლოში უფლებამოსილება სხვადასხვა დროს ამოეწურა 12 მოქმედ მოსამართლეს, 4 ვადაგაგრძელებულ მოსამართლეს, მივლინების ვადა ამოეწურა 18 მოსამართლეს. მიუხედავად ამისა, 2016 წლის იანვრისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეთა განაწილების რიგითობაში იქნება 89 მოსამართლე, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე არიან დანიშნულები. მაშინ, როცა ნინო გვენეტაძის არჩევის დროისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს საშტატო ერთეულზე დანიშნული იყო 69 მოსამართლე. სინამდვილეს არ შეესაბამება თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის ავტომანქანების ჩამორთმევის შესახებ თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის ნოემბრის თვეში (საბჭოს თანხმობით), გადაეცა დამატებით, ერთი ავტომანქანა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფის მიზნით. 2015 წლის 14 სექტემბრის, 26 ოქტომბრისა და 16 ნოემბრის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე განხილულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის წერილები. საბჭოს ორ სხდომას ესწრებოდა მამუკა ახვლედიანი, ხოლო ბოლო საკითხთან დაკავშირებით საკითხი წარმოადგინა სასამართლოს ერთ-ერთი კოლეგიის თავმჯდომარემ. 2015 წლის 9 ნოემბერს, სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ასევე მოწვეულ იქნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, სადაც მან არ მიიღო მონაწილეობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ასევე, არ მიიღო მონაწილეობა, საქართველოს მოსამართლეთა XV კონფერენციაზე 2015 წლის 20 დეკემბერს. გაცნობებთ, რომ დამატებით გამოქვეყნდება ინფორმაცია, საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყიოფის შესახებ”, – აღნიშნულია განცხადებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს, შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ნინო გვენეტაძე დისკომუნიკაციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ როგორც გვენეტაძე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა “წავიდეს”, რადგან ისინი დაკისრებულ მოვალეობებს და სასამართლოს განვითარებას ვერ უზრუნველყოფენ. განცხადების სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე: http://www.supremecourt.ge/news/id/1050

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ცოლის ძმის შეწყალების საქმე ელისაშვილის თავმჯდომარეობის დროს არ განუხილავთ
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ამ დღეებში სასამართლომ ღიად გამოაჩინა თავისი სახე