ნინო გვენეტაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში მოისმინეს.

გვენეტაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავადაც გეგმავს შემაჯამებელი ანგარიშის გამოქვეყნებას.
ამასთან, მან არასამთავრობო სექტორს მონიტორინგისთვის, ანგარიშის მომზადებისა და რეკომედაციებისთვის მადლობა გადაუხადა და როგორც განმარტა, აღნიშნული ანგარიში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი სხდომის დღის წესრიგში შევა და საბჭოს წევრები მას უფრო დაწვრილებით განიხილავენ. გვენეტაძემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორიც იქნება მიწვეული.

მისივე განცხადებით, საბჭოს წევრებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვა, ასევე მეთოდოლოგია, რის საფუძველზეც ანგარიში იქნა მომზადებული, ”ძალიან საინტერესო იყო”.

„საბჭო მიესალმება ობიექტურ კრიტიკას. ძალიან მნიშვნელოვანია ობიექტური კრიტიკა, რომელიც ჩვენ გარკვეულწილად საბჭოს სხდომების ღიაობითა და მონიტორინგის განხორციელების სრული შესაძლებლობით უზრუნველვყავით. მონიტორინგი ხორციელდება მედიის, არასამთავრობო სექტორის, დონორების მხრიდან. საბჭოს წევრები და მე ვიცნობთ ამ ანგარიშს და, ბუნებრივია, გვაქვს პოზიციები იმ საკითხებთან მიმართებაში, რაც საზოგადოების ინტერესის სფეროს წარმოადგენს, ვინაიდან ხარისხიანი მართლმსაჯულება ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი გარანტია და ვინ თუ არა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზრუნველყოფს ხარისხიანი მართლმსაჯულებისთვის სათანადო პირობების შექმნას“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშში დაფიქსირებულ საკითხებზე თავისი შეხედულებები და პოზიციები აქვს, მათ შორის ვებ-გვერდზე დოკუმენტაციის განთავსებასთან, გასაუბრების გამჭირვალობასთან დაკავშირებით და ა.შ.

გვენეტაძემ არასამთავრობო სექტორს მადლობა გადაუხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში დადებითი ასპექტების დანახვის გამოც.
„არის დადებითი მითითებიც, რაც ძალიან დიდი სტიმულია საზოგადოებისა და საბჭოსთვის, ასევე ზოგადად იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც არასამთავრობო სექტორსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის არსებობს – ხშირად დაძაბული, თუმცა საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობებისთვის. მთავარია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი ყველა წევრი თანახმა ვართ ვიმუშაოთ ერთად, რათა მაღალი სტანდარტებისა და ობიექტური კრიტიკის მეშვეობით განვავითაროთ, გავაუმჯობესოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა, რაც მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშში მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში არსებულ დარღვევებზეა საუბარი
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – მაჟორიტარიზმზე უარის თქმის ეტაპი ჯერ არ დამდგარა