ნინო ბურჯანაძის პარტია NDI-ს კვლევებს უნდობლობას უცხადებს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი NDI-ს არ ენდობა და აცხადებს, რომ ის საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვისაა და არა მისი გამოკვლევისთვის.

“პირველ პრესკლუბში” სტუმრობისას გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, რომ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” აშშ-ის დემოკრატიული პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია, რის გამოც მის მიმართ ნდობა არ არის.

“როდესაც კვლევას რომელიმე პარტია ატარებს, ბუნებრივია, მას არ ვენდობით. საკუთარი თავის პატივისმცემელი პარტია როდესაც კვლევას ატარებს, მას არ გამოაქვეყნებს და თავისთვის იტოვებს. ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ NDI არ არის თავისუფალი, სრულიად დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაცია.

ის არის აშშ-ს დემოკრატიული პარტიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაცია. შესაბამისად, ის ვერანაირად ვერ ჩაითვლება თავისუფალ ორგანიზაციად და ძალიან რთულია მას დავარქვათ არასამთავრობო ორგანიზაცია.

ეს ორგანიზაცია ნებისმიერ ორგანიზაციაში კვლევებს იმის მიხედვით ჩაატარებს, რა დაკვეთასაც მიიღებს მის ზურგს უკან მდგომი პარტიისგან. ამიტომ, აქ უნდა დავასრულოთ იმაზე საუბარი, რამდენად სამართლიანია კვლევები. ამას, მე უფრო დავარქმევდი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და არა კვლევას”,- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისივე თქმით, NDI-ს წინასწარი კვლევები არჩევნების რეალურ შედეგს არასოდეს ემთხვევა და მეტიც, ყოველთვის დიდი ცდომილებაა. გიორგი ახვლედიანმა მაგალითად 2014 წელს “დემოკრატიული მოძრაობის” რეიტინგი მოიყვანა.

“როგორი სოციოლოგიური კვლევაც არ უნდა ატაროს რომელიმე ორგანიზაციამ, მისი ობიექტურობის განმსაზღვრელი, საბოლოო ჯამში არჩევნებია. ერთხელ მაინც რომ დამთხვეოდა სოციოლოგიური კვლევა შემდგომში არჩევნებს, ალბათ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არ იარსებებდა. გეტყვით “დემოკრატიული მოძრაობის” მაგალითზე – 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ, თვენახევრით ადრე, NDI-მ კვლევა ჩაატარა და შედეგები დადო, რომლის მიხედვითაც “დემოკრატიულ მოძრაობას” 1,8% ჰქონდა. არჩევნებზე “დემოკრატიულმა მოძრაობამ”, საქართველოს მასშტაბით, 13% დააფიქსირა. ფაქტია, რომ ამ კვლევას საზოგადოების განწყობასთან, არანაირი კავშირი არ აღმოაჩნდა”,- აღნიშნა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ საზოგადოების აზრი, ნათლად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდება.

banner
წინა სტატიაში“მოდის არჩევნები და შეუძლია თითოეულ მოქალაქეს გააკეთოს უფრო დაფიქრებული და მისაღები არჩევანი“ – დავით უსუფაშვილი
შემდეგი სტატიაგამოკითხულთა უმრავლესობა ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს