ნინო ბურჯანაძე: უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, საარჩევნო გარემოზე ნაწილობრივ ცვლილებებზე მაინც წამოვიდეს

ქართული ანდაზაა,

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მოთხოვნას უკვე აზრი აღარ აქვს. ბურჯანაძის თქმით, ახლა ხელისუფლებისგან მხოლოდ დაპირებული საარჩევნო გარემოს შეცვლა მოიტანს სასიკეთო ცვლილებებს ქვეყნისათვის.

“არჩევნები მოდის და ფაქტია, იმ მოთხოვნას რასაც ყოველთვის ვაყენებდი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, აზრი აღარ აქვს. თუმცა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ. არჩევნები არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოსახლეობა ამჯერად მაინც იყოს მობილიზებული და სწორი გადაწყევტილებები მიიღოს. ყველა საფუძველია იმისა, რომ ადამიანებს უიმედობა ჰქონდეთ, რადგან უამრავი პრობლემაა, ადამიანებმა საოცარი დაპირებების ნაცვლად კიდევ უფრო დამძიმებული სოციალური ფონი, გართულებული ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან ბევრი ტკივილი, ბევრი იმედგაცრუება მიიღეს, მაგრამ ნიჰილიზმი და არჩევნებზე არმოსვლა ეს იქნება კიდევ ერთხელ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წისქვილზე წყლის დასხმა. არმოსული ადამიანის ხმა ყოველთვის გამოყენებული არის ხოლმე არასასურველი სტატუსკვოს შესანარჩუნებლად. მეორე საკითხია ის, რომ კატასტროფული მდგომარეობაა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. პრაქტიკულად ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ არაფერი შეეცვალა საარჩევნო გარემოში. იმისათვის, რომ შეინარჩუნოს რადაც არ უნდა დაუჯდეს ძალაუფლება, მომავალი 4 წლის განმავლობაში, რას შეეცდება ხელისუფლება, ამის ძალიან ნათელი დადასტურება დავინახეთ თუნდაც იგივე საგარეჯოში. ჩემთვის იქ მოულოდნელი არაფერი მომხდარა”, – აღნიშნა ბურჯანაძემ ტელეკომპანია “TV პირველში” პირდაპირი ჩართვისას.

ბურჯანაძის განცხადებით, სწორედ ამიტომ გამოუცხადა “დემოკრატიულმა მოძრაობამ” ბოიკოტი ამ არჩევნებს, რომ როგორმე იძულებული გაეხადა ხელისუფლება დათმობებზე წამოსულიყო, თუმცა სამწუხაროდ, ბოიკოტი იმის გამო ვერ შედგა, რომ “პატრიოტთა ალიანსმა” არჩევნებში მონაწილეობა მიიღო.

“ნამდვილად გაიმარჯვა ქალბატონმა ინაშვილმა, თუმცა მათი მონაწილეობა ამ არჩევნებში შეცდომა იყო. ბოიკოტის ამოცანა იყო, რომ მარტო დაგვეტოვებინა ხელისუფლება. რომ ყოფილიყო ერთპარტიული არჩევნები, რასაც ადეკვატური გამოხმაურება მოჰყვებოდა მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან. ჩვენ დავინახეთ, რას აპირებს ხელისუფლება, ამიტომ ის მოთხოვნა, რაც თავიდანვე მქონდა, რომ რადიკალურად უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო, ის, რასაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლები თავის დროზე ოპოზიციაში ყოფნის დროს ითხოვდნენ, ახლა მაინც უნდა შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები ძალიან ცუდი სცენარით განვითარდება. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა, როგორ დაიძაბა პოლიტიკური ფონი საგარეჯოს არჩევნების შემდეგ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს 70-ვე რაიონში იქნება ასეთივე გაყალბებული არჩევნები, ბევრი უკმაყოფილი კანდიდატი, პარტიები, უსუსური ხელისუფლება და არასტაბილურობის მსურველი “ნაციონალური მოძრაობა”. ეს ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია ქვეყნისათვის, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ნაწილობრივ ცვლილებებზე მაინც წამოვიდეს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთში პოლიციამ მოშიმშილეებს კარვები დაუნგრია
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: “ჯერ არ ყოფილა საქართველოში, ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლება, რომელმაც მედიასთან ომი მოიგო”