ნინო ბურჯანაძე სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაციაზე – უსუსური და მატყუარა ხელისუფლება გვყავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაგზავნის საკითხს ეხმაურება და ამაში ქართულ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

მისი თქმით, საქართველოში სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა იყო ივანიშვილის და ”ქართული ოცნების” მხრიდან ფარსი და ხალხის მოტყუება.

”ბიძინა ივანიშვილს გაკოტრებული სააკაშვილისაც კი ეშინია. თავიდანვე ცხადი იყო, ის საქმეები, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ აღიძრა სრულიად ნათლად აჩვენებდა, რომ ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის არც დაპატიმრება უნდოდა და არც საქართველოში მისი დაბრუნება. ექსტრადირების მოთხოვნა რეალური რომ ყოფილიყო, სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სხვა სახეს მიიღებდა. მაშინ 2008 წლის აგვისტოს ომთან და 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით უნდა აღეძრათ საქმე. ეს არ გააკეთეს. დაგვცინეს და საქმეები აღძრეს სააკაშვილის „პალტოებთან“ და პიჯაკებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებზე კი პრეზიდენტებს არ გადმოსცემენ. ჩვენს ხელისუფლებას შეეშინდა, რომ თუ კი სააკაშვილის ექსტრადირება მოხდებოდა, ეს გამოიწვევდა სერიოზული პოლიტიკური პრობლემებს. იმდენი კი ესმით, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პრობლემის მოგვარების თავი არ აქვთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს და სამწუხაროდ, სრულიად საქართველოს ყავს უსუსური, არაფრის მაქნისი და მატყუარა ხელისუფლება”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკომისია 400-მდე დევნილი ოჯახისთვის სოფლად სახლის შესყიდვის საკითხს განიხილავს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის ადვოკატები უკრაინის სასაზღვრო სამსახურის, შსს-ს და საიმიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ დღეს სარჩელს შეიტანენ