ნინო ბურჯანაძე: ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა “ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობა “ქართულმა ოცნებამ” უნდა აიღოს.

მისივე თქმით, ის, რომ კანონმდებლობა და პასუხისმგებლობა ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით გამკაცრდება, ფარსია, რადგან არავის შეეშინდება მისი გავრცელების, როდესაც მისი გადამღებები დაუსჯელები არიან.

“სახელმწიფოს ყველანაირი ბერკეტი და შესაძლებლობა გააჩნია, რომ ქვეყანაში არსებობდეს პოლიტიკური ნება და პროფესიული კადრები, გამბედაობა, რომ ყველაფერი წავიდეს იმ გზით, რომლითაც ცივილიზებული ქვეყანა უნდა მიდიოდეს.

ამაზრზენია დღეს ქართული რეალობა. ამაზე ნაკლებად ეკისრება პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას”. რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, შეიძლება, ფარული ჩანაწერების 90% “ნაციონალური მოძრაობის” გაკეთებულია. ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ბედავს ამაზე საერთოდ ლაპარაკს, მოსმენაზე და მიყურადებაზე ლაპარაკს, ესეც “ქართული ოცნების” ბრალია. “ქართულ ოცნებას” რომ დაესაჯა დამნაშავეები, აღედგინა სამართლიანობა, ყველაფრისთვის რომ თავისი სახელი დაერქმია, სრულიად სხვა რეალობა გვექნებოდა”, – განაცხადა ბურჯანაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისი თქმით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა”, მართალია ამას იღებდა და აშანტაჟებდა ამით ხალხს, მაგრამ არ ყოფილა “ნაციონალური მოძრაობის” დროს ეს ფაქტები გამოქვეყნებული და ეს “ქართული ოცნების” დროს მოხდა.

“იმის თქმა, რომ თურმე, უნდა გამკაცრდეს, ეს არის ფარსი. როგორ გამკაცრდება, ან ვის შეეშინდება პასუხისმგებლობის გამკაცრების, როდესაც რეალურად ის ადამიანები, ვინც ამ ფარული ჩანაწერების გაკეთებაში მონაწილეობდნენ, დაუსჯელნი არიან და მათი პოლიტიკური ლიდერები დღეს მორალს გვიკითხავენ. ყველაფერზე, რაც ხდება დღეს ქვეყანაში, პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”. ასევე პასუხისმგებელია იმაზე, რომ არ დაარქვა საკუთარი სახელი ამას, არ უზრუნველყო, რომ არ გავრცელებულიყო ის, რისი გავრცელებაც ცივილიზებულ ქვეყანაში არ შეიძლება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურორი: ადვოკატ გრაბოვსკის ფეხზე ასაფეთქებელი ბრასლეტი ეკეთა
შემდეგი სტატიაRolling Stones-ი კუბაში უფასო კონცერტს ჩააატრებს