ნინო ბურჯანაძე: გვერთმევა შესაძლებლობა, დამატებითი სარეკლამო საშუალებები შევიძინოთ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პოლიტიკურ პარტიებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის წინასაარჩევნოდ განსაზღვრული ქმედებები ახლებურად დაარეგულირა.

ამის შესახებ განცხადება “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ბურჯანაძის თქმით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ბრძანებით, პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა ახლებურად რეგულირდება, რაც მისივე განმარტებით, პოლიტიკურ პარტიებს უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.

“ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოდიოდნენ მოთხოვნით, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესებულიყო. სამწუხაროდ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება ვერ მოხერხდა. ახლა, საქმე ისე მიდის, უნდა გამოვიდე ახალი ინიციატივითა და მოთხოვნით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ უფრო არ გააუარესოს საარჩევნო გარემო.

სამწუხაროდ, ახლა მინდა გესაუბროთ თემაზე, რომელიც უპრეცედენტოა და რომლის მაგალითი არათუ საქართველოში, არამედ არც ერთ ცივილიზებულ ქვეყანაში, არ მეგულება. სამწუხაროდ, შევეჩეხეთ კედელს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა, ლაშა თორდიამ 2016 წლის 5 მაისს, თავისი ახალი ბრძანებით ააგო. ამ ბრძანებით, მან პოლიტიკურ პარტიებსა და კომერციულ ორგანიზაციებს შორის წინასაარჩევნოდ განსაზღვრული ქმედებები სრულიად ახლებურად დაარეგულირა. ბრძანების მეათე მუხლით, ახლებურად რეგულირდება პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა.

მეათე მუხლში ვკითხულობთ: პოლიტიკური რეკლამის შესყიდვა – ტელევიზია, რადიო, ინტერნეტი, გაზეთი და გარე რეკლამა, უნდა განხორციელდეს წინასწარი ანგარიშსწორების წესით, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბრძანების ამოქმედებამდე, პოლიტიკურ პარტიებს კომერციულ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების გზით შეეძლოთ, გადაეწყვიტათ თანხის ნაწილობრივი გადახდის საკითხი – დღეს პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად უმძიმეს მდგომარეობაში არიან.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ამ პროტესტს ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს. ეს ბრძანება უმძიმეს ვითარებაში გვაყენებს. პრაქტიკულად, გვერთმევა შესაძლებლობა, რომ დამატებითი სარეკლამო საშუალებები შევიძინოთ. საუბარია ელემენტარულად ბუკლეტებზე, ფლაერებზე.

ეს ბრძანება არის დანაშაულებრივი. მე საგანგებო წერილი მივწერე პრემიერ-მინისტრსა და ლაშა თორდიას და მათგან პასუხს ველოდები. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენეთ დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები”,- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშინიცას ტრაგედიის ხუთ შესაძლო თანამზრახველს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიაგერმანია ოლიმპიურ კომოტეტს რუსეთის მიმართ მკაცრი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს