ნიკა გვარამია: ჩვენი ინტერესია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ იყოს

„ქართული ოცნება“ ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ამას ღიად ვაცხადებ, არ მიგვაჩნია პროდასავლურ ძალად და მასთან თანამშრომლობას ჩვენ მივიჩნევთ პრობლემად, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

„თავისთავად ცხადია, ჩვენი ინტერესია ეს ძალა ხელისუფლებაში არ იყოს და მასთან მოთანამშრომლე ძალებთან ვერ ვითანამშრომლებთ. ეს არასდროს დაგვიმალავს და რაში სჭირდება ამას ფარული ჩანაწერი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონი საუბრის ჩანაწერთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასში სკანდალური მხოლოდ საუბრის ჩაწერა და გამოქვეყნებაა.

მისივე თქმით, მას და პაატა ბურჭულაძეს დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ და ის არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელთანაც ამ სახით ურთიერთობს.

„ცხადია, ეს ჩანაწერი გაკეთებულია სუს-ის მიერ და გამოქვეყნებულია სუს-ის გადაწყვეტილებით. შინაარსობრივი თვალსაზრისით სკანდალური არაფერია. მე და ბატონ პაატას გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობაც. ვარ მისი გულშემატკივარი და კიდევ ბევრი ადამიანის, ვინც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ვინც აპირებს სუს-ის მეთოდებით მართული ხელისუფლების „ქართული ოცნების“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. მაქვს კომუნიკაცია ყველა მათგანთან, პროდასავლურ ძალებს ვგულისხმობ. ვინც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკისთვის მისაღებია და ეს არ არის ერთი პარტია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილის გარდა პაატა ბურჭულაძეს ვესაუბრები. გუშინ მაგალითად ვესაუბრე შალვა ნათელაშვილს, მაქვს კომუნიკაცია ირაკლი ალასანიასთან, თინა ხიდაშელთან მაქვს რამდენიმე მესიჯი მიწერილი, ამაში აბსოლუტურად არაფერი არანორმალური არ არის“, – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა.

ინტერნეტსივრცეში დღეს ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. საუბრის დროს ნიკა გვარამია პაატა ბურჭულაძეს საყვედურობს, რომ „გირჩის“ წევრები ღიად საუბრობენ „ქართულ ოცნებასთნ“ თანამშრომლობაზე, რაც მისთვის მიუღებელია.

„ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის”, ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა – აბა, რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო. ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა. ივანიშვილთან ყოფნა, ვისაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ყავს და ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად „ახევას “ უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თავს განიხილავს, იმ ადამიანებთან ერთად მე არა მაქვს გზა, ეს უკვე ჩემი არჩევანია“,-აცხადებს ნიკა გვარამია.

პაატა ბურჭულაძე ნიკა გვარამიას საქმის ვითარებაში გარკვევას პირდება და ამბობს, რომ „მსგავსი არაფერი არ ხდება“.

banner
წინა სტატიაშიქალბატონო თინა სად წახვალთ გრანტების თემა რომ გასკდეს?
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთი ორი დღით ადმინისტრაციულ საზღვარს ჩაკეტავს