NewsVoice: უკრაინელები ქვეყნიდან ქართველი მოხალისის დეპორტაციას აპროტესტებენ

უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში მოქმედი ბატალიონ “დონბასის” ქართველი მებრძოლი თენგიზ თეთრუაშვილი, საძახისით „მეცამეტე“ უკრაინიდან დეპორტირებულია. უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ტვ “აფხაზეთის ხმა” ავრცელებს.

“ნიუსვოისის” სიუჟეტში ნათქვამია, რომ თეთრუაშვილი კიევის ჟულიანის აეროპორტში დააკავეს და საემიგრაციო სამსახურმა მისი დეპორტაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დეპორტაციის მიზეზები უცნობია.

სახალხო დეპუტატი იგორ სობოლევი, რომელმაც ამ ფაქტის შესახებ აღშფოთება უკრაინულ ტელეარხზე გამოხატა, აქვეყნებს შესაბამისი სამსახურების გადაწყვეტილებასაც, სადაც აღნიშნულია, რომ თეთრუაშვილი დეპორტაციას ექვემდებარება.

გადაწყვეტილების გასაჯაროვებას ინტერნეტსივრცეში უკრაინელების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა – კომენტარებში ისინი წერენ, რომ არ შეიძლება ასე მოექცე სხვა, მეგობარი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც უკვე მეორე წელია, შენი ქვეყნისთვის იბრძვის.

ინფორმაცია მებრძოლებმა და მეთაურებმაც გაიზიარეს, ხოლო ერთერთმა მეთაურმა ლევგენ შევჩენკომ ვრცელი სტატუსი დაწერა და დეტალურად გაიხსენა ის დამსახურება, რაც კონკრეტულად თეთრუაშვილს ჰქონდა ანტიტერორისტულ ოპერაციებში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა ტელეარხმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ სპეციალური გადაცემა მოამზადა ლისიჩანსკის ალყისა და უკრაინელი მებრძოლების მხრიდან ამ ალყის გარღვევის შესახებ, სადაც ბრძოლებში თენგიზ თეთრუაშვილიც მონაწილეობდა. ფილმში მოხალისე ქართველი მებრძოლი იხსენებს, როგორ დაეხმარა უკრაინა საქართველოს აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 90-იან წლებში და სწორედ ამით ხსნის მის ჩართვას უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლაში.

უკრაინაში ამჟამინდელი მონაცემებით, ათეულობით ქართველი მოხალისე იბრძვის, რამდენიმე ბრძოლის ველზე დაიღუპა და საქართველოში ჩამოასვენეს. ქართველებთან ერთად უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში სხვა ეროვნების მოხალისეებიც იბრძვიან. ამ მოხალისეებს თავის დროზე უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას პირდებოდა, რასაც დეპუტატებიც უჭერდნენ მხარს:

უკრაინელებისთვის გაუგებარია, რატომ მიიღეს ქართველი მოხალისის დეპორტირებაზე გადაწყვეტილება ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მოხალისეები და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლები კი აპირებენ, მსგავსი ფაქტების აღკვეთა მკაცრად მოითხოვონ.

https://www.youtube.com/watch?v=1PDLN-js0Hk

banner
წინა სტატიაში„სმარტში“ განთავსებულ „ლიბერთი ბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ ფილიალებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს ბრძოლაში დაღუპული ოთარ გოგოხია სენაკში, სამხედრო პატივით დაკრძალეს