NDI-ს სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ განაცხადა. მისია პოლიტიკოსების, სამოქალაქო ლიდერების, საარჩევნო ექსპერტებისა და რეგიონის სპეციალისტებისგან შედგება.
დელეგაციას ხელმძღვანელობენ: აშშ-ს დელავერის შტატის ყოფილი სენატორი და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ტედ კაუფმანი; პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იანუშ ონიშკევიჩი; აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი კონეკტიკუტის შტატიდან და NDI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სემ გეჯდენსონი; ბელგიის სახელმწიფო მინისტრი და ევროპარლამენტის ყოფილი წევრი ანემი ნეიტს-უტებროკი; NDI-ის ევრაზიის პროგრამების რეგიონალური დირექტორი ლორა ჯუიტი და NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი.

თბილისში ჩატარებული საორიენტაციო შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც ისინი საარჩევნო გარემოს შესაფასებლად ადგილობრივი საარჩევნო ადმინისტრაციის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებს შეხვდებიან. არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები შესაბამის ოლქებში საარჩევნო უბნების გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს დააკვირდებიან, რის შემდეგაც დაკვირვებების შესაჯამებლად თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების დღეზე დაკვირვების წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ. დელეგაციის წინასწარი ანგარიში პრესკონფერენციაზე გამოქვეყნდება, რომელიც 9 ოქტომბერს გაიმართება.

NDI-ის სადამკვირვებლო მისია საქმიანობას მიუკერძოებლად, პროფესიონალურად და საქართველოს კანონმდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციის შესაბამისად განახორციელებს. საარჩევნო პერიოდის განმავლობაში NDI ადგილობრივ სადამკვირვებლო ჯგუფებთან და საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციებთან მჭიდროდ ითანამშრომლებს. სადამკვირვებლო დელეგაციას “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) აფინანსებს.

banner
წინა სტატიაში”თუ ეს მოხდა, შეგვიძლია სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაცია მიეცეს!” – რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში
შემდეგი სტატიაადვილად დასადგენი, მაგრამ უმოქმედო პროკურატურა – ზურაბიშვილი ყაზბეგზე მოჭრილი ხეების საკითხზე ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს