NDI – ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია – მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი, 39 პროცენტი, მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ამის შესახებ NDI-ის გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

NDI-ის ცნობთ, ეს გასულ წელს დაფიქსირებული პირველი შემთხვევაა, როდესაც უკმაყოფილოთა რიცხვი აღემატა იმ ადამიანების რიცხვს, ვინც მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება (26 პროცენტი) ან საერთოდ არ იცვლება (32 პროცენტი).

როგორც ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოქალაქეები რიგ ეკონომიკურ და გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ პრობლემებს გამოყოფენ.
ამასთან ერთად, სამუშაო ადგილები ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, ხოლო გზები და გარემოს დაბინძურება ყველაზე მნიშვნელოვან ადგილობრივ საკითხებად რჩება.
გარემოს დაბინძურების საკითხი განსაკუთრებით აწუხებთ თბილისში, სადაც ეს ნომერ პირველ პრობლემად დასახელდა.

“გარემოს დაცვის სამინისტროს, როგორც ცალკე მდგომი ინსტიტუტის, გაუქმების პირობებში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მოქალაქეების მოთხოვნა, რომ არ მოხდეს გარემოს დაცვისთვის საჭირო რესურსებისა და პოლიტიკის უგულვებელყოფა,” – განაცხადა ლორა თორნტონმა, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაში53%: საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს
შემდეგი სტატიაქუთათელაძის მკვლელობა-სამართალდამცველები დასაკითხად ერთ პირს ეძებენ