NDI: არჩევნები ძალადობის ადგილი არ არის

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) რეკომენდაციებში, რომელიც განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ გავრცელდა, ორგანიზაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ასევე მოხდეს ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირება.

როგორც რეკომენდაციებშია აღნიშნული, არჩევნებში ძალადობის ადგილი არ არის. დამკვირვებლებმა უნდა შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება მშვიდ და თავისუფალ გარემოში.

NDI მხარს უჭერს საარჩევნო საჩივრების განხილვის სწრაფ პროცესს, რომელიც კანონის თანმიმდევრული და შესაბამისი გამოყენების გზით წარიმართება. NDI მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საკუთარი საქმიანობა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს და საზოგადოებას უფრო დეტალურად აუხსნას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოქმედებები. ცესკო-მ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის მოთხოვნებს მომზადებულები შეხვდნენ.

NDI-ის რეკომენდაციებში საპარლამენტო არჩევნების დროს მომხდარი რამდენიმე ინციდენტზეცაა საუბარი.

“როგორც NDI-ის საერთაშორისო დელეგაციის მიერ 9 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღინიშნა, 8 ოქტომბერს კენჭისყრის დღე მშვიდად დაიწყო, თუმცა ძალადობისა და ხელის შეშლის სხვადასხვა იზოლირებული შემთხვევებით დასრულდა. ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესს ხელი შეუშალეს ან შეწყვიტეს დაუმორჩილებელმა და, ზოგიერთ შემთხვევაში, აგრესიულმა ჯგუფებმა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საერთაშორისო დამკვირვებლებს თავს დაესხნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მობილური ტელეფონები წაართვეს. გარემო საფრთხის შემცველი იყო ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის. შევიწროების, შეურაცხყოფის მიყენებისა და ძალადობის შესახებ რამდენიმე ორგანიზაციამ განაცხადა, რამაც ზოგიერთი დამკვირვებელი აიძულა, დაკვირვება შეეწყვიტა”, – აღნიშნულია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც NDI- რეკომენდაციებშია აღნიშნული, არჩევნების შემდგომი ორი კვირის განმავლობაში ძალადობა გაგრძელდა.

„11 ოქტომბერს თბილისში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიის თანამშრომლები და აქტივისტები ცემეს, ხოლო თეთრიწყაროში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს დაესხნენ თავს. ძალადობის შემთხვევების გაგრძელება ამომრჩევლებისთვის და აქტივისტებისთვის, რომლებიც განმეორებით კენჭისყრასა და მეორე ტურებში მონაწილეობას გეგმავენ, დამაშინებელ გარემოს ქმნის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა ნაბიჯები გადადგა და არჩევნებთან დაკავშირებულ ძალადობასა და აგრესიაში მონაწილე პირები დააკავა, რაც მისასალმებელია. თუმცა წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორიცაა “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) და “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (სამართლიანი არჩევნები), სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას არათანმიმდევრულად მიიჩნევენ. მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე თავდასხმის გამოძიება, რომელიც მაისში კორცხელში შუალედური არჩევნების დროს მოხდა, ნელა წარიმართა: დამნაშავეებისთვის ბრალის წაყენებას ერთ კვირაზე მეტი დასჭირდა და სასამართლო პროცესი თვეების მანძილზე გაიწელა. 8 ოქტომბერს ჯიხაშკარში ორ საარჩევნო უბანზე სავარაუდოდ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მიერ ძალადობის ფაქტზე მხოლოდ ორი ადამიანი დააკავეს და ერთი მათგანი თავდებით გამოუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეები ინციდენტში ათეულობით ადამიანის მონაწილეობაზე მიუთითებენ. ასეთი რეაგირება კონტრასტში მოდის მარნეულში საარჩევნო პროცესზე ხელის შეშლაში ეჭვმიტანილი ოპოზიციური პარტიის ექვსი აქტივისტის სწრაფ დაკავებასთან და მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან, ასევე შსს-ს მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ეჭვმიტანილების სახლებში ღამით ნიღბიანი და შეიარაღებული პირების შეჭრის ვიდეოების განთავსებასთან”, – აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო უკრაინელებს ნოემბრიდან უვიზო რეჟიმს დაპირდა
შემდეგი სტატიაჩეხეთმა რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის ქვედანაყოფი შექმნა