ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2017 წლის დასაწყისში ჩამოვა

ნატო მუშაობს საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების შესაფასებლად, ამ საკითხზე საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე რეგულარულ შეხვედრებზე ვმსჯელობთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი სამხედრო კომიტეტი ეწვევა საქართველოს მომავალი წლის დასაწყისში. მე ველოდები, რომ კომიტეტის წევრები განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციას, ასევე ნატო-ს მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების კომიტეტი შეხვდება საქართველოს წარმომადგენლებს მომავალ წელს პარტნიორობის განსახილველად. ასევე, განიხილავენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობით, განსაკუთრებით – ყირიმში.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის და, რა თქმა უნდა, ნატო-სთვის. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაფასებ ასე საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას, რადგან ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში. რა თქმა უნდა, ნატო შეშფოთებულია შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო აქტიურობით, განსაკუთრებით – ყირიმში. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც რეაგირება მოვახდინეთ ვარშავის სამიტზე ივლისში. რუსეთმა გაზარდა შავი ზღვის რეგიონში ძალების რაოდენობა. ჩვენ, ასევე გადავწყვიტეთ ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ უსაფრთხოების სიტუაციას და ადაპტირებას ვახდენთ. ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან დიალოგს ამ საკითხზე“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ ნატო-ში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხისა და მთავრობის მტკიცე ეროვნული არჩევანი
შემდეგი სტატიაკახა კუკავა: უნდა შევქმნათ მექანიზმები რათა ივანიშვილმა ვერ შეძლოს პირდაპირ ამომრჩევლების ყიდვა