ნათია მეზვრიშვილი – „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული კანონპროექტი კრიმინალურ მენტალიტეტს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს

პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

როგორც ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განუცხადა, ცვლილებებით არა მხოლოდ მკაცრდება სანქციები „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „კანონიერი ქურდების“ მიმართ, არამედ პროექტი ე.წ. კრიმინალურ, ქურდულ მენტალიტეტს შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს.

„ცვლილებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა და ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. კანონპროექტის მიხედვით, არა მხოლოდ მკაცრდება სანქციები „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „კანონიერი ქურდების“ მიმართ, არამედ პროექტი ე.წ. კრიმინალურ, „ქურდულ მენტალიტეტს“ შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს. კერძოდ, იმ მენტალიტეტს, რომელიც არის მომავლის, ახალგაზრდების პრობლემა და შემაფერხებელია როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის. ჩვენთვის ამ მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია“, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.

მეზვრიშვილი განმარტავს, რომ როგორც კი კანონპროექტს ხელი მოეწერება, „ქურდული სამყაროსა“ და „კანონიერი ქურდებისთვის“ დავის მოგვარებისთვის ნებისმიერი არასამართლებრივი გზით მიმართვა, ასევე ამ ადამიანების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და ამ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„კანონპროქტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ „კანონიერ ქურდებს“ სჯის, არამედ ნებისმიერ იმ პირსაც, რომელიც „ქურდი“ არ არის, მაგრამ მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ მიზნებს ემსახურება. ჩვეულებრივ პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება, რომელიც „კანონიერ ქურდს“ მიმართავს და დავის გადაწყვეტას სთხოვს, რაც წესით, სასამართლოს ან სამართალდამცავი ორგანოების მიერ უნდა გადაწყდეს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდანაშაული თუ დადგმა – რა არის ცნობილი დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენებაზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი – საზოგადოებამ ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა