ნათია მეზვრიშვილი – ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა კომენტარი გააკეთა მოქალაქე დეა გოშხეთელიანის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის საქმეზე.

როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.

„ჩვენ ამოვიღეთ ჩხრეკის შედეგად ყველა იარაღი, რომელიც ბრალდებულს გააჩნდა. გამოვეცით შემაკავებელი ორდერი, რითაც უზრუნველვყავით დაზარალებულის უსაფრთხოება. გამოვეცით მეორე შემაკავებელი ორდერი, რითაც ავუკრძალეთ ბრალდებულს იარაღის გამოყენება და ასევე შევადგინეთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ბრალდებულის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე.

როგორც მოგეხსენებათ, მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურატურამ პატიმრობის გამოყენების საკითხი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში და, ფაქტობრივად, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის შედეგად, დღეს მოძალადე პატიმრობაშია.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და სამომავლოდაც, თითოეულ ასეთ ძალადობის ფაქტზე ჩვენ ვიქნებით ისეთივე ეფექტიანები, როგორიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიყავით იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ თითოეული დაზარალებულის, თითოეული მსხვერპლის უსაფრთხოება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს, გრიგოლ ბაკურაძეს, ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ბრალდებული 3 იანვარს ქუთაისში დააკავეს, თუმცა მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

გრიგოლ ბაკურაძეს ყოფილმა ცოლმა, დეა გოშხეთელიანმა მას შემდეგ უჩივლა, რაც ის ყოფილ მეუღლეს სახლში მიუვარდა და ოჯახის წევრების თანდასწრებით სცემა.

მამაკაცი პირველი ინსტანციის სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, რის შემდეგაც პროკურატურამ და ყოფილმა ცოლმა სააპელაციო სასამართლოს მიმართეს.

საბოლოოდ, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძე სასამართლოს დარბაზში დააპატიმრეს.

banner
წინა სტატიაშიიმედი მაქვს, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პრეზიდენტის პოზიცია დასაბუთებული იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: აქტიურად ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, იმისთვის რომ გატარდეს რეფორმები