ნანუაშვილი მამა გიორგის საქმეზე: დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკრეტული ბრალდებული დაიცვას

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვის ნიშანს, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს.

ამის შესახებ მან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც საპატიმროში, გუშინ შეხვდა.

ნანუაშვილის თქმით, დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკრეტული ბრალდებული დაიცვას.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამ საქმეს ნათელი მოეფინება და დაცვის მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კონკრეტული ბრალდებული დაიცვას, რადგან ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ ეს უფლება წართმეული აქვთ. ვფიქრობ, რომ ეს დარღვევა მალე გამოსწორდება. არსებობს კითხვის ნიშნებიც, რაზეც პასუხი ალბათ, მალე გაეცემა“, – განაცხადა ნანაუშვილმა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. ის მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 12 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაშიზოგიერთი კატეგორიის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ტელევიზორითა და რადიო მიმღებით სარგებლობის უფლება ენიჭებათ
შემდეგი სტატია(video) შორენა თეთრუაშვილი და ”ოქროს თევზები” – პირველი კომენტარი