ნაკრების მთავარი ექიმის ინფორმაციით მოჭიდავეები აკრძალული პრეპარატის მიღებას უარყოფენ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მანუჩარ კვირკველიას განცხადებით, საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 6 წევრს დოპინგის გამოყენება საბოლოოდ ჯერ არ დადგენიათ.

კვირკველიას თქმით, ვინაიდან დოპინგტესტის ჩატარების ინიციატორი თავად ფედერაცია იყო, მოჭიდავეებისათვის სანქციების დაწესებაზე გადაწყვეტილებას არა საერთაშორისო გაერთიანება, არამედ, თავად ფედერაცია მიიღებს.

მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი, ზურა კახაბრიშვილი თავად მოჭიდავეებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სპორტსმენებს აკრძალული პრეპარატი არ მიუღიათ. როგორც კახაბრიშვილმა ტელეკომპანია “იმედს” განუცხადა, კითხვები იმან წარმოქმნა, რომ მასიურად ყველას ერთიდაიგივე პრეპარატი აქვს მიღებული.

“სპორტსმენებს რომ ჩავეძიეთ, თუ რა მოხდა, ყველა უარყოფს ამ პრეპარატის მიღებას. იმდენად არასერიოზული პრეპარატია. ამ პრეპარატზე მაქსიმუმი სასჯელი 3-დან 6 თვემდეა. თანაც 2016 წლამდე აკრძალულ პრეპარატთა სიაში არ იყო”, – აცხადებს მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი ექიმი.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ მანუჩარ კვირკველიას განცხადებით, შიდა დოპინგტესტის ჩატარების ინიციატივა მოახლოებულ ოლიმპიადას უკავშირდება.

“შიდა დოპინგტესტი ჩავატარეთ, რათა ყველა მზად ყოფილიყო ოლიპმიადისთვის და არავინ ყოფილიყო რაიმე წამლის ზემოქმედების ქვეშ. ეს ჯერ არ არის საბოლოო პასუხი, ოფიციალური პასუხი ჯერ არ მომსვლია. წერილის მოსვლის შემდეგ, შესაბამისად მოვიქცევით. კომისია შეიკრიბება და დისკვალიფიკაციას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვისაც აკრძალული ნივთიერება აღმოაჩნდება. სპორტსმენს შეუძლია გაასაჩივროს და დაადასტუროს თავისი სიმართლე”, – აცხადებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი.

არსებული ინფორმაციით, აკრძალული პრეპარატების გამოყენებაში ეჭვმიტანილთა შორის უმეტესობა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე პოლიტმატიმართა აქამდე უცნობ სიას გაასაჯაროვებს
შემდეგი სტატია“სარფში” ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს