“ნაციონალური მოძრაობისთვის” საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას მოითხოვენ

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერის ავთენტურობა, რომელშიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ფიგურირებენ, ნათელია.

ცაგარეიშვილის თქმით, არავის ეპარება ეჭვი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დესტაბილიზაციის მოწყობაზე წამსვლელები არიან, რათა პოლიტიკური მდგომარეობა გაიუმჯობესონ.

“რა არის ახლა ამაში გაუგებარი და ახალი, რაც ჩვენ აქამდე არ გაგვიგია?! უბრალოდ, ახლა, ეტყობა მანიაკალიზმის ახალ ფორმაზე გადავიდნენ. ოთხი წლის წინ იყო უკანალში ცოცხი, ახლა არის – უკანალში ჯოხი. ბატონი ცისკარიშვილი ამბობს ამას პირდაპირ, არ ვიგონებ. ბატონი ბობოხიძე ამბობს, რომ მას ერთი გადატრიალება უკვე მოწყობილი აქვს და მეორესაც ჩაიდენს. ეს ბანდა მოთარეშეების, მთავარი ბანდიტის შეკრებილი, რომელიც ახლა გახიზნულია ქვეყნიდან, გეგმავს, როგორც ჩანს, დიდ შეთქმულებას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში.

მისი თქმით, საარჩევნო კოდექსი იძლევა სრულ თავისუფლებას, რომ საქართველოს პროკურატურამ ცესკო-ს მიმართოს და მოითხოვოს ამ ადამიანებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება.

“პროკურატურამ უნდა მოითხოვოს საარჩევნო პროცესიდან მოშორება ამ ნაძირლების, რომლებიც ქვეყნის დაქცევას აპირებენ. რაც არ უნდა იძახონ, რომ არ არის ავთენტური, ეს ასეა და ამაში ეჭვი არ შემაქვს. ვისაც ამის არ სჯერა, ოდესიდან სოლოლაკის ქედამდე გათხრილ გვირაბში უნდა შეყარო და ამოუქოლო აქედან და იქიდან შესასვლელი და იქ იყვნენ”, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრების აუდიოჩანაწერი დღეს გავრცელდა, სადაც თანაგუნდელები არჩევნებისთვის რევოლუციური ფონის შექმნის შესახებ საუბრობენ.

გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება შეთქმულების მუხლით დაიწყო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში კალიფორნიის შტატის კონგრესმენი დანკენ ჰანტერი საქართველოს შესახებ კონგრესის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდამჭერი სიტყვით გამოვიდა
შემდეგი სტატიაკიევში მეტროს მრავალმეტრიანი ბზარი გაჩნდა