„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გატარებული საპოლიციო რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას მოსმენის მიუხედავად, მისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ იყო აუცილებელი ღამის კლუბებში შესვლა.

როგორც ჟურნალისტებს სამადაშვილმა განუცხადა, აღმოჩნდა, რომ შს სამინისტროს საკუთარი მიზნების განსახორციელებლად კლუბში შესვლა რეალურად არ სჭირდებოდა.

„ჩვენი მოქალაქეები საფრთხის ქვეშ რატომ დააყენეს და ქვეყნის იმიჯი რატომ დააზიანეს? ეს გაურკვეველი რჩება. ბევრი სხვა კითხვა გვრჩება. პოლიციამ ამ დღეებში აჩვენა, რომ ისინი მოწოდების სიმაღლეზე არიან და ის საპოლიციო რეფორმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს გატარდა, იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პოლიცია მასზე დაკისრებულ ბევრ ფუნქციას დღესაც წარმატებით ასრულებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა.

მისი თქმით, მიესალმება ყველა ღონისძიებას, რაც პოლიციელების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება, მათ შორის სოციალური პირობების თუ ანაზღაურების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

„თუ რაიმე ღონისძიებები გატარდება იმისთვის, რომ ჩვენი პოლიციელების მუშაობას ხელი შეეწყოს, მათ შორის მათი სოციალური პირობებისა და ანაზღაურების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამას მივესალმებით, მაგრამ ვხედავთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში, ისინი საბიუჯეტო სახსრებს მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ და არა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას
შემდეგი სტატიასასამართლოს გადაწყვეტილებით სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კომპენსაცია უნდა გადაეცეთ