“ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ წინადადებებს სთავაზობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თბილისის მერიას 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ წინადადებებს სთავაზობს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დედაქალაქის მერს შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს.
თბილისის საკრებულოში კი, დღეს სევდია უგრეხელიძისა და ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია გაიმართა. მათ იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელთა განხორციელებაც, მათი აზრით, დედაქალაქის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს გააუმჯობესებს.
კერძოდ, “ერთიანი ნაციონალური მოძარობის” აზრით, დედაქალაქში ეკონომიკის განვითარების, მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების ნაწილობრივი მაინც გადაწყვეტის მიზნით, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პროგრამები:
1. საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მათი თანამშემწეებისთვის, ასევე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, თბილსერვისის ჯგუფის, სინათლის ქალაქის, ასევე თბილისის მერიაში შემავალი კერძო სამართლის იურდიული პირების, ტექნიკური პერსონალისთვის და არა ადმინისტრაციული ფუნქციების განმახორციელებელი პირებისა და მენეჯერებისთვის ხელფასის 20%-ით გაზრდა;
2. 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გაძვირების გამო ფასნამატის კომპენსირება 12 თვის განმავლობაში;
3. მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობა 70 000 სარეიტინგო ქულამდე სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, პედაგოგებისა და სტუდენტებისათვის;
4. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც გადაუდებლად მნიშვნელოვანია საცობების პრობლემების მოგვარებისთვის;
5. იაფი ცხელი წყლითა და გათბობით მოსახლეობის უზრუნველყოფის პროგრამა.
“პიარისთვის დავით ნარმანია თავის თანამშრომელს უხდის 5 625 ლარს ყოველთვიურად, რაც ბაღის ხელმძღვანელის შემთხვევაში ორი წლის ხელფასია. ეს ადამიანი ერთ თვეში იღებს პიარის საწარმოებლად ამ თანხას და რის პიარს აკეთებენ გაუგებარია. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ხელფასების გაზრდა არა მენეჯმენტისთვის, ხელმძღვანელი პირებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის ვინც ყოველდღიურ სამუშაოს ეწევიან”, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მისივე თქმით, მათ მიერ შეთავაზებული პროექტების განსახორციელებლად დაახლოებით 100 მილიონი ლარის გამოყოფაა საჭირო და ეს აბსოლუტურად რეალური შეთავაზებაა. თუმცა “ნაციონალური მოძრაობა” შარშანდელი წლის გამოცდილებიდან გამომდინარე არ ელოდება, რომ დედაქალაქის მთავრობა მათ წინადადებებს გაითვალისწინებს და ასეთ შემთხვევაში თბილისის მერიას ბიუჯეტის განხილვაზე მწვავე შეკითხვებს ჰპირდება.
დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტი თბილისის საკრებულოს განსახილველად 15 ნოემბერს უნდა წარედგინოს.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედროების საშემოსავლო გადასახადებისგან გათავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატია,,საქართველოს ბანკის და ,,მოდულის” თაღლითური გარიგება, მოსახლეობა ბინებს კარგავს”