ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევას სთხოვს

xurcha

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და საქართველოს პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.

 

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა და პარტიის წარმომადგენელმა ბესო წერედიანმა ისაუბრეს.
“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ესაა უმძიმესი დანაშაული, რომელთან მიმართებაშიც სასწრაფოდ კონკრეტული ზომები უნდა გატარდეს. როცა ადამიანებს იტაცებენ, მავთხულხლართებს აბამენ, ჩვენს თანამოქალაქეებს ულუკმაპუროდ ტოვებენ და ახლა უკვე მშვიდობიან მოქალაქესაც კლავენ, ეს თავხედური და სასტიკი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა არაეფექტურია და პრაქტიკულად კრახი განიცადა.

მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. აბსოლუტურად არაადეკვატურია მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა. საჭიროა სწრაფი გამოძიება, რათა ამ დანაშაულში მონაწილე პირები დაისაჯონ.

 

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და არსებულ მდგომარეობაზე საგანგებო მსჯელობა გამართოს.

 

ვხედავთ, რომ ადგილზე პრაქტიკულად არაა საგუშაგოები და იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულიად დაუცველია, თუმცა ივანიშვილის სახლთან მუდმივად მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც სწორედ რუსეთის, ოკუპანტის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს აკავებენ” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ბესო წერედიანმაც და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების სისტემა სრულად მოშლილია.

banner
წინა სტატიაში“სპეცდანიშნულების რაზმის წევრები აღარ აკონტროლებენ საოკუპაციო ზოლს
შემდეგი სტატიადღეიდან უნდა დავიწყოთ ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების ტყვეობიდან გამოსვლის როგორც სამართლებრივი, ასევე საპროტესტო აქციებით სვლა