”ნაციონალური მოძრაობა” ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე კანონპროექტს წარადგენს

მიხეილ მაჭავარიანი: „ამით უნდათ სოლოლაკის მბრძანებელს ასიამოვნონ““

”ნაციონალური მოძრაობა” აპირებს 7 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკუთარი კანონპროექტი გაიტანოს, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.

“ბოლო კვირების განმავლობაში ხელისუფლებისგან საზოგადოება ისმენდა საუბრებს თანამდებობებზე, მინისტრების პოსტებზე და ა.შ. მაგრამ არა ჩვენი მოქალაქეების გაჭირვებაზე. იმ ეკონომიკურ პრობლემებზე, რაშიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი თანამოქალაქეები აღმოჩნდნენ.
პრემიერ-მინისტრმა იანვარში გააკეთა მინიშნება, რომ მთავრობა რეფორმებისთვის მზად იყო, მოგების გადასახადის რეფორმისთვის, მაგრამ ახლა აპრილია და არანაირი რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით გადადგმული არაა”, -განაცხადა მაჭავარიანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ბოლო 4 წელიწადს თუ გადავავლებთ თვალს, ეკონომიკური ზრდა ყველაზე მინიმალურია იანვარ-თებერვალში.
მისივე ინფორმაციით, ეკონომიკა თუ 2012 წლის იანვარ-თებერვალში დაახლოებით 7%-ით გაიზარდა, 2013 წელს 2,4%-ით, 2014 წელს დაახლოებით 7%-ით, 2015-ში დაახლოებით 3%-ით, წელს საქართველოს ეკონომიკა 1,7%-ით გაიზარდა.

”ეს ნიშნავს, რომ სამუშაო ადგილები არ იქმნება, ჩვენი თანამოქალაქეები ღარიბდებიან, პროდუქტი ძვირდება, მსყიდველუნარიანობა კი მცირდება.
საზოგადოებას ახსოვს, რომ “ქართული ოცნება” ძალიან ხშირად საუბრობდა ბავშვი ჯერ დაბადებული არაა და მას უკვე ვალს ახვედრებენო. ამ არაპროფესიონალმა გუნდმა შეძლო, რომ ქვეყანას ყველაზე ცუდი მაჩვენებლისთვის მიეღწია – საქართველოს საგარეო ვალი 2015 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, რეკორდულ ნიშნულზე ავიდა და მან 15 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამხელა ვალი საქართველოს არ ჰქონია.

ჩვენ 7 აპრილს, ვაპირებთ იურიდიულ კომიტეტზე ჩვენი კანონპროექტი გავიტანოთ, რომელიც ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას გულისხმობს. იმედი გვაქვს, რომ მოგების გადასახადის ჩვენეულ ვერსიასაც გავიტანთ პარლამენტის სხდომაზე”, -განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში5-10 აპრილს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი
შემდეგი სტატიატარიელ ფოცხვერია პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება