ნაციონალი ექსდეპუტატების _ ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას ჩინური ოცნება სენაკში!

ნაციონალი ექსდეპუტატების _ ცეზარ ჩოჩელისა და დემურ გადელიას ჩინური ოცნება სენაკში!

13509379_1137156049641228_530308005_o`მესმის, ხალხი მშიერია, მაგრამმეგრელების სირცხვილი იქნება, სამეგრელოს ეს საამაყო ალაგი 400 ლარზე თუ გავყიდეთ!~.

სენაკის მოსახლეობა სოფელ კოტიანეთთან კირქვის მოპოვებას აპროტესტებს

საფრთხე, რომელიც სენაკის მუნიციპალიტეტს ემუქრება!

`ცეზარ ჩოჩელი ჩინელებთან ერთად სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, ცემენტის ქარხნის გახსნას აპირებს, ცემენტის მისაღებად საჭირო კირქვას კი, დაახლოებით 11 კილომეტრში მდებარე სოფელ კოტიანეთთან, თავის დროზე დაკონსერვებული კარიერიდან მოიპოვებენ~, _ ერთი შეხედვით ურიგო სიახლე არაა. ქარხანა აგუგუნდება, მუნიციპალიტეტი გამოცოცხლდება, ხალხი დასაქმდებათუმცა ისევე, როგორც ყველა მედალს, ამ ამბავსაც აქვს მეორე მხარე, რომელიც არც თუ სახარბიელო კი არა, საგანგაშოცაა. ცემენტის ქარხანა, დაკონსერვებული საბადოს გახსნა, ჩინელები… _ გონებაში ინფორმაცია გადალაგდა და ძველი ამბებიც ამოტივტივდა, ისეთები რომლებზეც `ვერსია~ ადრეც წერდა. ყველაფერი ერთად გამახსენდა _ წლების წინ, კასპში ცემენტის ქარხნის ამოქმედება, კარიერის გახსნა, რომელიც დროდადრო მოცულობაში კატასტროფულად გაიზარდა, `ცემენტის მტვერი~ კი, ქარხანაზე შესაბამისი ფილტრების დამონტაჟების შემდეგაც კი, კასპის მკვიდრთათვის საბედისწერო პრობლემად იქცა _ ნათესები დაზიანდა, ადგილობრივებში, განსაკუთრებით ბავშვებში, ჩიყვითა და ალერგიით დაავადებულთა რიცხვმა იმატა. გამახსენდა ექიმების კომენტარები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დაავადებების მომრავლება სწორედ ცემენტის მტვრის გაფრქვევის შედეგია. გონებაში სუფსის ტერმინალიც ამოტივტივდა, რომლის მშენებლობის დროსაც, რაიონი ეკოლოგიური პრობლემების წინაშე დადგა. `ზვარეს~ მინერალური წყლის შემთხვევაც გამახსენდა _ ჩინურ ინვესტიციას და რკინიგზის ლიანდაგის მშენებლობას, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, მინერალური წყლის საბადო ეწირება. ადგილობრივები კი, აპროტესტებენ, რომ მდინარე ზვარულა დაბინძურებულია, დაპირებული სამუშაო ადგილებზე კი, ჩინელები დასაქმდნენ, რომლებიც ინვესტორებმა სოფელში ჩამოასახლეს. ისინი გარემოსაც უდიერად ეპყრობიან _ მდინარეში ნაგავს, პამპერსსა და ჰიგიენურ პაკეტებს ყრიან, სოფლელების ძაღლებსაც წვავენ შამფურებზე, რის გამოც, ადგილობრივებსა და ჩინელებს შორის არაერთი დაპირისპირება უკვე მოხდა. მუშახელად, თითზე ჩამოსათვლელი ქართველიც კი არ აუყვანია არავის

სანამ იმის გარკვევას დავიწყებდი, რა ზემოქმედებას მოახდენს კოტიანეთთან კირქვის მოპოვება და ნოსირში ცემენტის ქარხნის ამოქმედება გარემოსა და ადგილობრივების ჯანმრთელობაზე, ინტერნეტსივრცეში სახალხო მოძრაობა `სამეგრელოს~ ხელმძღვანელის, ზურაბ კვარაცხელიას პროტესტიც `წამომეწია~. კვარაცხელია ამტკიცებს, რომ ჩოჩელის `საუკუნის პროექტით~ პრობლემა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შეექმნება, რომელთა სიუხვითაც სენაკის მუნიციპალიტეტი  გამოირჩევა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მისამართით, ზურაბ კვარაცხელიას მიერ გავრცელებულ მიმართვაში იმაზეცაა საუბარი, რომ კოტიანეთთან, თავის დროზე კირქვის საბადო მნიშვნელოვანი მიზეზის გამო დაიხურა _ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში, ამავე კარიერის გახსნას სოფელ ეკის მკვიდრი, ტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ლაბორატორიის ინჟინერ ლაბორანტი ჯულიეტა ადამია შეეწინააღმდეგა. მან პროცესში ტაშკენტის ლაბორატორიაც ჩართო, რომელმაც კვლევის შედეგად დადო დასკვნა, რომ რელიეფის მრავალფეროვნება და ჰაერის ტეიანონა, ხელს უწყობს მდინარეთა ქსელების სიხშირეს, რის გამოც, ეკის მთა და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. აქ არის ასევე თერმული, მინერალური და კარსტრული მტკნარი წყაროებიც. ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნის მიხედვით, კარიერი და მისი მიმდებარე ტერიტორია ფაქტობრივად დგას ტბაზე და ხელოვნურად, თუნდაც ერთი ლოდის ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, შეიძლება მთაზე ბუნებრივად უმართავი პროცესები დაიწყოს, რაც არამხოლოდ სენაკის რაიონს, არამედ, ზოგადად, კოლხეთის დაბლობსაც კი დააზარალებს.

ეს ინფორმაცია და ერთი ზარი ადგილობრივ მოსახლესთან, მისი გულისტკივილი, ეკის მთა და სამეგრელოს სიმდიდრე თავზე გვექცევაო, საკმარისი მიზეზი იყო იმისთვის `ვერსიას~ ჟურნალისტური მოკვლევა და იმის გარკვევა დაეწყო, აგუგუნებული ქარხნისა და დასაქმებული ადგილობრივების მიღმა, რას `გულისხმობს~ ჩოჩელის პროექტი, რა საფრთხეებს შეიცავს და მართლაც ემუქრება თუ არა სენაკის მუნიციპალიტეტს, კოლხეთის დაბლობს, ეკოლოგიური საფრთხე.

გაგონილს ნანახი სჯობსო, ნათქვამია. ძველი სენაკი, კოტიანეთი, შრომისკარი, ეკი, სადრამომ, ნოსირი, ნოქალაქევი… ფეხდაფეხ მოვიარეთ ყველა ადგილი, რომელთანაც კირქვის კარიერი ახლოსაა. შევხვდით ადგილობრივებს, რომლებიც გასაგები მიზეზების გამო, ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებენ (ამიტომ, სტატიაში მათი სახელები შეცვლილია), დაკონსერვებული საბადოს გახსნას აპროტესტებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამ გაჭირვების დროს, მათთვის დასაქმება მნიშვნელოვანია. ამინდმაც ხელი შეგვიწყო და ყველა მნიშვნელოვანი ადგილის ფოტომასალა შევაგროვეთ… წარმოდგენის უკეთ შესაქმნელად კი, სპეციალურ რეპორტაჟს გთავაზობთ. ვეცდებით, ჩვენთან ერთად გაგატაროთ გზა, რომელიც `ვერსიამ~ ჟურნალისტური გამოძიების პირველ ეტაპზე, თბილისიდან სამეგრელომდე გაიარა.

 

თუ საქართველოში ერთი ადამიანი მაინცაა დარჩენილი, ვისაც სამეგრელო, კერძოდ სენაკის მუნიციპალიტეტი არ უნახავს, გურამ დოჩანაშვილის სტილით რომ ვთქვათ, ნამდვილი `მისალოცია~ _ მეგრული კოხტა ოდები, ისე საგულდაგულოდ მოვლილი ეზოები, მეგრელებს რომ ახასიათებთ, საოცარი ბუნება და სიმწვანეში ჩაფლული, არაერთი ძეგლი, რომელთა დიდი ნაწილიც, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.

სენაკში სხვა ძეგლებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე საამაყო, შხეფის ციხეა _ მთაზე შემდგარი, შუასაუკუნეების ციხე, რომლის ორი კოშკი და გალავანი, კარგადაა შემონახული. გადმოცემით, შხეფის ციხეს ხშირად საპატიო პატიმართა საპყრობილედ იყენებდნენ. აქ გარდაიცვალა ტყვეობაში იმერეთის მეფე ლევანი. ასეთი ციხით ნებისმიერი ნორმალური იამაყებდა. მოაწესრიგებდა, ტურისტებისთვის ტურებს დანიშნავდა და ქვეყნის ბიუჯეტს, შესაბამისად, თითოეულ მოქალაქესაც ახეირებდა, მაგრამ საქართველოში ხომ, ხშირად ხდება ყველაფერი პირიქით…

შხეფის ციხეს გაცდებით და შორი გზა არ გაშორებთ იმ ადგილს, საიდანაც, კოტიანეთის გადასახვევი იწყება. `კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქეთ შეუხვიეთ და გზას პირდაპირ გაუყევით, ბაბუ~, _ არ გვიცნობს, მაგრამ თბილად გვიღიმის კოხტად ჩაცმული სენაკელი ბაბუ. კოტიანეთისკენ უკვე ცუდი გზა მიდის. ამ გზას, არც ახლანდელი, არც წინა და არც იმის წინა ხელისუფლების ხელი ეტყობა. საარჩევნოდაც მივიწყებული მგონია ეს სოფელი და ვინტერესდები რამდენი კომლი ცხოვრობს. კიდევ ერთი ბაბუ ველოსიპედით მოსეირნობს, ვეკითხებით, რამდენი მოსახლეა სოფელში, 300 კომლამდე იქნებაო, გვპასუხობს.

კირქვის საბადოსკენ მიმავალი გზის ორივე მხარეს მეგრული ოდები, კარმიდამოები და ნარგავებია. სადაც სახლები არაა, უზარმაზარი ხეები დგას. ყველაფერი მწვანეა. ნათესები მოვლილია. ზოგან ადგილობრივები ფუსფუსებენ. რამდენიმე ეზოში ველოსიპედი შევნიშნე. ყვარებიათ მეგრელებს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, რომელიც გამონაბოლქვით არ აზიანებს გარემოს. გამონაბოლქვზე ისევ კირქვა-ცემენტის მტვერი მახსენდება. ალბათ ეს ის გზაა, საიდანაც კირქვა ქარხნამდე უნდა ატარონ სატვირთო მანქანებით. უცებ წარმოვიდგინე რა ელოდება წლების განმავლობაში ამ სიმწვანეს _ ნათესები განადგურდება, ხეების ფოთლებს მონაცრისფრო მტვერი დაედება, წყალი დაბინძურდება…  ემოციური სენტიმენტებისგან მაშინ ვერკვევი, როცა პატარა ხიდს ვუახლოვდებით და მის გვერდით, ჩამოშლილ მთას ვამჩნევ. ესეც კირქვის საბადოა ალბათ, ვფიქრობ, მაგრამ რუკა გვაჩვენებს, რომ ჩვენი დანიშნულების წერტილი დაახლოებით ერთ კილომეტრშია. ჩამოშლილი მთის წინ დიდი მდელოა, პირუტყვშეფენილი. აშკარაა, ამ მდელოს ადგილობრივები საძოვრად იყენებენ. დაახლოებით 500 მეტრში გზა იყოფა. მარჯვნივ კიდევ ერთი პატარა ხიდია, ხიდის წინ ახალაშენებული თუ ახლადგარემონტებული პატარა შენობა. ეზოში ცემენტის ტომრები ყრია და რამდენიმე კაცი მუშაობს. ვუახლოვდებით. კარიერის შესახებ ვეკითხებით და ვცდილობთ, მათი განწყობა გავიგოთ: `ამ ხიდზე გადახვალთ, პირდაპირ ივლით და ჩინელების კარიერთან მიხვალთ. არავინ არაა ჯერ იქ. არ მუშაობენ. ამბობენ, მალე ჩამოვლენო. ამ შენობაში უნდა იცხოვრონ. კიდევ რამდენიმე შენობა აქვთ არჩეული და ალბათ იქაც შესახლდებიან~, _ გვიხსნის ერთ-ერთი და კითხვაზე, კი მაგრამ რამდენი ჩინელი აპირებს ჩამოსვლას, შენობებს რომ იმზადებენ-თქო, მხრების აჩეჩვით მპასუხობს. `რა ვიცი, ამბობენ, ადგილობრივებს დავასაქმებთო, მაგრამ მგონი იმდენი ჩინელი ჩამოვა, ჩვენი სამუშაო ადგილი აღარ იქნება~, _ საუბარში მეორე ადგილობრივი ერთვება, პირობითად, თამაზი. თამაზი ცდილობს პატივი გვცეს და ჩვენთან ერთად მოდის, გვპირდება, გიდის ფუნქციას შევითავსებო. გზად ხალხის განწყობაზე ვსაუბრობთ: `იყვნენ უკვე ჩინელები აქ. სინჯები აიღეს. ბურღეს რაღაცები და წავიდნენ. ამბობენ, ქარხანა თვის ბოლოს უნდა გახსნანო. აქ ხალხს უხარია, იქნებ რამე გვეშველოს და დავსაქმდეთო, მაგრამ თან ეშინიათ. ამბობენ, აგერ, ჩვენი მთავრობები გვპირდებიან დასაქმებას და დაპირებას არ ასრულებენ და რომ მოგვატყუონ, ამ ჩინელებს რა პასუხი მოვთხოვოთო. ჩინელები ამბობენ, 500 კაცს საბადოზე, 800 კაცს კი ქარხანაში დავასაქმებთო, მაგრამ ხომ შეიძლება ასე არ მოხდეს? თანაც, ხალხი იმაზეც ფიქრობს, ბუნება არ დააზიანონ. გვეშინია, იმ მთას რომ მოხსნიან, რამე პრობლემები არ შეიქმნას. სხვათაშორის, სანამ გზაგასაყარზე გადმოუხვევდით, მდელოს წინ, კიდევ იყო ერთი საბადო. ეგ საბადოც დალუქული იყო, მერე `ოცნების~ კაცმა, დემურ გადელიამ გახსნა, მაგრამ 2 წლის წინ დაახურინეს _ დავით ლომიტაშვილი იყო ამოსული და თქვა, მთაზე, რომელზეც კარიერია, მეექვსე საუკუნის ციხის ნანგრევებია და ეს ციხე შხეფის ციხესთან და ნოქალაქევთანაა დაკავშირებულიო. ამის მერე კულტურის სამინისტრომ დაახურინა გადელიას კარიერი. ახლა აქეთ იწყებენ კირქვის მოპოვებას. თავიდან მეგონა, ისევ გადელიასი იყო, მაგრამ ჩოჩელისაა და ჩინელები მოყავსო, გავიგეთ. ამ ჩინელების ჩამოსახლებაც არ გვინდა. ქარხანაც აქვე უნდოდათ აეშენებინათ, მაგრამ არ მივეცით უფლება, მიწები არ მივყიდეთ~.

თამაზმა ისიც აგვიხსნა, რომ კარიერიდან პატარა გზის გაკეთებას აპირებენ ცენტრალურ ტრასამდე, რომ სატვირთო მანქანებით პირდაპირ დასახლებაში არ იარონ. ალბათ ეს გადაწყვეტილება უფრო სათავისოდ მიიღეს _ გზა დაიმოკლეს, თორემ, ცენტრალური გზიდან ნოსირამდეც თითქმის მთელი გზის გაყოლებაზე მოსახლეების სახლებია და, როგორც ჩანს, არავის უფიქრია, რომ კირქვის მტვერი მათ ნარგავებს, წყალს, ჯანმრთელობასაც შეუქმნის საფრთხეს.

მთას ვუახლოვდებით. თამაზი მთის ძირში, ოდნავ ამოთხრილ კირქვას ადებს ხელს, მე კი გაოცებას ვერ ვფარავ _ ესაა კარიერი? კიო, მპასუხობს და მიხსნის, რომ აქ ჯერჯერობით მხოლოდ სინჯია აღებული. სინჯები, რამდენიმე კვირის წინ, მთის გაყოლებაზე, 3 კილომეტრის მანძილზე აიღეს. აი, ესაა მთა, რომელსაც პატარა ქედსაც თამამად ვუწოდებთ. რომლის გადაღმაც ნოქალაქევი, ცოტა ქვემოთ ეკია, სადაც ასევეა კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები, იქვეა საადამიო, სადაც არც ისე დიდი ხნის წინ უნიკალური მღვიმეები აღმოაჩინეს. ამ მღვიმეებს, ზოგი ადგილობრივი `მეორე სათაფლიასაც~ უწოდებს და იქ, ქართველებთან ერთად, უცხოელი სპეციალისტები კვლევებს დღემდე აგრძელებენ. მთას ერთი მხრიდან თუ მოხსნი, ლოგიკურად, პრობლემა მეორე მხარესაც შეექმნება _ ვფიქრობ და ტაშკენტის ლაბორატორიის დასკვნა მახსენდება _ `მთა წყალზე დგას, ერთი ლოდის ჩამოშლასაც კი, შეიძლება კატასტროფა მოყვეს და პრობლემა, მთელ კოლხეთის დაბლობს შეექმნას…~

მთა რომ წყალზე დგას, ამას უკვე ჯემალი (სახელი აქაც შეცვლილია) გვიდასტურებს, რომელიც კარიერიდან დაახლოებით 400 მეტრში ცხოვრობს. ამბობს, რომ აქ, კარიერის ახლომახლო, დაახლოებით 30 კომლია. სასმელად ჭის წყალს იყენებენ, თუმცა წყაროებიც აქვთ: `აგერ ორი წყარო ჩამოდის. ერთი კი, არც ისე დიდი ხნის წინ,  ეზოსთან აღმოვაჩინე. წერაქვი დავკარი და წყალმა ამოჩქეფა. მიწისქვეშა წყლებიც ძალიან ბევრია. მახსოვს, 70-იან წლებში, ბავშვი ვიყავი, გეოლოგები იყვნენ ჩამოსულები, რაღაცებს აფეთქებდნენ და ასე თქვეს, ქვევით წყალი ისე მიედინება, როგორც ტეხურაო. ისიც მახსოვს, ადრე აქ პროფესორები ჩამოვიდნენ. 7 მიწისქვეშა წყლის სინჯი აიღეს და აღმოჩნდა, შვიდივეს სხვადასხვა შემადგენლობა ჰქონდა. პროფესორები იმასაც კი ამბობდნენ, ეს ისეთი წყლებია, რომ მივხედოთ, კურორტ `მენჯსაც~ კი ფასი დაეკარგებაო~. 

13523827_1137156116307888_1363409328_o

ბატონი ჯემალი იმასაც გვიმხელს, რომ მთის ბურღვისას, ჩინელებმა ერთ-ერთ წყაროს, რომელსაც ადგილობრივები სასმელადაც იყენებდნენ, მიწა და ნაგავი მიაყარეს, რის შემდეგაც წყარო ხშირად შრება: `აგერ, მობრძანდით. ეს წყალი ადრე კამკამა იყო. ახლა ხედავთ, ქვა-ღორღითაა ჩახერგილი. მიწას და ნაგავს რომ აყრიდნენ, გამოვედი, მაგრამ ხმა ამოვიღე თუ არა, შენ ვინ გეკითხებაო, მითხრეს. ასეთივე პასუხი გამცეს, როცა ვიკითხე, კარიარიდან ყურისძირში ვინც ვცხოვრობთ, მთას რომ მოშლით, რა გველის-თქო? მითხრეს, მთავრობიდან გვაქვს ნებართვა და თქვენ არაფერში გეხებით, აქედან მარტო ქვას ავიღებთ და ქარხანაში წავიღებთო. არანაირი შემოსავალი არ მაქვს. იმედი მაქვს დაგვასაქმებენ და ორი კაპიკი გაჩნდება, მაგრამ ამ ბუნებას რა ეშველება? ან რა გარანტია გვაქვს, რომ ჩოჩელი და ჩინელები დანაპირებს შეასრულებენ? რომ არ დაგვასაქმონ, პასუხი ვის მოვთხოვოთ? შეიძლება ამ ჩოჩელის უკანაც ვიღაც დგას. შეიძლება, გადელიას ის კარიერი რომ დაუხურეს, გამწარდა და ჩოჩელი მაგან შემოიყვანა აქ და ისევ ეგ იყოს ყველაფრის თავი და თავი. არ გაძღა ეს გადელია არაფრით. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება და ძალიან ვნერვიულობთ. ასე თუ დაგვიბინძურეს წყალი და გარემო, რა გვეშველება? ან საქონელი სად უნდა გავუშვათ საბალახოდ მერე?~

`ჯერ კირქვის მოპოვება არ დაუწყიათ და გარემო უკვე დააზარალეს~, _ ფიქრებიდან ისევ ადგილობრივი ჯემალი მაფხიზლებს, ჩახერგილ და თითქმის დამშრალ წყაროსთან, აცრემლებული დგას და ემოციებს მაშინაც ვერ ერევა, როცა ერთი დიდი ხის მოჭრის ამბავს გვიამბობს. აქ ყველა ხე, შვილებივით გვყავს გამოზრდილიო, _ ამბობს და გვიმხელს, რომ კოტიანეთელები, ბუნების გამო, ძალიან ნერვიულობენ. გაურკვევლობაში არიან, ვეღარ გაუგიათ, გაუხარდეთ კარიერის ამოქმედება სავარაუდო სამუშაო ადგილების გამო თუ ეკოლოგიური ზარალის გამო, სერიოზულად აღუდგნენ წინ ამ პროექტს.

ნერვიულობა, როგორც ჩანს, მთის გადაღმა, ეკისა და შრომისკარის მოსახლეობისთვისაც არაა უცხო _ კოტიანელები ამბობენ, რომ მთის იქითა სოფლებში მაცხოვრებლები, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კარიერის გახსნას. დამშვიდობებისას იმედს გამოთქვამენ, რომ ხელისუფლება და ინვესტორი, ბიზნესინტერესებს სამეგრელოს საამაყო ადგილს არ შესწირავს.

მთის გადაღმა მაცხოვრებლების აზრის გასაგებად, მთავარი გზით, ქედს გარშემო ვუვლით. მოკლე მანძილით მგზავრობას ვცდილობთ, გვინდა ფართო წყლის ტბამდე მანქანით მივიდეთ, მაგრამ უგზოობის გამო, ეს შეუძლებელი ხდება. ისევ ცენტრალურ ტრასაზე ვბრუნდებით, გზად კიდევ რამდენიმე მაცხოვრებელს ვესაუბრებით, რომლებიც სენაკში ჩინელების ჩამოსახლებას ეწინააღმდეგებიან. ყველა ეროვნების ადამიანს პატივს ვცემთ, მაგრამ აქ ბევრი ჩინელი რომ ჩამოვიდეს, არ გვესიამოვნებაო, _ ამბობენ. ძველ სენაკში ახლა უკვე ეკის მიმართულებით გადასახვევს ვეძებთ. გზად ახალმოწამეთა სახელობის ტაძარი გვხვდება. ეკის შესახვევში კი, დიდი ტრაფარეტი ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსის მოახლოებას გვაუწყებს. ეს სწორედ ის ეკლესიაა, რომელიც `კარიერის მთაზე~, ოღონდ სხვა მხრიდან მდებარეობს. მონასტერი სიმწვანეშია ჩაფლული. ისიც იმ ძეგლების რიცხვშია, რომელსაც კარიერისა და ქარხნის ამოქმედებისას, შესაძლოა საფრთხე დაემუქროს.

სოფელ ეკის მხრიდან, ქედის მიმართულებით, საოცარი ხედი იშლება. თითქოს აქ ბუნებას, ადამიანის ხელი არ შეხებია. თავში ერთადერთი აზრი მიტრიალებს _ ალბათ ასეთია სამოთხე დედამიწაზე. აქ შედარებით სიმშვიდეა, კირქვა-ცემენტის კვალი და მთაზე სინჯები არსად ჩანს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კოტიანეთთან კარიერის ამოქმედების გამო, აქაურებიც ნერვიულობენ. მეტიც, მათ დასაქმების `ცდუნებაც~ არ აქვთ და მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, ამ დალოცვილ ბუნებას და უძველეს ძეგლებს რა ბედი ეწევათ.

`ჩოჩელის პროექტს~ ეწინააღმდეგება ეკის მკვიდრი ქალბატონი ლალიც. მეტიც, ის სკანდალურ ინფორმაციას გვაწვდის _ მისი თქმით, ხალხის სურვილი ჩოჩელის პროექტს შეწინააღმდეგებოდნენ, ბიზნესმენმა მოქრთამვით ჩაკლა: `არ გვინდა, კარიერი ამოქმედდეს. ამ მთის ქვეშ, უამრავი მიწისქვეშა და თერმული წყალია. აფეთქების ან ბურღვის დროს, შეიძლება წყალი შეგუბდეს, ამოხეთქოს და დავიტბოროთ. ერთი პატარა მდინარე გვეგონა ვერე, მაგრამ გარემოზე უხეში ჩარევის შედეგად, ხომ ვნახეთ რა ტრაგედია  დაატრიალა. აქ კი, წყლების დიდი მარაგია და შეიძლება იგივე მოხდეს. სენაკის მოსახლეობას წარმოდგენა არ აქვს, რა გველოდება. შეიძლება უბედურება დატრიალდეს. ამ ქედზე მე-6 საუკუნის, უნიკალური, იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსია, რომელიც სენაკის ნებისმიერი შემოსასავლელიდან ჩანს. არ შეიძლება ასეთი ტაძრის დანგრევა, არადა, შესაძლოა, დაინგრეს. ამის 1%-იც თუ არსებობს, ხალხი წინ უნდა აღვუდგეთ. ხელისუფლებამ ეს არ უნდა დაუშვას! მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს. ეტყობა გამგეობა და საკრებულო, ჩოჩელთან და ინვესტორებთანაა შეკრული. ხალხიც ჩუმადაა _ ზოგს ინფორმაცია არ აქვს, ზოგს ეშინია, ზოგს კი… ძალიან მიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ როგორც შევიტყვე, ჩოჩელმა 400-400 ლარი ჩამოურიგა, ხმა არ ამოიღოთ და არ გააპროტესტოთ კარიერის ამოქმედება და ქარხნის მშენებლობაო. მესმის, ხალხი მშიერია, მაგრამ… მეგრელების სირცხვილი იქნება, სამეგრელოს ეს ულამაზესი და საამაყო ადგილი, 400 ლარზე თუ გავყიდეთ!~.

400 ლარი და დასაქმების პერსპექტივა _ დიდი ცდუნებაა მათთვის, ვისაც კუჭის პრობლემა უდგას. მათთან მაღალ მატერიებზე, ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაზე საუბარიც რთულია, მითუმეტეს, როცა დადასტურებით მათ არავინ ეუბნება, რა საფრთხის წინაშე დადგებიან. სამაგიეროდ, ეუბნებიან, რომ ივნისის თვის ბოლოს, კოტიანეთიდან დაახლოებით 11 კილომეტრში, სოფელ ნოსირში, ცემენტის ქარხანა გაიხსნება. კოტიანეთში ხალხი ნერვიულობს, მაგრამ მაინც ცხოვრობს უახლოეს მომავალში დასაქმების იმედით. `ვერსიის~ რეპორტაჟის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პასაჟი კი ის იქნება, რომ მათ, იმედი უნდა გავუცრუოთ. ამის საფუძველს ის ვითარება გვაძლევს, რაც სოფელ ნოსირში დაგვხვდა. 57 ჰა მიწის ფართობზე, სადაც თვის ბოლოს ქარხანა უნდა გაიხსნას, არაფერია, ძველისძველი ქარხნის ნანგრევების გარდა. ნანგრევებიცაა და ნანგრევებიც _ რამდენიმე ბოძი, არც სახურავი, მხოლოდ უნდა ივარაუდო, რომ აქ ოდესღაც შენობა იდგა. ჩინელების მიერ ნაყიდ უზარმაზარ ტერიტორიას ღობეც კი არ აქვს შემოვლებული. აქ არც არანაირი სამუშაოები მიდის. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ბლეფს ჰგავს _ ხმების მისაღებად ხალხში უაზრო იმედს სახავენ. ალბათ, ტერიტორიის წინ, ქარხნის მაკეტგამოსახულ ბანერს დადგამენ, მთავრობის წევრებსაც მოიწვევენ და იტყვიან, მომავალში აქ უნდა იყოს ცემენტის ქარხანაო. ასე გახსნილი და აგუგუნებული ქარხნები, წინა ხელისუფლების დროს, უხვად ვნახეთ და სცენარი ალბათ დღესაც იდენტურია.  ჩოჩელ-ჩინელების ტერიტორიის შესასვლელთან, რესტორანია. როგორც ჩანს,  სტუმრებს არ უჩივის _ იქ სასადილოდ შესული ადგილობრივი გვხვდება. ვეკითხებით, რაიმე ხომ არ გვეშლება, სადაა ქარხანა, ერთ თვეში გახსნას რომ უპირებენ? ჩვენი კითხვა სასაცილოდ არ ჰყოფნით. ერთი ენაწყლიანი მეგრელი წინ მიგვიძღვის და გზის იქითაც გვაჩვენებს ტერიტორიებს, რომელიც ჩინელებს ასევე უყიდიათ. ამხელა მიწები კი, მისი თმით, იმისთვის ჭირდებათ, რომ აქ ჩინური ქალაქი `დააარსონ~: `57 ჰა მიწა აქვს ნაყიდი ჩოჩელს. ამბობენ, აჩუქესო. ჩოჩელმა კი, ჩინელები შემოიყვანა. რამდენიმე ჩინელი უკვე ჩამოსულია, ქირით ცხოვრობენ. მოდიან ხოლმე აქ. დახედავენ. გაბურღეს, აინტერესებდათ, ნიადაგი რამდენად მყარია. ქარხნისთვის არა, აქ მაღალი შენობები უნდა წამოჭიმონ. საავადმყოფო, სკოლა, სახლები. ჩინური დასახლება იქნებაო ჩვეულებრივი, ხალხი ამბობს. იმ ქარხანას იმისთვის აშენებენ, თავისი ცემენტით ააშენონ ჩინური ქალაქი. ამ ადგილს ლიანდაგიც უდგება. იქით კი, გადელიას წარმოებაა. ნახევარი სენაკი აქვს ნაყიდი მაგ გადელიას. მარტვილელია, მაგრამ სენაკი მოუნდა _ სენაკი დიდია და დიდი ფული კეთდება აქ. სამეგრელოში გადელიამ შეინარჩუნა მარტო ქარხანა არეულობის დროს. მდინარეც კი აქვს ლამის ნაყიდი. აი, ამ ჩოჩელს კი, რა უნდა, არ ვიცი. ამ რესტორნის მეპატრონესაც ელაპარაკებიან, 1,5 მილიონ ლარად მოგვყიდე რესტორანიო. ხალხს არ უნდა ჩინელები. მუშაობა კი უნდათ, მაგრამ რა ვიცი, დაასაქმებენ?~

ისე დაასაქმებენ, როგორც ზვარეში, _ დასკვნებს უკვე ნოქალაქევისკენ მიმავალ გზაზე ვაკეთებ. ციხე-გოჯი სენაკში `ვერსიის~ ბოლო გაჩერებაა. მუზეუმში ბილეთებს ვყიდულობთ _ ისტორიული ციხე-ქალაქის ეზოში სხვაგვარად ვერ შეხვალ. რამდენიმე ტურისტი ფოტოებს იღებს. აღფრთოვანება ეტყობათ. სხვა ემოცია აქ არც გაგიჩნდება _ აქ ადრე მნიშვნელოვანი ქალაქი იყო. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას არქეოპოლისად მოიხსენიებდნენ. ადრინდელ ქართულ ქრონიკებში კი, მას ციხეგოჯს (ქიჯის ციხეს) უწოდებენ.

სავარაუდოდ, ნოქალაქევის ტერიტორიაზე მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ულამაზესი ეზო, ქალაქის ნანგრევებით, 2 კოშკით, გალავნითა და ადრინდელი ფეოდალური ხანის მცირე ზომის დარბაზული ეკლესიით, ტურისტული თვალსაზრისით, ქვეყნის და სამეგრელოს, სიამაყეა. სიამაყე, რომელსაც, მხოლოდ შესასვლელში დაცვის პოლიციის დაყენებით და ბილეთების გაყიდვით ვერ დაიცავ. ეს სახელმწიფო დონეზე უნდა წყდებოდეს და ნოქალაქევის ეზოში შემოსულებს, ეკლესიის გვერდით, მაცხოვრებლის სახლი, საპირფარეშო და ეზოსთან მიბმული პირუტყვი არ უნდა ხვდებოდეს. ეს კიდევ ერთი პრობლემაა, რომელიც აქ დაგვხვდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, ამ ეზოში მაცხოვრებელმა, გასახლებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა მოითხოვა, სახელმწიფოს კი, როგორც ჩანს _ ნოქალაქევის სიწმინდის დაცვა, ამ თანხად არ უღირს. ზოგადად, ალბათ ციხე-გოჯის დაცვაც არ გვიღირს, აბა სხვაგვარად როგორ ავხსნათ ის, რომ ციხე-ქალაქიდან ყურის ძირში, დაახლოებით ორიოდ კილომეტრზე, კირქვის მოპოვება და ცემენტის წარმოება იწყება?

ციხე-გოჯი თავის დროზე, 2 წლის წინ დახურული კარიერის მთაზე მდებარე ციხეს, შემდეგ კი, შხეფის ციხეს უკავშირდებოდა. ეს ერთ კომპლექსად აღიქმება. მთა კი, რომელზეც კირქვის წარმოებას იწყებენ, ამ სამ ძეგლს შორისაა მოქცეული. ამ ფონზე, ლოგიკაში არ ჯდება _ თუკი, ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ერთი კარიერი დაახურინა, ერთ კილომეტრში მეორე კარიერის გახსნაზე რატომ გასცეს ნებართვა? რატომ გადასცეს მიწის ფართობი და ძველი ბეტონის ქარხნის შენობა ცეზარ ჩოჩელს? რა ინტერესი აქვს ამ ბიზნესმენს? რა ინტერესი აქვთ ჩინელებს? მართლა აპირებენ თუ არა ნოსირში `ჩინური ქალაქის~ გაშენებას? რა ზემოქმედებას მოახდენს კარიერის გახსნა გარემოზე? დაბინძურდება თუ არა წყაროები და მიწისქვეშა წყლები, რომლებსაც ადგილობრივები სასმელად იყენებენ? რა გავლენას მოახდენს კირქვა-ცემენტის მტვერი ადგილობრივების ჯანმრთელობაზე? მთაზე კირქვის მოპოვებითი სამუშაოების წარმოება, დააზარალებს თუ არა მიმდებარე სოფლებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, საადამიოსთან აღმოჩენილ უნიკალურ მღვიმეებს?…

ს კითხვები ადგილობრივებსაც აწუხებთ. ამიტომაა, რომ ისინი სამთავრობო კომისიის შექმნას და სენაკში ვითარების ხელახლა შესწავლას ითხოვენ. მათი თქმით, აუცილებელია ყველანაირი სამუშაოები შეწყდეს მანამ, სანამ არ გაქარწყლდება ყველა ეჭვი, გარემოზე, ძეგლებზე და მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ზემოქდემების თაობაზე.

სამეგრელოდან დაბრუნების შემდეგ, ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში,  `ვერსია~ არაერთ კომპეტენტურ პირს ესაუბრა. გამოვითხოვეთ სხვადასხვა უწყებიდან შესაბამისი დოკუმენტები, ჩავწერეთ ინტერვიუები კომპეტენტურ პირებთან… და სანამ ცეზარ ჩოჩელი, ცემენტის ქარხანას ტროას ცხენივით გამოიყენებს და სენაკში ჩინელებს შემოაპარებს, გაზეთის მომდევნო ნომრებში, `ვერსია~ ყველა ამ კითხვაზე პასუხს შემოგთავაზებთ იმედით, რომ ხელისუფლება, ქვეყნის ულამაზეს, უნიკალურ და ტურისტული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს ადგილს, კონკრეტული ბიზნესმენების ინტერესებს არ შეწირავს.

გაზეთი `ვერსია“

 

banner
წინა სტატიაშიფლორიდაში დაიჭირეს ალიგატორი, რომელიც “დისნეილენდში” ბავშვს დაესხა თავს
შემდეგი სტატიამთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო შეიქმნა